მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
რამდენი ოფიციალური დასვენების დღე დარჩა სასწავლო წლის დასრულებამდე
რამდენიმე დღეში სკოლებში სააღდგომო დასვენების დღეები დაიწყება. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სკოლები წითელ პარასკევსა (26 აპრილი) და ორშაბათს (29 აპრილს) დაისვენებენ.
გარდა ამისა, ოფიციალური უქმე დღეებია:
9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე;
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
თუმცა წელს ბოლო ორი დღესასწაული კვირას ემთხვევა.
სასწავლო პროცესი სკოლებში 15 ივნისს სრულდება. პირველკლასელები და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები კი სწავლას მაისის თვეში ასრულებენ - პირველკლასელები 27 მაისს, ხოლო მე-12 კლასის მოსწავლეები - 20 მაისს.