Baby Bag

V-XII კლასის მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება აუცილებელი იქნება

V-XII კლასის მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება აუცილებელი იქნება

15 თებერვლიდან სამი დიდი ქალაქის: თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით სწავლა დასწრებითი ფორმით წარიმართება.

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა სკოლაში V-XII კლასის მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. დეტალური ინსტრუქციები დაეგზავნება სკოლებს და ისინი უზრუნველყოფენ მშობლების ინფორმირებას. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მიხეილ ჩხენკელი: „როგორც მოგეხსენებათ, 15 თებერვლიდან ქალაქებში: თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა სკოლაში, დაწყებული მე-5 კლასიდან ზემოთ, მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. რაც შეეხება დეტალურ ინსტრუქციებს, ის დღესვე დაურიგდება სკოლებს და ხვალიდან ყველა სკოლა მოახდენს მშობლებთან კომუნიკაციას ამ თემაზე. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ის კარგი დინამიკა, რომელიც უკვე გვაქვს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. ეს სასიხარულო ამბავია, მაგრამ ამას, რასაკვირველია, შენარჩუნება სჭირდება.

როგორც მოგეხსენებათ, თბილისის, რუსთავის და ქუთაისის გარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე გაგრძელდა საკლასო ოთახებში სწავლა. პროცესი მშვიდობიანად მიმდინარეობს. ორშაბათიდან ამას ემატება თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლები.

ჩვენთვის მთავარია ჩვენი ბავშვებისა და მასწავლებლების ჯანმრთელობა. ყველა სკოლა არის სრულ მზადყოფნაში. ინფრასტრუქტურულად მოწესრიგდა ყველა პრობლემა, მათ შორის, მოგვარებულია სველი წერტილების საკითხები. სკოლებში სამედიცინო პროტოკოლის ყველა ნაწილი იქნება ზედმიწევნით დაცული, რათა სკოლები იყოს უსაფრთხო ადგილი ყველასთვის.“

გარდა ამისა, სამინისტროს გადაწყვეტილებით, მშობლებს აქვთ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. ასევე, ისინი მაქსიმალურად იქნებიან ინფორმირებული ყველა სიახლის შესახებ, ამ პროცესს სკოლები უზრუნველყოფენ. გაგრძელდება მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები საქართველოს მასშტაბით, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ყველა საჭირო რესურსით აღიჭურვა. შესაბამისად, მოსწავლეების მისაღებად სკოლებს სრული მზაობა აქვთ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების დაცვის პროცესს სამინისტრო სისტემატურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს.

მოსწავლეების უსაფრთხოების დაცვა და, ამავდროულად, მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს. პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან მიღებული ყოველი გადაწყვეტილება სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით არის მიღებული.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და საშუალო დატვირთვის პირობებში, 2 200 ლარს გადააჭარბებს“ - პრემიერ-მინისტრი

„ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და საშუალო დატვირთვის პირობებში, 2 200 ლარს გადააჭარბებს“ - პრემიერ-მინისტრი

ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და 2030 წლისთვის, საშუალო დატვირთვის პირობებში, 2 200 ლარს გადააჭარბებს,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„კვლავ დიდ ყურადღებას დავუთმობთ განათლების ხარისხსა და ხელმისაწვდომობას. ამის თაობაზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. როგორც სკოლების რეაბილიტაციას, ზოგადი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ჩვენი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციას საერთაშორისო დონეზე. მომდევნო ათი წლის განმავლობაში უმაღლესი განათლება 2 მილიარდ 830 მილიონი ლარით, ხოლო მეცნიერება 2 მილიარდ 104 მილიონი ლარით დაფინანსდება. ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და 2030 წლისთვის, საშუალო დატვირთვის პირობებში, 2 200 ლარს გადააჭარბებს. ასევე მინდა გითხრათ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ზოგადი განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდ 230 მილიონს გადააჭარბებს, უმაღლესი განათლების ბიუჯეტი 270 მილიონი ლარი გახდება, ხოლო მეცნიერების ბიუჯეტი - 243 მილიონი ლარი, პროფესიული განათლების ბიუჯეტი 554 მილიონ ლარს მიაღწევს”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წაიკითხეთ სრულად