მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
მასწავლებლისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებების ელექტრონულ სისტემაში განთავსება დღეიდან იწყება
ზოგადსაგანმათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლის შეფასების შედეგების და მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებების ელექტრონულ სისტემაში განთავსება დღეიდან, 2 დეკემბრიდან იწყება და 17 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
სკოლებმა აღნიშნულ ვადაში მასწავლებლის შედეგებისა და მასწავლებლისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებები უნდა განათავსონ მხოლოდ:
ა) პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის;
ბ) უფროსისა და წამყვანის სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის, რომლებიც 2018-2019 სასწავლო წლის ბოლოს წარდგენილი იყვნენ სქემით განსაზღვრული მომდევნო სტატუსის მინიჭებაზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, მაგრამ პროფესიული საქაღალდე დაუხარვეზდათ;
გ) უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის, რომლებსაც 2018-2019 სასწავლო წლის ბოლოსთვის გავლილი ჰქონდათ გარე დაკვირვება, მაგრამ შეფასების ჯგუფების მიერ არ მოხდა მათი წარდგენა სქემით განსაზღვრული მომდევნო სტატუსის მინიჭებაზე;
დ) უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის, რომლებიც 2018-2019 სასწავლო წლის ბოლოსთვის აკმაყოფილებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 13 ივნისის N102/ნ ბრძანებით დამტკიცებული გარე დაკვირვების წესის შესაბამისად განსაზღვრულ მოთხოვნებს, მაგრამ მოპოვებული არ ჰქონდათ 15 კრედიტქულა ან/და განხორცილებული არ ჰქონდათ ყველა სავალდებულო აქტივობა.