Baby Bag

15 თებერვლიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გაგრძელდება

15 თებერვლიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გაგრძელდება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, კიდევ ერთხელ შეფასდა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და 7 დღის მაჩვენებელმა 4%-ზე დაბლა დაიწია.

აღსანიშნავია, რომ სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების დაცვის პროცესს სამინისტრო სისტემატურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს.

მნიშნელოვანია, რომ თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეების მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, აირჩიონ სწავლების დისტანციური ფორმა. თუკი მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ. მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლება დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე - www.online.emis.ge.

რაც შეეხება მასწავლებელთა ტესტირებას, ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, მოხდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე. სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, უნდა მოხდეს სკოლაში დასაქმებული ყველა პირის რეგისტრაცია ბმულზე: https://labour.moh.gov.ge/, რასაც სკოლები თავად უწევენ ორგანიზებას.

რაც შეეხება ბაღებს, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ ცალკე განცხადება გაკეთდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განმარტება გააკეთა:

„ძალიან სასიხარულო ამბავი გვაქვს. როგორც იცით, ეპიდსიტუაცია საშუალებას გვაძლებს, რომ 15 თებერვალს, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი გაგრძელდეს საკლასო ოთახებში. მინდა საზოგადოებას მივულოცო ეს ამბავი.

როგორც იცით, ორშაბათს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე გაგრძელდა სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში, გარდა თბილისის, რუსთავის და ქუთაისის სკოლებისა, ხოლო 15 თებერვლიდან გაგრძელდება ამ 3 ქალაქშიც, შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

რაც შეეხება ბაღებს, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს – ეს პროცესი სკოლებში დაბრუნებას ეტაპობრივად მოჰყვება, კონკრეტულ თარიღებთან დაკავშირებით ცალკე განცხადება გაკეთდება.

აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული სამედიცინო პროტოკოლი, მასწავლებლები გაივლიან რეგულარულ ტესტირებას, შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება, რომ სკოლებში იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო გარემო.“


შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესში ცვლილება შევიდა - მინისტრის ბრძანება

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესში ცვლილება შევიდა - მინისტრის ბრძანება

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესში ცვლილება შევიდა. შესაბამისი ბრძანება, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა.

ბრძანების მიხედვით, აპლიკანტი შესაძლოა იყოს, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებული პრაქტიკოსი მასწავლებელი ან ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც მიღებული აქვს „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის (შემდგომში – ეროვნული სასწავლო გეგმა) შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი ან სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება (ამ შემთხვევაში აუცილებელია სრული ზოგადი განათლების ქონა), წარმატებით აქვს ჩაბარებული „საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 13 სექტემბრის №193/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესით (შემდგომში – „საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესი“) გათვალისწინებული იმ საგნის გამოცდა/დადასტურებული აქვს კომპეტენცია იმ საგანში, რომლის შესაბამისი აკადემიური ხარისხიც/განათლებაც აქვს და დარეგისტრირდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე.

საგნის გამოცდა საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესით გათვალისწინებული საგნის გამოცდა, რომლის წარმატებით ჩაბარების შედეგად აპლიკანტი მოიპოვებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე გასვლის უფლებას.

საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის შესაბამისად დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია, რომლის შედეგად აპლიკანტი მოიპოვებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე გასვლის უფლებას.

დოკუენტის თანახმად, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველია:

ა) საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება, ხოლო მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებული პრაქტიკოსი მასწავლებლის შემთხვევაში – საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის ჩაბარება. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგნის გამოცდა, საგნობრივი კომპეტენციების დადასტურების ტესტირება ტარდება საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის შესაბამისად.

სპეციალურ პროგრამაში მითითებული უნდა იყოს:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების:

ა.ა) სამართლებრივი ფორმა და სრული სახელწოდება;

ა.ბ) იურიდიული მისამართი და პროგრამის განხორციელების ადგილი;

ა.გ) ტელეფონი (ფაქსი) და ელექტრონული ფოსტის მისამართი;

ა.დ) ხელმძღვანელი პირ(ებ)ის ვინაობა მათი საკონტაქტო ტელეფონების მითითებით;

ბ) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება, მიზანი და სწავლის შედეგი;

გ) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობა კრედიტებში;

დ) ინფორმაცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დამტკიცების შესახებ;

ე) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ადგილების ჯამური რაოდენობა და ადგილების რაოდენობა საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თითოეული საგნის მიხედვით ცალ-ცალკე;

ვ) სწავლის საფასური;

ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული საგანი, რომელშიც წარმატებით უნდა ჩააბაროს პირმა გამოცდა/დაადასტუროს კომპეტენცია;

თ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდა;

ი) სწავლების ენა საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით;

კ) აპლიკანტისათვის განსაზღვრული სპეციალური პირობები;

ლ) მართვის სისტემის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.

ბრძანების მიხედვით, საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თითოეული საგნის მიხედვით განსაზღვრული ადგილების შეუვსებლობის შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია შეცვალოს საგნის გამოცდის ჩატარების, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თითოეული საგნის მიხედვით განსაზღვრული ადგილების რაოდენობა ისე, რომ არ შეიცვალოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ადგილების ჯამური რაოდენობა;

როგორც ბრძანებაშია აღნიშული, 2021 წლის ბოლომდე აპლიკანტი შესაძლებელია იყოს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, ასევე მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებული პრაქტიკოსი მასწავლებელი. 

„ამ პუნქტით გათვალისწინებული პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების საფუძველია იმ საგნის გამოცდის ჩაბარება, ხოლო პრაქტიკოსი მასწავლებლის შემთხვევაში საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება იმ საგანში, რომლის სწავლებაც სურს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული პირი, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარუდგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია პირი ჩარიცხოს მის მიერ ჩაბარებული საგნის გამოცდის/საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების შესაბამის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამის მოდულზე. 

ის პირები, რომლებმაც ამ ბრძანების ამოქმედებამდე დაადასტურეს საგნობრივი კომპეტენცია და ჩაირიცხნენ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ჩაითვალონ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხულებად,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.

იხილეთ ​ბრძანება

წაიკითხეთ სრულად