მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
„სამწუხარო მატრავმირებელი გამოცდილებები მოზარდებს უხვად აქვთ სკოლიდან,“- ფსიქოლოგი სოფო მახარაძე
ფსიქოლოგმა სოფო მახარაძემ მოზარდობის ასაკში ბავშვის ფსიქიკაზე სასკოლო სივრცის უდიდესი ზეგავლენის შესახებ ისაუბრა:
„მოზარდობის ასაკში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ სასკოლო სივრცე. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად მიწევს შეხება მოზარდებთან. ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც სამწუხარო მატრავმირებელი გამოცდილებები მოზარდებს უხვად აქვთ სკოლიდან. ეს არ ეხება ყველა სკოლას და ყველა პედაგოგს. ჩვენ გვყავს უამრავი მასწავლებელი, რომელიც აბსოლუტურად პირნათლად ასრულებს თავის პასუხისმგებლობას, მაგრამ სამწუხაროდ ბევრია ასეთი შემთხვევები.
საყოველთაო შერცხვენები, საჯარო გაკრიტიკება ბავშვის, პირად, სენსიტიურ თემებზე საჯარო შეურაცხმყოფელი შეხება ბავშვს საკუთარი თავის მნიშვნელობას აკარგვინებს. სკოლის ფუნქცია არ არის მხოლოდ განათლების მიცემა, არამედ მასწავლებლის ფუნქცია არის ყოველ მოსწავლეში უნიკალურის, პერსონალურის აღმოჩენა და წინ წამოწევა. სამწუხაროდ, სკოლა ხშირ შემთხვევაში ამ ფუნქციას ვერ ასრულებს დღეს.
გარდამავალ ასაკში უმნიშვნელოვანესია, რომ ბავშვი იყოს ჩართული ცოდნის მიღების პროცესში, ის ამ პროცესიდან სიამოვნებას იღებდეს და ამ პროცესში საკუთარ თავს გამოხატავდეს. თუ ბავშვი საკუთარ თავს კონსტრუქციულ პროცესში გამოხატავს, ის არასდროს არ წავა, არ ჩაიკეტება და არ ჩაებმება თამაშებში, არასდროს არ მოიხმარს ნარკოტიკს. იქ, სადაც ადამიანი გამოხატავს საკუთარ თავს, მას არ უჩნდება ეს იმპულსი საკუთარი თავის დესტრუქციისა. სკოლის პასუხისმგებლობაა, რომ სასწავლო პროცესი იყოს პროცესზე ორიენტირებული და არა შედეგზე, ნიშანზე, მასწავლებლის მაამებლობაზე, კარგი სამსახურის შოვნაზე. განათლებამ თავისი სულიერი კომპონენტი დაკარგა, მხოლოდ მატერიალური დარჩა მას,“- მოცემულ საკითხზე სოფო მახარაძემ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.