Baby Bag

მიხეილ ჩხენკელი: „გრიფირების პროცესში მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან“

მიხეილ ჩხენკელი: „გრიფირების პროცესში მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან“

სასკოლო სახელმძღვანელოებთან დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა დიდი იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესში მოსწავლეთა მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან, რისი შესაძლებლობაც სამინისტრომ მათ კანონით მისცა.

„სახელმძღვანელოების გრიფირება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მე-9 კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი, რომელშიც ჩავრთავთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, მშობლებს. ამისთვის შეიქმნა ელექტრონული პორტალი, სადაც ყველას შეეძლება საკუთარი აზრის გამოხატვა. დიდი იმედი მაქვს, რომ მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროცესში. მათ ექნებათ საშუალება, გაეცნონ გრიფირებისათვის წარმოდგენილი სახელმძღვანელოების მაკეტებს და გააკეთოთ თავიანთი კომენტარი.

დამერწმუნეთ, რომ ჩვენ ძალიან დეტალურად წავიკითხავთ საზოგადოების, მშობლების მოსაზრებებს. მართალია, ჩვენ გვყავს საექსპერტო კომისიები, რომლებიც ყველა სიტყვას აწონიან, რაც არის სახელმძღვანელოში, მაგრამ მშობლების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

აღსანიშნავია, რომ გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა მიმდინარე წლის გაზაფხულიდან გააქტიურდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის 10 მცნება, რომელიც მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს

მასწავლებლის 10 მცნება, რომელიც მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს
გაბრიელა მისტრალი ჩილელი პოეტი, პედაგოგი, დიპლომატი და ქალთა უფლებების დამცველი იყო. იგი 16 წლიდან პედაგოგად მუშაობდა, 1945 წელს ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურის დარგში.

გთავაზობთ გაბრიელა მისტრალის „მასწავლებლის 10 მცნებას“, რომელიც მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

1. თუ მთელი გულით შეყვარება არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს.

2. ასწავლე მარტივად, გასაგებად, ისე, რომ მთავარი არ გამოგრჩეს.

3. გაიმეორე, ისევე როგორც ბუნება იმეორებს, სანამ სრულყოფილებას არ მიაღწევს.

4. ისე ასწავლე, რომ გახსოვდეს სილამაზე, რადგან მშვენიერებაა ყველაფრის საწყისი.

5. სანთლები რომ აანთო, თავად უნდა ატარებდე გულით ცეცხლს.

6. ყველა გაკვეთილზე სიცოცხლე უნდა იგრძნობოდეს, როგორც ცოცხალ არსებაში.

7. იზრუნე სულიერ განვითარებაზე, რომ გასცე, ბევრი უნდა გქონდეს.

8. გახსოვდეს, რომ შენი პროფესია ხელობა არ არის, ეს ღვთის სამსახურია.

9. სანამ ყოველდღიურ გაკვეთილს დაიწყებ, გულში ჩაიხედე და ნახე, სუფთაა თუ არა.

10. იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა მოგმადლა ხვალინდელი დღის შექმნის ნიჭი.

წაიკითხეთ სრულად