Baby Bag

მიხეილ ჩხენკელი: „გრიფირების პროცესში მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან“

მიხეილ ჩხენკელი: „გრიფირების პროცესში მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან“

სასკოლო სახელმძღვანელოებთან დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა დიდი იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესში მოსწავლეთა მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან, რისი შესაძლებლობაც სამინისტრომ მათ კანონით მისცა.

„სახელმძღვანელოების გრიფირება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მე-9 კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი, რომელშიც ჩავრთავთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, მშობლებს. ამისთვის შეიქმნა ელექტრონული პორტალი, სადაც ყველას შეეძლება საკუთარი აზრის გამოხატვა. დიდი იმედი მაქვს, რომ მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროცესში. მათ ექნებათ საშუალება, გაეცნონ გრიფირებისათვის წარმოდგენილი სახელმძღვანელოების მაკეტებს და გააკეთოთ თავიანთი კომენტარი.

დამერწმუნეთ, რომ ჩვენ ძალიან დეტალურად წავიკითხავთ საზოგადოების, მშობლების მოსაზრებებს. მართალია, ჩვენ გვყავს საექსპერტო კომისიები, რომლებიც ყველა სიტყვას აწონიან, რაც არის სახელმძღვანელოში, მაგრამ მშობლების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

აღსანიშნავია, რომ გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა მიმდინარე წლის გაზაფხულიდან გააქტიურდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

სიმსუქნე, აღგზნებადობა, უძილობა, საგნის შესწავლის ან ათვისების პრობლემა... - პედიატრი ბავშვებში პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს

სიმსუქნე, აღგზნებადობა, უძილობა, საგნის შესწავლის ან ათვისების პრობლემა... - პედიატრი ბავშვებში პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს

პედიატრმა თემურ მიქელაძემ პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე მედიაცენტრ ​,,მთავარში'' გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვებმა საგრძნობლად მოიმატეს წონაში, ახასიათებთ აღგზნებადობა, უძილობა, საგნის შესწავლის ან ათვისების პრობლემა:

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციას თუ დააკვირდებით, 3-დან 4,5%-მდე მერყეობს დიაგნოსტირების შემთხვევები. ყოველდღიურად დაახლოებით 15 000-დან 20 ათასამდე ტესტი ტარდება ყოველდღე. თუ ასე გაგრძელდა, თვის ბოლოს დიდ ქალაქებში ალბათ, სასურველია, რომ სკოლები გაიხსნას. 

საკმაოდ რთულია ონლაინ მიჯაჭვულობა, განსაკუთრებით ისეთი ონლაინ მიჯაჭვულობა, რომელიც არ არის დაკავშირებული სწავლასთან. იქ არის სხვადასხა აგრესიული თამაშები, აურაცხელი შავი მასალა, რომელიც ბავშვებს სწრაფად იზიდავს და მშობლებს ბინის პირობებში მათი მართვა საკმაოდ უჭირთ. 

პირველ რიგში, წამოვიდა სხვადასხვა პრობლემები, როგორიც არის მაგალითად, სიმსუქნე. ბავშვებმა უკვე მკვეთრად მოიმატეს წონაში. 

გარდა ამისა, არის აღგზნებადობა, უძილობა, რაც დაკავშირებულია როგორც ეკრანდამოკიდებულებასთან, ასევე ბინის პირობებში გამოკეტვასთან.

აქედან გამომდინარე, მეორე დღეს ეს ბავშვები გამოუძინებლები, დასტრესილები არიან, აქვთ საგნის შესწავლის ან ათვისების პრობლემა. ამიტომ, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ დღის განმავლობაში სამჯერ მაინც გავიდნენ ბავშვები გარეთ. 

გარდა ამისა, ბავშვებიდან წამოვიდა უკვე ზედმეტი აგრესია, რაც შემდეგში საკმაოდ რთული სამართავია. შეიძლება კორონავირუსული ინფექცია მარტივად მიმდინარეობდეს ბავშვებში და უმრავლესობა ვირუსს უპრობლემოდ გადაიტანს, მაგრამ ნეიროფსიქიატრიული პრობლემების მოგვარება მერწმუნეთ, საკმაოდ რთულია. 

მას შესაძლოა, რამდენიმე თვე და წლებიც კი დასჭირდეს. ამ საფრთხის წინაშე უკვე დგანან განსაკუთრებით თინეიჯერული ასაკის ბავშვები. 

გახსნასთან ერთად აუცილებელია, რომ სკოლებმა და სხვადასხვა დაწესებულებებმა მაქსიმალურად დაიცვან ჰიგიენური ნორმები, რამეთუ მათი დაცვით, ჩვენ არა მხოლოდ კორონავირუსს, არამედ სხვა ვირუსულ ინფექციებსაც თავიდან ავირიდებთ, რისი მაგალითიც გვაქვს. ვიცავთ ნორმებს და არ გვაქვს გრიპი, სხვა ნაწლავთა ვირუსული ინფექციები და ა.შ. “ - აღნიშნა თემურ მიქელაძემ. 


წაიკითხეთ სრულად