Baby Bag

15 თებერვლიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გაგრძელდება

15 თებერვლიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გაგრძელდება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, კიდევ ერთხელ შეფასდა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და 7 დღის მაჩვენებელმა 4%-ზე დაბლა დაიწია.

აღსანიშნავია, რომ სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების დაცვის პროცესს სამინისტრო სისტემატურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს.

მნიშნელოვანია, რომ თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეების მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ სწავლების დისტანციური ფორმა. თუკი მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ. მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლება დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე - www.online.emis.ge.

რაც შეეხება მასწავლებელთა ტესტირებას, ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, მოხდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე. სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა მოხდეს სკოლაში დასაქმებული ყველა პირის რეგისტრაცია ბმულზე: https://labour.moh.gov.ge/, რასაც სკოლები თავად უწევენ ორგანიზებას.

რაც შეეხება ბაღებს, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ ცალკე განცხადება გაკეთდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განმარტება გააკეთა:

„ძალიან სასიხარულო ამბავი გვაქვს. როგორც იცით, ეპიდსიტუაცია საშუალებას გვაძლებს, რომ 15 თებერვალს, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი გაგრძელდეს საკლასო ოთახებში. მინდა საზოგადოებას მივულოცო ეს ამბავი.

როგორც იცით, ორშაბათს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე გაგრძელდა სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, გარდა თბილისის, რუსთავის და ქუთაისის სკოლებისა, ხოლო 15 თებერვლიდან გაგრძელდება ამ 3 ქალაქშიც, შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

რაც შეეხება ბაღებს, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს – ეს პროცესი სკოლებში დაბრუნებას ეტაპობრივად მოჰყვება, კონკრეტულ თარიღებთან დაკავშირებით ცალკე განცხადება გაკეთდება.

აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული სამედიცინო პროტოკოლი, მასწავლებლები გაივლიან რეგულარულ ტესტირებას, შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება, რომ სკოლებში იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო გარემო.“


შეიძლება დაინტერესდეთ

,,ზღვა (დეზ)ინფორმაციაა და ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით'' - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი კორონავირუსზე

,,ზღვა (დეზ)ინფორმაციაა და ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით'' - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი კორონავირუსზე

ამერიკაში მოღვაწე (ჰოპკინსის უნივერსიტეტში) ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტი მამუკა მაჩაიძე სოციალურ ქსელში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:

,,​400-ზე მეტი სტატია დაიბეჭდა ახალ კორონავირუსზე, ზღვა (დეზ)ინფორმაციაა და ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. მოკლედ შევეცადე შემეჯამებინა მნიშვნელოვანი დეტალები რაზეც იმდენად არ გამახვილდა ყურადღება. მხოლოდ სანდო წყაროებზე დაყრდნობით, ვისაც დაგაინტერესებთ:

სავარაუდო მექანიზმი დადგენილია - ვირუსს აქვს მაღალი აფინურობა ცილისადმი (ACE2) რომელიც დიდი რაოდენობით ფილტვის და გულის ქსოვილშია გამოხატული. https://bit.ly/39yQpsH ჰიპოთეზაა (დაუდასტურებელი), რომ დაინფიცირების შემთხვევაში ACE ინჰიბიტორი (წნევის და გულის უკმარისობის წამალი) უნდა შეჩერდეს https://go.nature.com/2IvEgsG

ახალი, ყველაზე დალაგებული და დიდი კვლევის მიხედვით, ინკუბაციური პერიოდი ბევრად უფრო მცირეა ვიდრე გვეგონა, საშუალოდ 4 დღე (არა 10-14), მაგრამ ერთეულ შემთხვევებში დაფიქსირდა 24 დღეც და 1 დღეც, ამიტომ 14 დღიანი კარანტინი იდეალური არ არის, თუმცა ასეთია ამჟამინდელი რეცომენდაცია. https://bit.ly/2Tuhis1

ახალი კორონავირუსი დიდი რაოდენობით გამოიყოფა განავალში და დიდი ალბათობით გადაეცემა არა მხოლოდ ჰაერწვეთოვანი გზით, არამედ ფომიტებით (საყოფაცხოვრებო ნივთებით), ამიტომაც არის ხელების დაბანა ასეთი მნიშვნელოვანი!! https://bit.ly/2VUKIkS

ასიმპტომური გადაცემა ნამდვილად ხდება, ამავე დროს ცხელება ყველაზე დიდ კვლევაში მხოლოდ პაციენტების 41% დაუფიქსირდა, 80% საერთოდ უსიმპტომოა ან უმნიშვნელო სიმპტომები აღენიშნება, ამიტომაც ვირუსი ყოველთვის 2 ნაბიჯით წინ არის და იქნება. ასევე, როგორც ჩანს, გრიპივით სეზონურობა არ ახასიათბს და დათბობასთან ერთად არ შემცირდება https://bit.ly/2Tuhis1

‼️‼️ სიკვდილიანობის მაჩვენებელი (CFR) თუ გავასაშუალოებთ ყველა ქვეყნის მონაცემებს არის 0.3-3.4% (ესეც კი გრიპის ვირუსის მონაცემებს აჭარბებს), თუმცა თუ ასაკობრივ ჯგუფებს შევხედავთ 65 წელს ზემოთ, დაავადების სიმძიმეც და სიკვდილიანობაც 10-14%-მდე აღწევს; ამიტომაც ჩვენ ასაკოვან ბებიაბაბუებზე და მშობლებზე უნდა ვიფიქროთ როდესაც თვითიზოლაციაზე ვსაუბრობთ. https://bit.ly/2IyWUzz

ჰოპკინსის უნივესიტეტში, რომელიც ერთერთ წამყვან ინფექციურ პროგრამად ითვლება ქვეყანაში, მხოლოდ ახლა ვიღებთ სატესტო მასალას (პრობებს), ყველა ანალიზს ატლანტაში, CDC-ში ვაგზავნით და 7 დღემდე ველოდებით პასუხს, როდესაც თბილისში რამდენიმე საათშია შესაძლებელი დაავადების დადგენა ან გამორიცხვა, ამიტომ ყველა მოქალაქე ლუგარის ლაბორატორიას და შეერთებულ შტატებს მადლობას უნდა ვუხდიდეთ

ამჟამინდელი რეკომენდაცია (CDC) ჯერ კიდევ N95 ნიღაბია, თუმცა დიდი ალბათობით ეს რეკომენდაციაც შეიცვლება, რადგან არავის დაუმტკიცებია რომ ჩვეულებრივ (ქირურგიულ) ნიღაბზე უფრო მეტად იცავს გადაცემისგან. რაც შეეხება ჰოსპიტლის პერსონალს, ნიღაბი, თვალების საფარი, ორმაგი ხელთათმანი და მანტიაა რეკომენდებული https://bit.ly/330IbqL

ახალი პრეპარატი, რემდესივირი, გამოიგონეს ებოლასთვის, კალიტრა (Lopinavi/Ritonavir) კი აივ ინფექციისთვის. რემდესივირის მესამე ფაზის კვლევა დაიწყო ნებრასკაში და ჩინეთში, თუმცა ჯერ არ ვიცით რამდენად იმუშავებს და, თუ იმუშავებს, ფართო მასებამდე როდის მიაღწევს. https://bit.ly/2PU5NIn

ვაქცინა ჯერ არ გვაქვს! პირველი კანდიდატი ვაქცინის ცდა (პირველი ფაზა) მხოლოდ მარტში დაიწყო და ასევე დიდი ხანი დაჭირდება სანამ ფართოდ გავრცელდება. (ყველაზე ცოტა 1 წლიდან 18 თვემდე დაჭირდება) https://bit.ly/38wzTb9

‼️‼️ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სოციალური დისტანცირება სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი ხდება პანდემისს პირობებში.

‼️‼️ მოდელირებულ კვლევებში მასობრივი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება, სასწავლებლების და იმ სამუშაო ადგილების დახურვა სადაც ვირუსი დაფიქსირდება, გადაცემის რისკს 60% შეამცირებს.

‼️‼️ მოკლედ ეკონომიკას და პანდემიას ერთად ვერ გააკონტროლებს ვერცერთი სახელმწიფო; ეს ინფექციის ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი, პერსონალური გადაწყვეტილებები მთავრობის მიერ მიღებულ ნებისმიერ ზომაზე უფრო მეტად მოახდენს ეპიდემიაზე გავლენას https://bit.ly/2IyWUzz

ბოლოს, მადლობა ყველას, განსაკუთრებით სამედიცინო პერსონალს, ვინც თავდაუზოგავად შრომობს პაციენტებისთვის. გუშინ პირველად დამიძახეს შესაძლო შემთხვევის სანახავად და ვიცი, რა შეგრძნება აქვს ექიმს, რომელიც საიზოლაციო ოთახში შედის..'' - აღნიშავს მამუკა მაჩაიძე. 


არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

წაიკითხეთ სრულად