Baby Bag

​„თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასდროს შეწყვიტო სწავლა“ - პედაგოგების მოხალისეობრივი შრომა პანდემიის პირობებში

​„თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასდროს შეწყვიტო სწავლა“ - პედაგოგების მოხალისეობრივი შრომა პანდემიის პირობებში

„მოტივირებულ პედაგოგთა კლუბი“, რომელიც სოციალურ ქსელში, Facebook-ზე შეიქმნა, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგების - ნატალია თურქაძისა და მზია კახაძის მიერ, 24 ათასზე მეტ პედაგოგს აერთიანებს. ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, დაეხმაროს პედაგოგებს, გაუმკლავდნენ იმ გამოწვევებს, რომელსაც „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“ სთავაზობს, განვითარდეს პედაგოგებს შორის თანამშრომლობითი გარემო და გაუმჯობესდეს მოსწავლეთა აკადემიური შედეგები.

  

ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ნატალია თურქაძემ ჩვენთან ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც აღმოჩდნენ პანდემიის პერიოდში:

„მოგეხსენებათ, პანდემიამ ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. ჩვენ, პედაგოგებს გამუდმებით გვიწევს ახალ-ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავება, სხვადასხვა პლატფორმის ათვისება სასწავლო რესურსების მოსამზადებლად. ჯონ კოტონ დანას გამონათქვამი - „თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასდროს შეწყვიტო სწავლა“ ჩვენი ჯგუფის დევიზია და ჩვენც ვიზიარებთ ამ მოსაზრებას. ვფიქრობთ, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ისეთი ურთიერთობების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს მასწავლებლებს შორის თანამშრომლობის განვითარებას, რომელიც ზრდის პედაგოგის პროფესიული განვითარების ტემპს, თავის მხრივ კი, ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლა იღებს მაღალკვალიფიციურ მასწავლებელს, რაც პირდაპირ კავშირშია მოსწავლის დადებით აკადემიურ შედეგთან.

მეგობრები ერთმანეთთან საუბრისას ხშირად ვიხსენებთ რონალდ ბარტის სიტყვებს, რომელიც თანამშრომლობის საჭიროებას შემდეგნაირად აფასებს: „საინტერესოა, რამდენი ბავშვის ცხოვრებას გავხდით წარმატებულს, თუ მასწავლებლები ერთმანეთს გავუზიარებდით იმას, რაც ვიცით“. სწორედ, ამიტომ ქალბატონ მზიასთან ერთად მოვიდა იდეა - ჩვენი კოლეგებისთვის შეგვეთავაზებინა ტრენინგები, ვებინარები და შეხვედრები სხვადასხვა თემაზე. ამისათვის Teams-ში შეიქმნა იგივე დასახელების ჯგუფი, სადაც ძალიან სწრაფად მოხდა პედაგოგების გაწევრიანება და ნოემბრის თვიდან ჯგუფმა ინტენსიურად დაიწყო შეხვედრების განხორციელება. დღემდე ჩატარებული გვაქვს 15 შეხვედრა სხვადასხვა თემაზე, სადაც ერთმანეთს ვუზიარებთ პროფესიულ გამოცდილებას. დაინტერესება იმდენად დიდია, რომ თავდაპირველად პირველივე კვირას მოგვიწია 3-4 შეხვედრის ჩატარება. ჩვენი ჯგუფის მეშვეობით ჩავატარეთ გამოკითხვები, თუ რომელ თემებზე სურდათ პედაგოგებს ტრენინგები. თითოეული მასწავლებელი დაინტერესებულია, რაც შეიძლება მეტად დაეუფლოს ახალ ტექნოლოგიებს, გაიგოს მეტი და სიახლეები დანერგოს თავის პრაქტიკაში, რაც მიმართულია სწავლებისა და კლასის მართვის სტრატეგიების გაუმჯობესებისკენ. ჩვენი მიზანიც ეს არის - კოლეგათა თანამშრომლობა მხოლოდ შეხვედრების დონეზე არ დარჩეს და იგი გაგრძელდეს საკლასო ოთახებსა (იმედია, მალე დავბრუნდებით) და ყოველდღიურ სამუშაო პროცესში,“ - აღნიშნა ნატალია თურქაძემ.

მისივე თქმით, მომავალშიც ბევრ სიახლეს შესთავაზებენ კოლეგებს:

„პედაგოგისთვის მნიშვნელოვანია პროფესიული ქცევა და პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა. ყველას მოგეხსენებათ, რომ პირველ მათგანს არეგულირებს „მასწავლებლის ეთიკის კოდექსი“. რაც შეეხება პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას, იგი გულისხმობს პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებისკენ მუდმივ სწრაფვას, რომელიც ჯანსაღი, კოლაბორაციული თანამშრომლობით მიიღწევა.

აღსანიშნავია ის, რომ შეხვედრების განხორციელებაში სრულად უფასოდ, დიდი დახმარება გაგვიწია სხვადასხვა ტრენერმა და ორგანიზაციამ, რიგითმა პედაგოგებმა. ამისათვის კიდევ ერთხელ გამოვხატავთ უდიდეს მადლიერებას და პატივისცემას მათ მიმართ.

ახალი წლიდან კვლავ ვგეგმავთ მუშაობის გაგრძელებას ამ მიმართულებით და ბევრ სიახლეს შევთავაზებთ ჩვენს კოლეგებს. ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ, ჯანმრთელობას, სიახარულს, წარმატებას და უფლის წყალობას,“ - აღნიშნა ნატალია თურქაძემ.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყა​რო“

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებების ელექტრონულ სისტემაში განთავსება დღეიდან იწყება

მასწავლებლისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებების ელექტრონულ სისტემაში განთავსება დღეიდან იწყება

ზოგადსაგანმათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლის შეფასების შედეგების და მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებების ელექტრონულ სისტემაში განთავსება დღეიდან, 2 დეკემბრიდან იწყება და 17 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

სკოლებმა აღნიშნულ ვადაში მასწავლებლის შედეგებისა და მასწავლებლისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებები უნდა განათავსონ მხოლოდ:

ა) პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის;

ბ) უფროსისა და წამყვანის სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის, რომლებიც 2018-2019 სასწავლო წლის ბოლოს წარდგენილი იყვნენ სქემით განსაზღვრული მომდევნო სტატუსის მინიჭებაზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, მაგრამ პროფესიული საქაღალდე დაუხარვეზდათ;

გ) უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის, რომლებსაც 2018-2019 სასწავლო წლის ბოლოსთვის გავლილი ჰქონდათ გარე დაკვირვება, მაგრამ შეფასების ჯგუფების მიერ არ მოხდა მათი წარდგენა სქემით განსაზღვრული მომდევნო სტატუსის მინიჭებაზე;

დ) უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის, რომლებიც 2018-2019 სასწავლო წლის ბოლოსთვის აკმაყოფილებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 13 ივნისის N102/ნ ბრძანებით დამტკიცებული გარე დაკვირვების წესის შესაბამისად განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ მოპოვებული არ ჰქონდათ 15 კრედიტქულა ან/და განხორცილებული არ ჰქონდათ ყველა სავალდებულო აქტივობა.

იხილეთ ბრძანება

წაიკითხეთ სრულად