მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
14-18 ოქტომბერს მასწავლებლებისთვის ვორქშოფი გაიმართება
ქართულ-გერმანულ სამეცნიერო ხიდს (GGSB), რომელიც აერთიანებს გერმანიის რესპუბლიკის ქ. იულიხის კვლევითი ცენტრის (FZJ) ინსტიტუტებს, საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმთან (თსუ, სტუ, ილიაუნი და აგრიუნი) თანამშრომლობის 15 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს.
ამ კონცეფციის ფარგლებში, 2019 წლის 14-18 ოქტომბერს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, JULAB-ის წამყვანი მასწავლებლები ჩაატარებენ ვორქშოფს ქართველი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის, იულაბის ექსპერიმენტული ყუთის გამოყენებით, თემაზე „ელექტრობა“. ისინი ქართველ მასწავლებლებს სახალისო ექსპერიმენტებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებს გააცნობენ, რათა მოსწავლეებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერესი გაუღვივონ. ვორქშოფი მოიცავს როგორც ექსპერიმენტულ, ისე თეორიულ ნაწილს.
ვორქშოფის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს IV-VI კლასების ბუნებისმეტყველების მასწავლებლები. ვორქშოფის სამუშაო ენა - ინგლისური. ვორქშოფი უზრუნველყოფილი იქნება თარჯიმნის მომსახურებით.
ვორქშოფის გავლის შემდგომ, გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.