Baby Bag

მიხეილ ჩხენკელი: „გრიფირების პროცესში მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან“

მიხეილ ჩხენკელი: „გრიფირების პროცესში მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან“

სასკოლო სახელმძღვანელოებთან დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა დიდი იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესში მოსწავლეთა მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან, რისი შესაძლებლობაც სამინისტრომ მათ კანონით მისცა.

„სახელმძღვანელოების გრიფირება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მე-9 კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი, რომელშიც ჩავრთავთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, მშობლებს. ამისთვის შეიქმნა ელექტრონული პორტალი, სადაც ყველას შეეძლება საკუთარი აზრის გამოხატვა. დიდი იმედი მაქვს, რომ მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროცესში. მათ ექნებათ საშუალება, გაეცნონ გრიფირებისათვის წარმოდგენილი სახელმძღვანელოების მაკეტებს და გააკეთოთ თავიანთი კომენტარი.

დამერწმუნეთ, რომ ჩვენ ძალიან დეტალურად წავიკითხავთ საზოგადოების, მშობლების მოსაზრებებს. მართალია, ჩვენ გვყავს საექსპერტო კომისიები, რომლებიც ყველა სიტყვას აწონიან, რაც არის სახელმძღვანელოში, მაგრამ მშობლების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

აღსანიშნავია, რომ გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა მიმდინარე წლის გაზაფხულიდან გააქტიურდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ არ გამოეთიშა პედაგოგობის მსურველი საგამოცდო პროცესს - „კადრს მიღმა“ დარჩენილი ერთი ისტორია

როგორ არ გამოეთიშა პედაგოგობის მსურველი საგამოცდო პროცესს - „კადრს მიღმა“ დარჩენილი ერთი ისტორია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თეიკო ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში მასწავლებლობის მსურველთა გამოცდაზე დღეს მომხდარი დასამახსოვრებელი ამბის შესახებ წერს. მისი თქმით, ერთ-ერთ პედაგოგობის მსურველს საგამოცდო ცენტრი აერია, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა.

​„ოდესმე აუცილებლად დავწერ იმ ისტორიებს, რომლებიც „კადრს მიღმა“ რჩება. დავწერ იმაზე, თუ როგორი უპირობო ერთგულებაა იმ ადამიანებში, რომლებიც საგამოცდო პროცესის მონაწილეები არიან. როგორი პროფესიული სიყვარულით, პატივისცემით აკეთებენ თავიანთ საქმეს.

ყველაზე რთული და თავისებურად ამაღელვებელი მომენტია, როდესაც რეგისტრაციის დასრულებამდე და გამოცდის დაწყებამდე მხოლოდ რამდენიმე წუთი რჩება. ყველა მობილიზებულია. თანამშრომლები გარეთ გადიან, რომ გვიან მოსული ცენტრში რაც შეიძლება მალე შემოიყვანონ. ამ ძალისხმევის შედეგია, რომ ბევრი არ გამოეთიშა საგამოცდო პროცესს. დღესაც იყო ასეთი შემთხვევა, ერთ-ერთ პედაგოგობის მსურველს მისამართი აერია და შეცდომით, N117 სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრის ნაცვლად, N103 სკოლაში მივიდა. როგორც კი ეს ამბავი გაიგეს, დაცვის თანამშრომლებმა რომ არ დაეგვიანა, მაშინვე მანქანაში ჩასვეს და თავიანთი მანქანით მიიყვანეს მის საგამოცდო ცენტრში. ზუსტად 7 წუთში გამოცდაც დაიწყო. თითქოს არაფერი... მაგრამ სწორედ ასეთი ადამიანური თანადგომითა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით დიდი საქმეების კეთება იწყება,“ - წერს თეიკო ანჯაფარიძე.

წაიკითხეთ სრულად