Baby Bag

V-XII კლასის მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება აუცილებელი იქნება

V-XII კლასის მოსწავლეებისთვის პირბადის ტარება აუცილებელი იქნება

15 თებერვლიდან სამი დიდი ქალაქის: თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით სწავლა დასწრებითი ფორმით წარიმართება.

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა სკოლაში V-XII კლასის მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. დეტალური ინსტრუქციები დაეგზავნება სკოლებს და ისინი უზრუნველყოფენ მშობლების ინფორმირებას. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მიხეილ ჩხენკელი: „როგორც მოგეხსენებათ, 15 თებერვლიდან ქალაქებში: თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა სკოლაში, დაწყებული მე-5 კლასიდან ზემოთ, მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. რაც შეეხება დეტალურ ინსტრუქციებს, ის დღესვე დაურიგდება სკოლებს და ხვალიდან ყველა სკოლა მოახდენს მშობლებთან კომუნიკაციას ამ თემაზე. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ის კარგი დინამიკა, რომელიც უკვე გვაქვს ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. ეს სასიხარულო ამბავია, მაგრამ ამას, რასაკვირველია, შენარჩუნება სჭირდება.

როგორც მოგეხსენებათ, თბილისის, რუსთავის და ქუთაისის გარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე გაგრძელდა საკლასო ოთახებში სწავლა. პროცესი მშვიდობიანად მიმდინარეობს. ორშაბათიდან ამას ემატება თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლები.

ჩვენთვის მთავარია ჩვენი ბავშვებისა და მასწავლებლების ჯანმრთელობა. ყველა სკოლა არის სრულ მზადყოფნაში. ინფრასტრუქტურულად მოწესრიგდა ყველა პრობლემა, მათ შორის, მოგვარებულია სველი წერტილების საკითხები. სკოლებში სამედიცინო პროტოკოლის ყველა ნაწილი იქნება ზედმიწევნით დაცული, რათა სკოლები იყოს უსაფრთხო ადგილი ყველასთვის.“

გარდა ამისა, სამინისტროს გადაწყვეტილებით, მშობლებს აქვთ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. ასევე, ისინი მაქსიმალურად იქნებიან ინფორმირებული ყველა სიახლის შესახებ, ამ პროცესს სკოლები უზრუნველყოფენ. გაგრძელდება მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები საქართველოს მასშტაბით, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ყველა საჭირო რესურსით აღიჭურვა. შესაბამისად, მოსწავლეების მისაღებად სკოლებს სრული მზაობა აქვთ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების დაცვის პროცესს სამინისტრო სისტემატურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს.

მოსწავლეების უსაფრთხოების დაცვა და, ამავდროულად, მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს. პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან მიღებული ყოველი გადაწყვეტილება სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით არის მიღებული.

შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ დაგყავთ შვილი კერძო სკოლაში და არა საჯარო სკოლაში? - რა პასუხი გასცა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის ამ კითხვას

რატომ დაგყავთ შვილი კერძო სკოლაში და არა საჯარო სკოლაში? - რა პასუხი გასცა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის ამ კითხვას

რატომ დაგყავთ შვილი კერძო სკოლაში და არა საჯარო სკოლაში? - ეს კითხვა ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტმა დაუსვა. მინისტრმა მიზეზები განმარტა და აღნიშნა, რომ შვილის კერძო სკოლაში მიყვანის გადაწყვეტილება თანამდებობაზე დანიშვნამდე მიიღო:

„ჩემმა ერთმა შვილმა კერძო სკოლა დაამთავრა, მეორე შვილი ახლა სწავლობს. ეს ჩემს თანამდებობრივ პოზიციასთან კავშირში არ არის. ეს ჩემი, როგორც მოქალაქის გადაწყვეტილებაა, რომელიც ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე მივიღე.
ჩემი შვილის სკოლაში პირველი კლასიდან გაძლიერებულად ისწავლება მათემატიკა, ასევე 4 ენა. ჩემთვის ეს ორივე საგანი იყო  პრიორიტეტული და შესაბამისად, გადაწყვეტილებაც ამას ემყარებოდა. ეს კერძო სკოლა საქართველოს სხვა კერძო სკოლებთან შედარებით ყველაზე დაბალი ტარიფით გამოირჩევა,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

წაიკითხეთ სრულად