ამის შესახებ ფილოლოგი, პედაგოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს
რამდენი დიდებული მასწავლებელი ჰყავდა ადამიანს, მაგრამ სად არის მისი სიბრძნე, ზნეობა და კეთილგონიერება?
ახლა რას ფიქრობენ: ლაო-ძი, კონფუცი, სოკრატე, პლატონი, არეოპაგელი, რუსთველი, დანტე, ვოლტერი, მიშელ მონტენი ან ფრენსის ბეკონი (ყველას ვინ ჩამოთვლის)? რას ფიქრობენ ბუდა, იეჰოვა და მუჰამედი?
ბოლოს და ბოლოს, რას ფიქრობს იესო?
სადაა მათი ფიქრისა თუ განცდის ნაყოფი?
რატომ დადის ადამიანი მუდმივად უფსკრულის პირას და ჭვავის ყანაში თამაშობს?
შეიძლება ოდესმე გამოსწორდეს კაცის ბუნება, თუ ვერც სიცოცხლე ასწავლის ვერაფერს და ვერც სიკვდილი?
როდისმე უკეთესი გახდება სამყარო?
და რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის?
ბევრი კითხვა დაგროვდა.
მათზე პასუხთა გაცემის მცდელობის ადგილია, უპირველეს ყოვლისა, სკოლა - უფრო მაღალი დანიშნულება და მოწოდება მას არ აქვს.
სადაც ამას ვერ ახერხებენ, ის სკოლა არ ვარგა.
სადაც ახერხებენ, იქ შეუძლიათ სხვა ამოცანათა გადაწყვეტაზეც იფიქრონ.
ყველაფრის სათავე ის არის, რომ ადამიანში ადამიანი აღზარდო.“