Baby Bag

15 თებერვლიდან მოსწავლეების საკლასო ოთახებში დაბრუნებასთან დაკავშირებით განათლების მინისტრის მოადგილე დეტალებზე საუბრობს

15 თებერვლიდან მოსწავლეების საკლასო ოთახებში დაბრუნებასთან დაკავშირებით განათლების მინისტრის მოადგილე დეტალებზე საუბრობს

15 თებერვლიდან მოსწავლეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკლასო ოთახებში ბრუნდებიან, სადაც მათთვის უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოა უზრუნველყოფილი. აღნიშნულ თემაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროში ბრიფინგი გამართა და აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.

ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, რომ სამინისტრომ განახლებული რეკომენდაციები ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას უკვე მიაწოდა. სკოლები კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მშობლების ინფორმირებას, როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან, ასევე სკოლაში არსებულ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე და განსაკუთრებით გამოყო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება, V-XII კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის ტერიტორიაზე პირბადეების ტარების აუცილებლობის შესახებ. ეკატერინე დგებუაძის თქმით, პირბადეების მოხმარებასთან დაკავშირებით განსხვავებული რეკომენდაციაა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. კერძოდ, სსსმ მოსწავლეს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია პირბადის ტარება, ეძლევა შესაძლებლობა, სკოლის ტერიტორიაზე პირბადის გარეშე გადაადგილდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსწავლის მშობელმა განცხადებით უნდა მიმართოს სკოლის დირექციას.

დასწრებითი სწავლების პირობებში სამინისტრომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ხელშეწყობის მიზნით, სკოლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავა. განახლებული რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას დაეხმარება, სასწავლო პროცესი სსსმ მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური საჭიროებებისა და სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების გათვალისწინებით დაგეგმოს.

რაც შეეხება, სკოლის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემურ ტესტირებას, მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ აღნიშნული პროცესი საჯარო და კერძო სკოლებში უკვე აქტიურად მიმდინარეობს.

ეკატერინე დგებუაძის თქმით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებისა და ინვენტარის მარაგით, სკოლებში მოწესრიგებული და გამართულია სველი წერტილები, ზედმიწევნით არის დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და სამინისტროს რეკომენდაციები. შესაბამისად, სკოლებს მოსწავლეების უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოში მისაღებად სრული მზაობა აქვთ. ამ მიმართულებით საგანმანათლებლო რესურსცენტრები სკოლებში სისტემატურ მონიტორინგის ახორციელებენ და ადგილზე ეცნობიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას.

მინისტრის პირველმა მოადგილემ მშობლებისთვისა და მასწავლებლებისთვის შეთავაზებულ დამატებით შესაძლებლობაზეც ისაუბრა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობა აქვთ, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. მნიშვნელოვანია, რომ ამავე შესაძლებლობით სარგებლობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ასეთ დროს სკოლა მიმართავს ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, კონკრეტული კლასი გადავიდეს დისტანციურ რეჟიმში თუ მთლიანად სკოლა.

შეიძლება დაინტერესდეთ

მზად, გვერქვას მასწავლებელი...

მზად, გვერქვას მასწავლებელი...
მასწავლებლების ოჯახში გავიზარდე. ბებია - მასწავლებელი, დედა - მასწავლებელი, ბაბუა - ინჟინერი, მაგრამ ცხოვრების მასწავლებელი, მამა - გზების ინჟინერი, მაგრამ ლექსების მასწავლებელი. ყველგან მასწავლებლები. მეც ავდექი და ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე. რა მასწავლებელი?!

ოთხი წელი „კარგად“ ვისწავლე. ძალიან კარგად. ისეთი თბილი იყო მეექვსე კორპუსის ცისფერი კედლები. ძალიან ლამაზი დიპლომიც ავიღე და დიდი ხანია უჯრაში მიდევს. მგონი ნელ-ნელა ფერიც გადასდის. ღია ვარდისფერიც მოუხდება. არა უშავს.

მერე ორი წელი ვიმუშავე. თან საკუთარი პროფესიით. ჰო, საოცარია, გამიმართლა. მეც ასე ვფიქრობდი, სანამ მივხვდი, რომ ცხოვრებაში უფრო მეტს ვიმსახურებდი. ავდექი და წამოვედი.

ორი წელი ვწერდი სკოლებზე, მასწავლებლებზე, მოსწავლეებზე, დირექტორებზე, იმათზე, ვისაც უყვარდა ეს პროფესია და იმათზეც, ვისაც ეზიზღებოდა. კომფორტის ზონიდან ვერგამოსულ, მუდამ მოწუწუნე, მომთხოვნ მასწავლებლებზეც.

მაშინ მოვიდა ფიქრი, ფიქრი, რომ მხოლოდ გარეგანი დაკვირვებით და ჩართულობით, მხოლოდ ამბების შელამაზებით და გამხატვრულებით ცვლილებები ვერ მოხდებოდა, რადგან ყველა ცვლილება შიგნიდან იწყება. იქ მოსახვედრად კი...

ფორმალურად უფროსი მასწავლებელი ვარ. არაფორმალურადაც - უფროსი მასწავლებელი. ჯერ სკოლაში ვერ ვასწავლი, რადგან ჯერ იყო და თავის დროზე უარი ვთქვი და სწავლა ვარჩიე. ახლა სწავლას მოვრჩი და მაინც ვერ ვასწავლი. რატომ? ეს სხვა დროს, ახლა ამაზე ხომ არ ვსაუბრობ?!

ვისწავლე ყველაფერი, რაც მომავალში უნდა გამომადგეს და გამოვიყენო. რა ვიცი, ასე მითხრეს და მეც მჯერა. მჯერა, რომ ერთმა მერცხალმა თუ გაზაფხული ვერ მოიყვანა, არა უშავს, რადგან მარტს მაინც მოიყვანს.

ჯერ თავს ვერ ვგრძნობ განსაკუთრებულად. ან რა დროს ეგაა, მხოლოდ ერთი გაკვეთილი მაქვს ჩატარებული, ისიც დისტანციურად, ისიც კურსის ფარგლებში. ისე, მსმენია, ამბობენ, ეს პროფესია განსაკუთრებულიაო, ბავშვების სიყვარულიო, მეგობრობაო, მათი ღიმილიანი თვალებიო, მათი ფიქრებიო. კიდევ ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ ამის საპირწონედ აუცილებლად მახსენდება გაკვეთილის გეგმებიო, სწავლების სტრატეგიებიო, მოზარდთა ფსიქოლოგიაო, მშობლებიო, ჯერ კიდევ მტრულად განწყობილი სასკოლო საზოგადოებაო და თავბრუ მეხვევა. ამ ყველაფრის გამო კი ცოტა მეშინია.

მეშინია მოსწავლეების. მათთან ურთიერთობა ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც ამდენი ხანი ვაკეთებდი. ისინი ჭკვიანები და ცნობისმოყვარეები არიან. ისინი ბევრ კითხვას სვამენ და პასუხებს ითხოვენ. ისინი მომთხოვნები არიან. ზოგჯერ მკაცრებიც და სასტიკებიც.

მათთან ურთიერთობა ძალიან ჰგავს თეატრალურ წარმოდგენას, სადაც ჩვენ რეჟისორები ვართ, მოსწავლეები მაყურებლები, ხოლო გაკვეთილი კი - სცენა და სპექტაკლი. როგორც ყველა სპექტაკლი არ იქნება ერთნაირად კარგი, ისევე ვერ იქნება ყველა გაკვეთილი ყოველთვის ერთი და იმავე ხარისხის. მაყურებელი კი ყოველთვის უკეთეს სანახობას ითხოვს. უკეთესი სანახაობისთვის კი აუცილებელია რეჟისორმა და მაყურებელმა თანმიმდევრულად და შეთანხმებულად იმუშავონ.

შიშებს რომ დავუბრუნდეთ...

შიშს მაშინაც ვგრძნობდი, როდესაც ჩემს ელფოსტას ვხსნიდი და ლექტორების უამრავი დავალება მხვდებოდა, რომელთა შესრულების გარეშე მასწავლებელი ვერ გავხდებოდი. მეც ვწერდი და ვწერდი, ვსაუბრობდი და ვსაუბრობდი და ასე, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მინდოდა წრის ნაწილი გავმხადარიყავი.

ისე, საერთოდ არაა მარტივი, ადგე და ამ მოჯადოებული წრის რომელიღაცა ნაწილში მოსახვედრად იბრძოდე. თან, მარტო კი არ ხარ, შენ გარდა კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი აკეთებს ამას და ამ მარათონში საბოლოოდ ან გამარჯვებული გამოდიხარ, ან ისევ სხვა საქმის მოძებნა გიწევს გადასარჩენად. ამაზეც ცოტა ვრცლად მოგვიანებით...

მასწავლებლობა მარტივი არაა. მით უმეტეს, ეს ის საქმე არაა, მცდარი აზრების გარემოცვაში გაზრდილმა ადამიანებმა რომ უნდა შეასრულონ, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ბავშვობაში ასე ჩააგონეს. გახსოვთ, ხომ ბავშვობაში მოსმენილი ფრაზები იმის შესახებ, რომ ქალს მასწავლებლობა უხდება. იქვე აუცილებლად ახსენებდნენ, რომ, არა, კაცსაც უხდება, მაგრამ მაინც უფრო ქალს და ასე ხდებოდნენ ჩვენი დედები, დები, დეიდები, ბებიები და მეზობლები მასწავლებლები...

არადა... ეს პროფესია ჩვენს არჩევანსა და შესაძლებლობებს შორის დგას, ჩვენს სიყვარულის უნარსა და მოთმინებას შორის დგას და აქ ყველას ადგილი ნამდვილად არაა.

ამ პროფესიაში ძალიან მამაცი ადამიანების ადგილია. ადამიანების, რომლებსაც ბოლომდე ესმით მასწავლებლობის და განიცდიან მას. ადამიანების, რომლებსაც შეუძლიათ აიღონ პასუხისმგებლობა და შეეჭიდონ ურთულეს საქმეს. ადამიანების, რომლებსაც არ ეშინიათ საკუთარი მოსწავლეების, არ ეზიზღებათ ისინი და სულმოუთქმელად არ ელიან დროს, როდესაც მათგან თავისუფლები იქნებიან.

როდესაც ამ ყველაფერს გააცნობიერებთ, მაშინ თავად მიხვდებით, რომ მზად ხართ. მზად, გერქვათ მასწავლებელი და ასწავლოთ სხვას. სხვას, უკეთესი სპექტაკლის დასადგმელად და სხვას, უკეთესი მომავლისთვის.

ავტორი: მარიამ გვარამია 

წაიკითხეთ სრულად