მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაში გამარჯვებული მოსწავლეები „მომავლის ბანაკში“ დაისვენებენ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ნიკო კეცხოველის პრემიის სასკოლო გარემოსდაცვით კონკურსის საფინალო ღონისძიება გახსნეს, რომლის გამარჯვებული 50 ფინალისტი მოსწავლე „მომავლის ბანაკის“ საგზურით დაჯილდოვდება.
2019 წელს კონკურსის თემაა „მდგრადი განვითრების მიზნები“ (SDGs) და ქვეყნის მასშტაბით 500–მდე სკოლას აერთიანებს. გამარჯვებული სკოლები I, II და III ხარისხის ჯილდოებს გადაინაწილებენ და მათ სახელმწიფო, საერთაშორისო და სამეცნიერო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჟიური საქართველოს 32 სკოლის გუნდიდან შეარჩევს. ფინალისტი სკოლები საზოგადოებას იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს წარუდგენენ, რომლებსაც, მთელი წლის განმავლობაში, გლობალური გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს დიდ ქალაქებში, თუ მთის პატარა სოფლებში ახორციელებდნენ.
მასშტაბური სასკოლო გარემოსდაცვით კონკურსი - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია - 2015 წლიდან ტარდება CENN-ის მიერ, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.