Baby Bag

მიხეილ ჩხენკელი: „გრიფირების პროცესში მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან“

მიხეილ ჩხენკელი: „გრიფირების პროცესში მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან“

სასკოლო სახელმძღვანელოებთან დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა დიდი იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესში მოსწავლეთა მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან, რისი შესაძლებლობაც სამინისტრომ მათ კანონით მისცა.

„სახელმძღვანელოების გრიფირება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მე-9 კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი, რომელშიც ჩავრთავთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, მშობლებს. ამისთვის შეიქმნა ელექტრონული პორტალი, სადაც ყველას შეეძლება საკუთარი აზრის გამოხატვა. დიდი იმედი მაქვს, რომ მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროცესში. მათ ექნებათ საშუალება, გაეცნონ გრიფირებისათვის წარმოდგენილი სახელმძღვანელოების მაკეტებს და გააკეთოთ თავიანთი კომენტარი.

დამერწმუნეთ, რომ ჩვენ ძალიან დეტალურად წავიკითხავთ საზოგადოების, მშობლების მოსაზრებებს. მართალია, ჩვენ გვყავს საექსპერტო კომისიები, რომლებიც ყველა სიტყვას აწონიან, რაც არის სახელმძღვანელოში, მაგრამ მშობლების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

აღსანიშნავია, რომ გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა მიმდინარე წლის გაზაფხულიდან გააქტიურდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

„​ბოლო დროს ხშირად ვისმენ მოარულ მოსაზრებას, რომ ამ სეზონზე გრიპის ვაქცინა საშიშია კოვიდის გამო“ - ინფექციონისტი გრიპის ვაქცინაზე საუბრობს

„​ბოლო დროს ხშირად ვისმენ მოარულ მოსაზრებას, რომ ამ სეზონზე გრიპის ვაქცინა საშიშია კოვიდის გამო“ - ინფექციონისტი გრიპის ვაქცინაზე საუბრობს
„თუნდაც ადამიანს ჰქონდეს უსიმპტომოდ მიმდინარე კოვიდი, ან იყოს სიმპტომების განვითარებამდე პერიოდში, გრიპის ვაქცინა მის ჯანმრთელობას დამატებით რისკებს არ შეუქმნის“ - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მის პოსტს გრიპის ვაქცინასთან დაკავშირებით.

​ბოლო დროს ხშირად ვისმენ მოარულ მოსაზრებას, რომ ამ სეზონზე გრიპის ვაქცინა საშიშია კოვიდის გამო, ანუ ადამიანებს აქვთ შიში, რომ გრიპის ვაქცინამ შეიძლება გაართულოს კოვიდის მიმდინარეობა და ამიტომ, მაგალითად, კოვიდის მქონესთან კონტაქტში მყოფები, რომლებსაც რისკი აქვთ, რომ კოვიდი დაემართოთ, თავს იკავებენ ვაქცინაციისგან. ეს მოსაზრება არაფრით არ არის გამყარებული, არც ბიოლოგიური მექანიზმით და არც კვლევები მინახავს ამის სასარგებლოდ (თუ ვინმეს ასეთი კვლევა გეგულებათ, გთხოვთ, გაგვიზიაროთ). ანუ თუნდაც ადამიანს ჰქონდეს უსიმპტომოდ მიმდინარე კოვიდი, ან იყოს სიმპტომების განვითარებამდე პერიოდში, გრიპის ვაქცინა მის ჯანმრთელობას დამატებით რისკებს არ შეუქმნის.

​რაც შეეხება არსებულ რეკომენდაციას, რომ გრიპზე ვაქცინაცია გადაიდოს იზოლაციის ან კარანტინის პერიოდის დასრულებამდე, ამას ერთადერთი ის აზრი აქვს, რომ იზოლაციაში მყოფი ადამიანი ფიზიკურად ვერ მივა ასაცრელად და არა იმიტომ, რომ მას ეკრძალება ვაქცინის გაკეთება და ჯანმრთელობის მდგომარეობას გაურთულებს.

​ასევე მინდა გამოვეხმაურო ბატონ ​ამირან გამყრელიძის განცხადებას, რომელიც მასიურად ვრცელდება სოციალური ქსელით, იმის თაობაზე, რომ არც ერთ ექიმს და სამედიცინო დაწესებულებას არა აქვს უფლება პაციენტს თანხა გადაახდევინოს გრიპის ვაქცინაში. დარწმუნებული ვარ, ამ ნათქვამში იგულისხმება სახელმწიფო პროგრამით შეძენილი ვაქცინა და რა თქმა უნდა, თუ ვინმე ამაში პაციენტს ფულს გადაახდევინებს, ეს დანაშაულია. თუმცა ჩვენი მოქალაქეების ნაწილმა ეს სხვანაირად გაიგო, რომ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს გადასახადი გრიპის ვაქცინაში. საქმე იმაშია, რომ სახელმწიფო პროგრამით შეძენილი ვაქცინა მხოლოდ კონკრეტული ჯგუფებისთვისაა გათვალისწინებული და ის არ უკეთდება ნებისმიერ მსურველს. ამიტომ იმათთვის, ვინც რომელიმე წინასწარ განსაზღვრულ რისკის ჯგუფს არ მიეკუთვნება, ერთადერთი არჩევანია ვაქცინის ღირებულების გადახდა (თუმცა ეს ვაქცინაც კი დეფიციტურია ამჟამად).

წაიკითხეთ სრულად