Baby Bag

მიხეილ ჩხენკელი: „გრიფირების პროცესში მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან“

მიხეილ ჩხენკელი: „გრიფირების პროცესში მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან“

სასკოლო სახელმძღვანელოებთან დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა დიდი იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესში მოსწავლეთა მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან, რისი შესაძლებლობაც სამინისტრომ მათ კანონით მისცა.

„სახელმძღვანელოების გრიფირება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მე-9 კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი, რომელშიც ჩავრთავთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, მშობლებს. ამისთვის შეიქმნა ელექტრონული პორტალი, სადაც ყველას შეეძლება საკუთარი აზრის გამოხატვა. დიდი იმედი მაქვს, რომ მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროცესში. მათ ექნებათ საშუალება, გაეცნონ გრიფირებისათვის წარმოდგენილი სახელმძღვანელოების მაკეტებს და გააკეთოთ თავიანთი კომენტარი.

დამერწმუნეთ, რომ ჩვენ ძალიან დეტალურად წავიკითხავთ საზოგადოების, მშობლების მოსაზრებებს. მართალია, ჩვენ გვყავს საექსპერტო კომისიები, რომლებიც ყველა სიტყვას აწონიან, რაც არის სახელმძღვანელოში, მაგრამ მშობლების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

აღსანიშნავია, რომ გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა მიმდინარე წლის გაზაფხულიდან გააქტიურდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

საქართველოს მთავრობის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებები

საქართველოს მთავრობის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებები
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით, კვების ობიექტების მუშაობა ხვალიდან ერთი საათით გახანგრძლივდება და ისინი 22:00 საათის ნაცვლად, მუშაობას 23:00 საათამდე შეძლებენ; იხსნება კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა და მათი ჩატარება შესაძლებელი იქნება რეგულაციების დაცვით, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე დაიშვება მაყურებლის 33%, სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით, 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტის ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტის უარყოფით პასუხით, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გადატანის დამადასტურებელი ცნობით.

საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესზე და მიიღო გადაწყვეტილება, აცრების ინტენსივობის გაზრდისა და ვაქცინაციაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მობილური ბრიგადები გაიგზავნოს რეგიონებში, სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში, რათა აცრის მსურველ მოქალაქეებს მათ სერვისი ადგილზე მიაწოდონ.

ამასთან, შესაბამისი უწყებების მხრიდან კვლავ გაგრძელდება დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ატარონ პირბადე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, დაიცვან სოციალური დისტანცია და ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

როგორც ცნობილია, ქვეყანაში არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინები - „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „სინოვაკი“, „სინოფარმი“. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ 1-ელ ოქტომბერს, ქვეყანაში დამატებით შემოვიდა 1 მილიონი დოზა „სინოფარმი“.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 621 420 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 593 153 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 9 110 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 34 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 597 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4 025 პირი.

წაიკითხეთ სრულად