მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მომავალი წლიდან ცენტრი საუკეთესო პედაგოგების, დირექტორებისა და დამსახურებული მასწავლებლების გამოვლენას დაიწყებს:
„მომავალი წლიდან 15-ვე საგანში ვაპირებთ ყოველწლიურად გამოვავლინოთ საუკეთესო მასწავლებლები. ასევე გვინდა, წლის საუკეთესო დირექტორის ნომინაციაც შემოვიტანოთ, რატომღაც დირექტორი მივიწყებულია, ყოველთვის პედაგოგებზე ვსაუბრობთ. მესამე სიახლე ისაა, რომ მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გაჭირვების პერიოდში და დღეს სახლში არიან, გვინდა, რომ დამსახურებული პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ. 68-ვე რაიონში გვინდა გამოვავლინოთ ასეთი მასწავლებლები და უკვე დაწყებული გვაქვს ეს პროცესი. მცირედი საჩუქრით გადავუხადოთ მადლობა, რომელიც მათ ნამდვილად ეკუთვნით,“ - განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გადაცემა „ახალ დღეში“.
„სტატუსშეცვლილ პედაგოგებს დანამატი თებერვლიდან დაერიცხებათ,“ - ამის შესახებ Moms.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, 10 რიცხვის მონაცემებით იღებენ ინფორმაციას და რადგან სტატუსის ცვლილება 10 რიცხვის შემდეგ დაიწყო, პედაგოგებს დანამატი მომდევნო თვეში ჩაერიცხებათ:
„დანამატის დარიცხვისას ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ - თუ კონკრეტული თვის 10 რიცხვში ექნება პედაგოგს ახალი სტატუსი და ბაზაში დაფიქსირებული ექნება საათები, დანამატი დაერიცხება იმავე თვეს (ამ შემთხვევაში, იანვარში). ხოლო თუ სტატუსის ცვლილება მოხდება 10 რიცხვის შემდეგ, დამანატი შემდეგი თვიდან (თებერვლიდან) დაირიცხება,“ - უთხრეს Moms.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.
დანამატის დარიცხვასთან დაკავშირებით აქამდე სამინისტროში სხვა ინფორმაციას ავრცელებდნენ. როგორც უწყებაში, აღნიშნავდნენ, დანამატი იანვარშივე დაირიცხებოდა.
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“.