მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აბიტურიენტებს მიმართავს:
„ძვირფასო აბიტურიენტებო,
დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პერიოდი დაიწყო.
მჯერა, რომ რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოთ მომავალში, თითოეული თქვენგანი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს საზოგადოებაში, რადგან კარგად გესმით: ცოდნა და შემოქმედება, ყოველდღიური შრომა და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა არის წინაპირობა თქვენი პირადი კეთილდღეობისა თუ ქვეყნის განვითარებისთვის.
გულითადად გისურვებთ წარმატებებს. იმედი მაქვს, ახალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტებში გააგრძელებთ იმ ცოდნის გაღრმავებას, რომელსაც სკოლებში დაეუფლეთ,“ - აღნიშნავს განათლების მინისტრი.