Baby Bag

15 თებერვლიდან მოსწავლეების საკლასო ოთახებში დაბრუნებასთან დაკავშირებით განათლების მინისტრის მოადგილე დეტალებზე საუბრობს

15 თებერვლიდან მოსწავლეების საკლასო ოთახებში დაბრუნებასთან დაკავშირებით განათლების მინისტრის მოადგილე დეტალებზე საუბრობს

15 თებერვლიდან მოსწავლეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკლასო ოთახებში ბრუნდებიან, სადაც მათთვის უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოა უზრუნველყოფილი. აღნიშნულ თემაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროში ბრიფინგი გამართა და აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.

ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, რომ სამინისტრომ განახლებული რეკომენდაციები ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას უკვე მიაწოდა. სკოლები კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მშობლების ინფორმირებას, როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან, ასევე სკოლაში არსებულ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე და განსაკუთრებით გამოყო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება, V-XII კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის ტერიტორიაზე პირბადეების ტარების აუცილებლობის შესახებ. ეკატერინე დგებუაძის თქმით, პირბადეების მოხმარებასთან დაკავშირებით განსხვავებული რეკომენდაციაა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. კერძოდ, სსსმ მოსწავლეს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია პირბადის ტარება, ეძლევა შესაძლებლობა, სკოლის ტერიტორიაზე პირბადის გარეშე გადაადგილდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსწავლის მშობელმა განცხადებით უნდა მიმართოს სკოლის დირექციას.

დასწრებითი სწავლების პირობებში სამინისტრომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ხელშეწყობის მიზნით, სკოლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავა. განახლებული რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას დაეხმარება, სასწავლო პროცესი სსსმ მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური საჭიროებებისა და სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების გათვალისწინებით დაგეგმოს.

რაც შეეხება, სკოლის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემურ ტესტირებას, მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ აღნიშნული პროცესი საჯარო და კერძო სკოლებში უკვე აქტიურად მიმდინარეობს.

ეკატერინე დგებუაძის თქმით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებისა და ინვენტარის მარაგით, სკოლებში მოწესრიგებული და გამართულია სველი წერტილები, ზედმიწევნით არის დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და სამინისტროს რეკომენდაციები. შესაბამისად, სკოლებს მოსწავლეების უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოში მისაღებად სრული მზაობა აქვთ. ამ მიმართულებით საგანმანათლებლო რესურსცენტრები სკოლებში სისტემატურ მონიტორინგის ახორციელებენ და ადგილზე ეცნობიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას.

მინისტრის პირველმა მოადგილემ მშობლებისთვისა და მასწავლებლებისთვის შეთავაზებულ დამატებით შესაძლებლობაზეც ისაუბრა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობა აქვთ, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. მნიშვნელოვანია, რომ ამავე შესაძლებლობით სარგებლობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ასეთ დროს სკოლა მიმართავს ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, კონკრეტული კლასი გადავიდეს დისტანციურ რეჟიმში თუ მთლიანად სკოლა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„კორონავირუსი ნაკლებად ერჩის ბავშვებს, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია“ - ინგა მამუჩიშვილი

„კორონავირუსი ნაკლებად ერჩის ბავშვებს, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია“ - ინგა მამუჩიშვილი

პედიატრი ინგა მამუჩვილი ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით: 

ჩემო უძვირფასესო მეგობრებო, საქართველოსაც ეწვია კორონავირუსი. უკვე გვაქვს ეს ბედნიერება!!! მაგრამ ერთი რამ გვახსოვდეს, რომ ექსტრემალური სიტუაციიდან გამოსავალს პანიკა არ წარმოადგენს.  ჩვენ უნდა ვიფრთხილოთ! არ შეგვიპყროს შიშმა! ვიყოთ ყურადღებით! მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს (მხოლოდ საკუთარ თავს და საკუთარ ოჯახებს არა) მკაცრად დავიცვათ ​ჯანმო-ს მიერ მოწოდებული რეკომენდაცები! სახელმწიფო სტრუქტურების მოვალეობა კი უსაფრთხოების ზომების გამკაცრება და საკუთარ ხალხზე ზრუნვაა!!!!! 

  • შევწყვიტოთ იმ ქვეყნებში გამგზავრება, სადაც დაფიქსირებულია კორონავირუსი და უმჯობესია დროებით თავი შევიკავოთ იმ სიამოვნებისგან რასაც ტურისტად ყოფნა ჰქვია!!! 
  • მოვერიდოთ ადამიანთა თავშეყრის ადგილებში ყოფნას, დროებით გადავდოთ კინოთეატრებში, საკონცერტო დარბაზებში, დიდ მარკეტებში, ბავშვთა გასართობ ცენტრებში და სტუმრად სიარული
  • დავივიწყოთ ​მისალმების ქართული წესი-გადაკოცნა
  • ისტერიულად ვიბანოთ ხელ-პირი, დავაცემინოთ და დავახველოთ წესების დაცვით (აიფარეთ პირზე იდაყვის მიდამო) და არა ხელისგულები
  • ნახმარი ერთჯერადი ხელსახოცები არ დადოთ მაგიდაზე, მოათავსეთ მყისიერად ურნაში
  • ხშირად გაანიავეთ ოთახები
  • სახლში მისულებმა სწრაფად გამოიცვალეთ ფეხსაცმელი და ტანსაცმელი
  • გაწმინდეთ სპირტით ქუჩაში ნახმარი ნივთები, განსაკუთრებით მობილური ტელეფონი და საფულე
  • თუ ვირუსული ინფექციის ნიშნები გაქვთ, ნუ წახვალთ სამსახურში, არც ბავშვები წაიყვანოთ ხველით, ტემპერატურით და ცემინებით ბავშვთა დაწესებულებაში 
  • მაღალი ტემპერატურის, ხველის, სუნთქვის გაძნელების, ზოგადი სისუსტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ განახორციელეთ ვიზიტი ექიმთან,
  • მოახდინეთ ავადმყოფი ადამიანის იზოლირება, დაალაგეთ ოთახები სველი წესით, ხშირად გაანიავეთ, პაციენტიც და ოჯახის სხვა წევრებიც უნდა ხმარობდნენ სამედიცინო ნიღბებს 
  • ავიმაღლოთ მოქალაქეობრივი კულტურა, ყოველთვის გვახსოვდეს მეორე ადამიანი, 
  • ნუ გავზიდავთ მარკეტებს და აფთიაქებს სახლში, არ არის საჭირო წინასწარი მარაგის შექმნა!!! სირცხვილია რაც დღეს ქალაქში ხდება!!! 

თითოეულ ჩვენთაგანს, ალბათ, გვქონია კორონავირუსთან შეხება, რომელიც შეიძლება გამოიხატა მარტივი კატარალური მოვლენებით: ხველით, ცხვირიდან გამონადენით, ყელის ტკივილით, ტემპერატურის მომატებით,გ ააჩნია ადამიანის იმუნური სისტემის კომპეტენციას, თუმცა ახალი, მუტანტი კორონავირუსი, რომელიც ადამიანის და ცხოველის კორონავირუსის შერწყმით წარმოიქმნა, შეუცნობადი და უცხოა იმუნური სისტემისთვის, მაგრამ თუ ის მწყობრშია, გამკლავებას ვირუსთან შეძლებს, სწორედ ამიტომ გამოჯანმრთელების პროცენტული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აჭარბებს სიკვდილობის მაჩვენებელს!!! 

როგორ მოვამძლავრით ჩვენი იმუნური სისტემა? - სწორი, ბალანსირებული კვება (მდიდარი ვიტამინებით და ცილებით) დიდი რაოდენობით სითხეების მიღება.‼️ ფიზიკური აქტივობა.‼️ ნაკლები სტრესი და პანიკა.‼️ ვისაც აქვს იმის საშუალება, რომ მიაშურონ სოფლებს და აგარაკებს ძალიან მისასალმებელია. ‼️გამოვიყენოთ ყველა ცნობილი ხალხური საშუალება (ნიორი, ხახვი, ჯანჯაფილი, ლიმონი, თაფლი, ნიგოზი, ჟოლო, გვირილა, ცაცხვი, გრეიფრუტი, ბროკოლი, სტაფილო, ქოქისი, ბროწეული, ქიშმიში და ა.შ) 

ცხვირთან მოსასმელი ანტივირუსული მალამოები, ვიტამინები და ბუნებრივი იმუნომოდულატორები (თქვენი ექიმის რჩევით‼️ შეიძლება, ძალიან მარტივი საშუალება, რომელიც დევს სააფთიაქო თაროზე, ძალიან ეფექტური აღმოჩნდეს კორონავირუსთან გასამკლავებლად.

რა მაიმედებს? ​კორონავირუსი ნაკლებად ერჩის ბავშვებს, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია... ჩემი მოსაზრებით, რომელიმე კალენდარული ვაქცინაციის შედეგად ორგანიზმში გამომუშავებული ანტისხეულები ჯვარედინად მოქმედებს კორონავირუსზე და თრგუნავს მის რეპლიკაციას, გარდა ამისა ბავშვებში ქრონიკული დაავადებების დაბალი პროცენტია, რაც აადვილებს ინფექციასთან ბრძოლას! ‼️ ალბათ, მალე გამოჩნდება ანტივირუსული პრეპარატი და გაგვაბედნიერებს ისე, როგორც A ტიპის გრიპის შემთხვევაში ოსელტამივირმა(ტამუფლუ) ‼️ მალე გაზაფხული მოვა და ვეღარ გაუძლებს იმედია მუტანტი კორონავირუსი პირდპირი მზის სხივის ზემოქმედებას, თანდათან შესუსტდება და დაანებებს ჩვენთან ბრძოლას თავს‼️ ამასობაში კორონავირუსის საწინააღმდეგი ვაქცინაც არ დააყოვნებს. ჯანმრთელობას და მშვიდობას გისურვებთ ყველას,“ - წერს ინგა მამუჩიშვილი. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

წაიკითხეთ სრულად