Baby Bag

15 თებერვლიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გაგრძელდება

15 თებერვლიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გაგრძელდება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, კიდევ ერთხელ შეფასდა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და 7 დღის მაჩვენებელმა 4%-ზე დაბლა დაიწია.

აღსანიშნავია, რომ სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების დაცვის პროცესს სამინისტრო სისტემატურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს.

მნიშნელოვანია, რომ თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეების მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ სწავლების დისტანციური ფორმა. თუკი მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ. მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლება დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე - www.online.emis.ge.

რაც შეეხება მასწავლებელთა ტესტირებას, ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, მოხდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე. სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა მოხდეს სკოლაში დასაქმებული ყველა პირის რეგისტრაცია ბმულზე: https://labour.moh.gov.ge/, რასაც სკოლები თავად უწევენ ორგანიზებას.

რაც შეეხება ბაღებს, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ ცალკე განცხადება გაკეთდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განმარტება გააკეთა:

„ძალიან სასიხარულო ამბავი გვაქვს. როგორც იცით, ეპიდსიტუაცია საშუალებას გვაძლებს, რომ 15 თებერვალს, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი გაგრძელდეს საკლასო ოთახებში. მინდა საზოგადოებას მივულოცო ეს ამბავი.

როგორც იცით, ორშაბათს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე გაგრძელდა სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, გარდა თბილისის, რუსთავის და ქუთაისის სკოლებისა, ხოლო 15 თებერვლიდან გაგრძელდება ამ 3 ქალაქშიც, შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

რაც შეეხება ბაღებს, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს – ეს პროცესი სკოლებში დაბრუნებას ეტაპობრივად მოჰყვება, კონკრეტულ თარიღებთან დაკავშირებით ცალკე განცხადება გაკეთდება.

აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული სამედიცინო პროტოკოლი, მასწავლებლები გაივლიან რეგულარულ ტესტირებას, შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება, რომ სკოლებში იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო გარემო.“


შეიძლება დაინტერესდეთ

დაინფიცირებულთა რიცხვი ჩინეთში 90 000-მდე გაიზარდა - პოპულარული მითები კორონავირუსის შესახებ

დაინფიცირებულთა რიცხვი ჩინეთში 90 000-მდე გაიზარდა - პოპულარული მითები კორონავირუსის შესახებ

კორონავირუსით უკვე 100-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. დაინფიცირებულთა რიცხვი კი 4500-მდე გაიზარდა, რის გამოც ჩინეთის დიდი აეროპორტებიდან ფრენები აიკრძალა. ჩინეთსა და მსოფლიოში ვირუსთან ერთად დეზინფორმაციაც სწრაფად გავრცელდა. ადამიანების ცრუ ინფორმაციისგან დაცვის მიზნით, BBC-ს მონიტორინგის სამსახურმა კორონავირუსის შესახებ გავრცელებულ ყველაზე პოპულარულ მითებს მოუყარა თავი, რომლებსაც ჩვენს სტატიაში გაგაცნობთ.


• ღამურას წვნიანის მომზადების ვიდეოები

კორონავირუსის პირველი შემთხვევების გამოვლენისთანავე ადამიანებმა დაიწყეს მსჯელობა მისი წარმოშობისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ. უხანში სიკვდილიანობის ზრდით გამოწვეული მღელვარება კიდევ უფრო გაამწვავა ინტერნეტში გავრცელებულმა ვიდეოებმა, რომლებშიც ადამიანები ღამურას წვნიანს ამზადებდნენ. ერთ-ერთ ვიდეოში ნაჩვენები იყო ჩინელი ქალი, რომელსაც მოხარშული ღამურა კამერასთან მოაქვს და ამტკიცებს, რომ ღამურა ქათამივით გემრიელია. საზოგადოება ნანახმა შოკში ჩააგდო. ადამიანები ვირუსის გამომწვევ მთავარ მიზეზად ჩინური კვების კულტურას და ჩვევებს ასახელებდნენ. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული ვიდეო ჩინეთში არ არის გადაღებული. ღამურას წვნიანის მომზადების კადრები 2016 წელს ცნობილმა ბლოგერმა პალაუს არქიპელაგზე გადაიღო.

ინტერნეტში ვიდეოს მასობრივი გავრცელების შემდეგ, ბლოგერმა საზოგადოებას მოუბოდიშა და აღნიშნა, რომ მას მხოლოდ პალაუს არქიპელაგზე მცხოვრები ხალხის ყოველდღიური ყოფის გადაღება სურდა. ქალბატონი ვონგის თქმით, მან არ იცოდა, რომ ღამურები ვირუსის მატარებლები იყვნენ. ჩინეთში ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის გავრცელებას ზღვის პროდუქტების ბაზარზე არალეგალურად შეტანილმა პროდუქტებმა შეუწყო ხელი. ჩინეთში ჩატარებულმა უახლესმა კვლევებმა, ღამურა ვირუსის პოტენციურ მატარებლად მართლაც დაასახელა, თუმცა, როგორც წესი, ჩინელები ღამურებს საკვებად არ იყენებენ, რის გამოც ვირუსის გავრცელების მთავარი წყაროს ძიება ჯერ კიდევ აქტიურად მიმდინარეობს.

• წინასწარ დაგეგმილი ეპიდემია

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის გამოვლენისთანავე Facebook-სა და Twitter-ზე უამრავი ყალბი დოკუმენტაცია გავრცელდა, რომელთა მიხედვით ვირუსის შესახებ ინფორმაცია ექსპერტებს წლების განმავლობაში ჰქონდათ. ერთ-ერთი პირველი მომხმარებელი, რომელმაც აღნიშნული ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ხელი შეუწყო იუთუბერი ჯორდან საზერია. მის მიერ ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო ათასობით ადამიანმა გააზიარა. საზერი ამტკიცებდა, რომ 2015 წელს დიდ ბრიტანეთში სპეციალურად შეიქმნა ნაკლებად აგრესიული ფორმის კორონავირუსი, რომელსაც რესპირატორული ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებში იყენებდნენ. შეთქმულების თეორიის მხარდამჭერებმა და ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებმა აღნიშნული ვიდეორგოლის Facebook-ზე გავრცელება წარმატებით შეძლეს. საზერის თქმით, კორონავირუსის მსუბუქი ფორმის ვაქცინაციისთვის გამოყენება ბილ და მელინდა გეიტსების ფონდმა დააფინანსა. იუთუბერი თავის პოსტში აღნიშნავდა, რომ გეიტსებმა ვაქცინის შესაქმნელად უამრავი თანხა დახარჯეს, რაც მათ გამიზნულად გააკეთეს. საზერი ვარაუდს გამოთქვამდა, რომ ვირუსის გავრცელება წინასწარ იყო მოფიქრებული, მედია კი შიშის გაძლიერებას უწყობდა ხელს.

პირბრაითის ინსტიტუტი, რომელსაც ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი მართლაც აფინანსებს, რეალურად ახალი ტიპის კორონავირუსის პატენტს არ ფლობს. ინსტიტუტს მართლაც აქვს ფრინველის გრიპის ვაქცინა, რომელმაც ჩინეთში რამდენიმე წლის წინ იფეთქა. ინსტიტუტის წარმომადგენლების განცხადებით, უშუალოდ ფრინველის გრიპის ვირუსის ვაქცინაზე მუშაობა ბილ და მელინდა გეიტსების ფონდს არ დაუფინანსებია.

• ჭორები ბიოლოგიური იარაღის შესახებ

ერთ-ერთი უსაფუძვლო ბრალდება, რომელიც კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გავრცელდა, ჩინეთის საიდუმლო ბიოლოგიური იარაღის პროგრამის შესახებ გავრცელებული მითია. ინტერნეტში მომხმარებლები აქტიურად აზიარებდნენ პოსტებს, რომლებშიც საუბარი იყო უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში ჩატარებული საიდუმლო კვლევების შესახებ, რამაც ადამიანების დაინფიცირება გამოიწვია.

ჭორების გავრცელებას ხელი შეუწყო ისრაელის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის განცხადებამ, რომელიც ამტკიცებდა, რომ უხანის ვირუსების კვლევის ინსტიტუტს ჩინეთის ბილოგიური იარაღის პროგრამასთან აქვს კავშირი. ოფიცრის განცხადება მტკიცებულებებით გამყარებული არ არის. მიუხედავად ამისა, ბიოლოგიური იარაღისა და უხანის საიდუმლო ვირუსოლოგიური კვლევების შესახებ გავრცელებულმა ჭორებმა ინტერნეტი დაიპყრო.

• საიდუმლო აგენტების გამოყენება ვირუსის გასავრცელებლად

ერთ-ერთი მითი, რომელიც კორონავირუსის შესახებ გავრცელდა, დაავადების გავრცელებაში კანადის ეროვნული მიკრობიოლოგიური ლაბორატორიიდან დათხოვნილ მკვლევარს ადანაშაულებს. ჩინელი ვირუსოლოგი თავის მეუღლესთან და ჩინელ სტუდენტებთან ერთად ლაბორატორიიდან მეთოდური დარღვევების ბრალდებით გაათავისუფლეს. ერთ-ერთ პოსტში აღნიშნული იყო, რომ კანადის ლაბორატორიიდან დათხოვნილი ვირუსოლოგი უხანის ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიას ერთი წლის განმავლობაში 2-ჯერ სტუმრობდა. ყოველგვარ მტკიცებულებაზე დაყრდნობის გარეშე ადამიანები ამტკიცებდნენ, რომ ჩინელმა ვირუსოლოგმა და მისმა გუნდმა უხანში პათოგენის გავრცელებას შეუწყვეს ხელი. ინტერნეტ მომხმარებელთა აზრით, ჩინელი ვირუსოლოგი და მისი თანაგუნდელები საიდუმლო აგენტები არიან, რომლებიც უხანში ვირუსის გავრცელების მიზნით ჩავიდნენ. კანადა გავრცელებულ ჭორებს უარყოფს და მათ უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

• უხანელი მედდის ვიდეო

უხანელი „მედდის“ ან „ექიმის“ ვიდეომ ინტერნეტის დაპყრობა მარტივად შეძლო. მსგავსი შინაარსის ვიდეორგოლები ინტერნეტში აქტიურად ვრცელდებოდა, თუმცა მათ შორის ყველაზე პოპულარული კორეელი მომხმარებლის მიერ Youtube-ზე ატვირთული ვიდეო აღმოჩნდა, რომელსაც კორეული და ინგლისური ტიტრები ჰქონდა დართული. პოპულარული ვიდეო გვაცნობს ქალბატონს, რომელიც უხანის კლინიკაში მედდად მუშაობს, თუმცა ის თავად არაფერს ამბობს თავისი საქმიანობის ან თანამდებობის შესახებ. ე.წ. მედდა გაურკვეველ ადგილას არის გადაღებული. ის ხალათსა და პირბადეს ატარებს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მისი ჩაცმულობა მნიშვნელოვნად განსხვავდება უხანის კლინიკის პერსონალის ჩაცმულობისგან. ქალბატონის მტკიცებით, დაინფიცირებულთა რიცხვი ჩინეთში 90 000-მდე გაიზარდა, თუმცა მთავრობა სიმართლის თქმისგან თავს იკავებს. მის მიერ კორონავირუსის შესახებ გამოთქმული მოსაზრებები საკმაოდ უსაფუძვლოა, რის გამოც, საეჭვოა, რომ ის მართლაც მედდად მუშაობდეს. გარდა ამისა, უხანიდან ვიდეოების ატვირთვა და მათი ვერიფიკაცია საკმაოდ გართულებულია, რაც გვაფიქრებინებს, რომ ვიდეოში მოსაუბრე ქალბატონი უხანელი მედდა არ არის.

ეპიდემიების გავრცელებას ჭორებისა და მითების სიმრავლე ყოველთვის თან ახლავს, რადგან ადამიანები ცდილობენ გამოიცნონ, საიდან და რატომ ჩნდება ესა თუ ის ვირუსული ინფექცია. კორონავირუსის გავრცელებამ ადამიანების დიდი ნაწილი პანიკაში ჩააგდო. მათი შიშები დეზინფორმაციის სიჭარბემ კიდევ უფრო გაამძაფრა. 

მომზადებულია ​​bbc.com​-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად