Baby Bag

გზა კაზრეთიდან ლონდონამდე - ლიანა ჯაფარიძის წარმატების ფორმულა

გზა კაზრეთიდან ლონდონამდე - ლიანა ჯაფარიძის წარმატების ფორმულა
ლიანა ჯაფარიძე დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულია. ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი გრანტი მოგვიანებით 100%-იანი დაფინანსებით გაგრძელდა ოქსფორდის მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში. ექიმების ოჯახში გაზრდილმა, ექიმი მამის რჩევით იურიდიულ ფაკულტეტზე გადაწყვიტა ჩაბარება და აღმოაჩინა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სასურველი მიზნის მისაღწევად ძალიან ბევრმა შრომამ და ყოველდღიუმა მუშაობამ შედეგი გამოიღო. ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია იურიდიულ ფაკულტეტზე და მაგისტრებს კონკურენციის სამართალს ასწავლის. საკუთარ გამოცდილებასა და მიღებულ განათლებაზე ლიანა თავად მოგვითხრობს.

„ბავშვობაში, როგორც ყველა, ვიყავი ინტერესიანი და სიახლეების მოყვარული. გამიმართლა რამდენიმე საკითხში, პატარაობიდანვე შემხვდა ისეთი გარემო, სადაც განათლებას ანიჭებდნენ ძალიან დიდ ყურადღებას არამარტო მშობლები, არამედ ბებია-ბაბუის თაობაც. პირველი შეჯახება ხანგრძლივ სწავლასთან ასეთი იყო, ბნელ 90-იანებში რამდენიმე თვისა და ხანდახან წლის განმავლობაში ელექტროენერგია არ იყო და ჩემი ოჯახის წევრები ცდილობდნენ დავეკავებინეთ რაიმე საინტერესოთი. ბებიას ჰქონდა ერთი ასეთი ტრადიცია, როდესაც ერთად შეგვკრებდა შვილიშვილებს ყოველ საღამოს საათ-ნახევარი-ორი საათი შემოგვსხამდა მაგიდასთან და მიდიოდა მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების კითხვა. გაგვიმართლა იმაში, რომ ჩვენს სახლში იყო ყველა ქვეყნის ხალხური ზღაპრების წიგნი, დაწყებული იაპონურიდან და ავსტრალიურიდან, დამთავრებული ჩრდილო ამერიკული ინდიელთა ტომების ზღაპრების ჩათვლით.ჩემთან სახლში წიგნებს საპატიო ადგილი ჰქონდა დათმობილი. განსაკუთრებით ვუფრთხილდებოდით და გვეამაყებოდა ჩვენი წიგნების კოლექცია. ძალიან დიდი გაჭირვების პერიოდშიც კი ახალი წიგნების შეძენა არ წყდებოდა. 

ძალიან დიდი მუხტი და გავლენა ჰქონდა ოჯახს და მათ მოტივაციას, მათ მაგალითს, ამას გარდა აკადემიური გარემო, რომელიც ხელშემწყობი აღმოჩნდა ჩემთვის. მეც არ ვიყავი გარე აქტივობების მოყვარული ბავშვი. უფრო მეტად მაინტერესებდა სახლში, საკუთარ სამყაროში ყოფნა და სიახლეების კეთება. სახლში ჩვეულებრივი ამბავი იყო საინჟინრო და ბიოლოგიური ექსპერიმენტების მოწყობა. მქონდა ჩემი სამყარო, სადაც შემეძლო დიდი მეცნიერი ან კოსმონავტი ვყოფილიყავი და ეს იყო ჩემი მოტივაცია. ჩემთვის განათლება იყო ყოველთვის თავგადასავლების წყარო იმ დროში, როდესაც საკმაოდ შეზღუდული იყო გართობის და თავგადასავლების შესაძლებლობები. კაზრეთშიც, რომელიც ძალიან პატარა დასახლებაა, რა უნდა გადაგვხდენოდა ისეთი განსაკუთრებული, როცა შემეძლო ამეღო ხელში მაინ რიდი და „წავსულიყავი“ ამერიკის პრერიებში სამოგზაუროდ. მინდოდა, რომ კიდევ ბევრი ასეთი თავგადასავალი გადამხდენოდა და დღემდე ჩემთვის სწავლა და განათლების მიღება სწორედ ეს თავგადასავალია“.

ლიანას მშობლები ექიმები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ოჯახში არსებობს ტრადიცია პროფესიის გაგრძელებისა, ლიანამ ეს მიმართულება არ აირჩია. ამბობს, რომ სწორედ მამის რჩევით გადაწყვიტა არ ჩაებარებინა სამედიცინოზე:

დაახლოებით მერვე-მეცხრე კლასიდან ინტენსიური საუბრები მქონდა მშობლებთან პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით. მშობლები ყველა სხვა სიკეთესთან ერთად ჩემი მეგობრებიც იყვნენ. ჩემი პროგრესის გაზიარება მათთან მუდმივად მიმდინარეობა. მახსოვს ერთი ასეთი შემთხვევა, მე და მამა ბიოლოგიის ტურზე მივდიოდით კაზრეთიდან თბილისში და გზაში, ბოლნისის გაჩერებაზე მიყვებოდა ადამიანის გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე, რადგან შეიძლებოდა ეს გამომდგომოდა ტესტებში. თუმცა, ამისდა მიუხედავად, მამა იყო პირველი, რომელმაც მითხრა, რომ ჩემში ექიმს ვერ ხედავდა. მითხრა, რომ სამედიცინო სფერო შეცდომებისგან დაზღვეული არ არის, ამასთან ერთად ჩემი ემოციური ხასიათიდან გამომდინარე დარწმუნებული იყო შეცდომის დაშვების შემთხვევაში ჩემს თავს ამას ვერასოდეს ვაპატიებდი.

მომწონდა და მიტაცებდა გარკვეული საგნები, მაგრამ სკოლის დასრულების შემდეგ არ ვიყავი ჩამოყალიბებული კონკრეტულად რა პროფესიას მინდოდა გავყოლოდი. არ მქონდა განსაკუთრებული მიდრეკილება საგნების მიმართ. თანაბრად მიყვარდა და თანაბრად კარგად ვსწავლობდი, როგორც ტექნიკურ, ასევე, ჰუმანიტარულ საგნებს. აქედან გამომდინარე, ერთი პროფესია არასდროს მქონია არჩეული. ერთადერთი რაც ვიცოდი, მინდოდა ჩემს პროფესიაში გათვალისწინებული ყოფილიყო წერა, კითხვა და ბავშვებთან ურთიერთობა. მამა ამ ყველაფერს აკვირდებოდა წლების განმავლობაში. X-XI კლასში მამამ მითხრა ასეთი რაღაც, რომ შენი ხასიათიდან გამომდინარე მე ექიმს ვერ ვხედავ. მან მირჩია იურიდიულზე ჩაბარება და ამის არგუმენტად დიდი ინფორმაციის დამახსოვრების, მოსმენის, პრობლემის გადაჭრის უნარი და სამართლიანობის შეგრძნება დამისახელა. ჩემი მხრივ ვფიქრობდი, პედაგოგიურზე ან ფსიქოლოგიაზე ჩაბარებას, თუმცა საბოლოოდ შევთანხმდით, რომ ჩავწერდი იურიდიულ ფაკულტეტს და ფსიქოლოგიას, თუმცა მამამ დარწმუნებით მითხრა, რომ სრული დაფინანსებით ჩავაბარებდი იურიდიულზე და მირჩია 2 წელი დავკვირვებოდი რამდენად შევძლებდი ამ ფაკულტეტზე სწავლას. მისგან მქონდა სრული მხარდაჭერა, თუ ვიგრძნობდი, რომ ეს არ იყო ჩემი პროფესია მობილობით გადავიტანდი სხვა ფაკულტეტზე საბუთებს“.

ლიანა უნივერსიტეტში ჩასაბარებლად VIII-IX კლასიდან ემზადებოდა. უცხო ენა, ქართული ენა და ლიტერატურა დაწყებითი კლასებიდან, თუმცა ინტენსიური მომზადების პერიოდი ჰქონდა ბოლო სამი თვე, მშობლების გამოცდილების საფუძველზე:

„არის სწავლების ასეთი მეთოდი, სამჯერადი გამეორების შედეგად გაცილებით უკეთ გამახსოვრდება და ერთბაშად ბევრი მასალის გახსენებას ახერხებ. ბოლო სამი თვე ისე მქონდა დაგეგმილი, რომ სამჯერადი გადამეორება მომესწრო, ერთი დიდი გადამეორება, მეორე შედარებით მცირე და მესამე გამოცდებამდე 3-4 დღით ადრე. ეს იყო საკმაოდ რთული რეჟიმი, მეცადინეობის და ძილის გარდა ვერაფერს ვასწრებდი. თუმცა მხოლოდ ამ სამი თვის შედეგი არ ყოფილა, რაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ვაჩვენე, ამას საკმაოდ ინტენსიური მომზადების პერიოდი უძღვოდა წინ. ჩემთვის წარმოუდგენელია, როდესაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენაში უფრო მაღალ ქულას იღებენ, ვიდრე ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ქართული ენისა და ლიტერატურის 100 ქულიან ტესტში 99 ქულა როცა მივიღე, ჩემს მასწავლებელს ბოდიშს ვუხდიდი, მიცემითი და ნათესაობითი ბრუნვა ავურიე და ერთი კვირა განვიცდიდი. მინდა აღვნიშნო, რომ გამოცდა ჩემთვის არ არის სტრესული გარემო, რადგან ეს ჩემთვის არის პროცესი, სადაც შევდივარ იმ გააზრებით, რომ მაქსიმუმი გაკეთებული მაქვს ჩემი მომზადებით. ოქსფორდის უნივერსიტეტში ხუმრობდნენ ხოლმე, ჩემთვის ორ სათიანი გამოცდა არის 2 საათიანი მონაწილეობა „ფორსაჟის“ ბრძოლაში“.

ლიანა ფლექსის ერთ-ერთი პირველი გამარჯვებულია ბოლნისის რაიონიდან. მისთვის საინტერესო ცხოვრებისეული გამოცდილება იყო გაცვლითი პროგრამით ამერიკაში სწავლა და ცხოვრება:

„პირველივე წელს ჩავაბარე იურიდულ ფაკულტეტზე 100%-იანი დაფინანსებით. პირველი წელი აკადემიური ავიღე, რადგან მაშინ გავიმარჯვე ფლექსში და 1 წელი ვიყავი საზღვარგარეთ. აქ მოხდა საინტერესო რამ, სკოლაში იყო სამართლის კლასი და შესაძლებლობა მქონდა ამერჩია სამართალი. გარდა ამისა, ჰუმანიტარულმა საგნებმა საკმაოდ გამიტაცა. იმ გამოცდილებამ ძალიან გამიადვილა უნივერსიტეტში მიმართულების არჩევაც და ყოველდღიურობასთან გამკლავებაც. ამიტომ ვურჩევ სკოლის მოსწავლეებს, რომ მიიღონ ხოლმე მონაწილეობა ასეთ გაცვლით პროგრამებში, რადგან ეს არის ძალიან კარგი გამოცდილება გაუმკლავდე რუტინას“.

ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ ახალგაზრდა გოგონამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა იურიდიულ ფაკულტეტზე:

„მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სასწავლო პერსონალმა უნივერსიტეტიდან. პირველი შემთხვევა მახსოვს, მაშინდელი რექტორი დავით კერესელიძე გვიკითხავდა ლექციებს. მან ასეთი რამ ბრძანა: პურის ყიდვისას სამ ხელშეკრულებას ვდებთ ერთდროულადო. მაშინ გაჩნდა კითხვა - როგორ? ამას ჩავეჭიდე და ვთქვი, ეს იქნება იმდენად საინტერესო, რომ არ მომბეზრდება 4 წელიწადი. გადმოგვხედა აუდიტორიას და გვითხრა: საკმაოდ კონკურენტუნარიანი ჯგუფი ხართ, 400 ადამიანი ხართ 100%-იანი გრანტით, მაგრამ, რომ იცოდეთ წითელ დიპლომზე დაამთავრებთ ალბათ ორიო. მახსოვს მაშინ გავიფიქრე, მაგ ორიდან ერთი მე ვიქნები-მეთქი. ამის მერე დაიწყო ძალიან საინტერესო პროცესი, ძალიან ბევრმა მაგარმა ადამიანმა, ჩემთვის საინტერესო ენაზე და გასაგები სიტყვებით ბევრ სფეროში ჩამახედა და კარგად დამანახა იურისტის და სამართლის საჭიროება ყოველდღიურ ცხოვრებაში. 2 წლის მერე ვაღიარე, რომ მამა მართალი იყო.

მესამე კურსზე გადავწყვიტე, რომ მაგისტრატურაზე საზღვარგარეთ მესწავლა. ინტენსიურად მოვემზადე და ჩავაბარე toefel-ის გამოცდები. IV კურსის დასაწყისში დავიწყე ამერიკულ და ევროპულ უნივერსიტეტებში მიმართვის გაგზავნა. ერთდროულად ჩავირიცხე 6 უნივერსიტეტში, მაგრამ ვერ მივიღე დაფინანსება, ზოგ შემთხვევაში ნაწილობრივ დამიფინანსდა, თუმცა კოლოსალურ თანხებზე იყო საუბარი (მაგ: 40 000$ წელიწადში), ამიტომ ყველა მათგანისთვის მომიწია უარის თქმა.

შემდეგ დავბრუნდი კაზრეთში. როგორც აღმოჩნდა ძალიან გადაღლილი ვიყავი, რადგან სწავლის პარალელურად ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობდი. ის ერთი წელი ძალების და ენერგიის მოკრების ძალიან კარგი შესაძლებლობა აღმოჩნდა. ვაგრძელებდი გერმანული ენის სწავლას და პარალელურად ვაგრძელებდი საზღვარგარეთ უნივერსიტეტების ძიებას. ჩაბარება ძალიან ადვილია, თუმცა რთულია დაფინანსების მოპოვება, როგორც წესი, ამას ხელს უწყობს რამდენიმე წლიანი სამუშაო გამოცდილება საქართველოში. ამით ჩანს, რომ რაღაც ჩადე ქვეყნის განვითარებაში და შესაბამისად ადვილია იმის დასაბუთება, რომ უკან დაბრუნების შემდეგ რაღაცა ღირებულს კიდევ გააკეთებ. მუდმივად ვეძებდი სამსახურს და ყურადღებას ვამახვილებდი საჯარო სამსახურზე. 2010 წელსვე ჩავაბარე საკვალიფიკაციო გამოცდები. გასაუბრებებზე რომ დავდიოდი, სრულიად შემთხვევით იუსტიციის სამინისტროშიც მომიწია მისვლა. გამოცდაზე ძალიან კარგი შედეგი დავდე, თუმცა არ მქონდა გამოცდილება და ჩემზე უფრო გამოცდილი კადრი აიყვანეს.

ჩვენთან, ზოგადად ძალიან ბევრი რეფორმის მიუხედავად, მაინც ძალიან დიდი პრობლემაა ის, რომ საუნივერსიტეტო პროგრამა და დასაქმების სტანდარტები ერთმანეთს არ შეესაბამება. დიდია იმის ალბათობა, რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ არ გქონდეს უნარები, რომლებიც საჭიროა საქმიანობის დასაწყებად. ეს ივსება, როგორც წესი, სწავლების პარალელური სტაჟირებებით, რომელიც არ არის ანაზღაურებადი, საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს და სწავლის ხარისხი უარესდება. რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტები საკუთარი ცხოვრებისა საწავლის ხარჯებს, ხშირ შემთხვევაში, თვითონ ანაზღაურებენ სწავლის საფასურს პარალელური მუშაობით. მყავდა კურსელი, რომელიც ძალიან ნიჭიერი და შრომისმოყვარე იყო, თუმცა არ ჰქონდა მაღალი ქულები. როდესაც დავინტერესდი მიზეზით, მან მითხრა, რომ მეორე კურსზე იყო, როცა ოჯახის ყველა წევრი დარჩა უმუშევარი და მათი ერთადერთი შემოსავალი იყო ის, რომ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებში ინგლისურ ენაში ამზადებდა. მე ეს პრობლემა არ მქონია, რაც ძალიან დიდ გამართლებად მიმაჩნია ცხოვრებაში. არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ როდესაც ადამიანი საზღვარგარეთ განათლებას იღებს ეს მხოლოდ მისი დამსახურებაა. არის ძალიან ბევრი გარემო ფაქტორი, რომელიც ჩვენზე არაა დამოკიდებული. მაგალითად ოჯახი, იღბალი და ა.შ.

იღბალზე როცა ვსაუბრობ, შავი ზღვის უნივერსიტეტში ერთ-ერთ მორიგ გასაუბრებაზე მისულს შემხვდა ორი უცხოელი და უცხოეთში განათლება მიღებული ადამიანი. ეძებდნენ ასისტენტს. როდესაც მკითხეს ხელფასი, იმდენად მოულოდნელი იყო ვუთხარი 500 ლარი საკმარისი იქნება-მეთქი, ორი კვირის შემდეგ დამიკავშირდნენ და ამიყვანეს სამუშაოდ, იმ კრიტერიუმებით და ქულებით რაც თქვენ გქონდათ წარმოდგენილი, ორმაგი ხელფასი გეკუთვნითო. 2011 წლის სექტემბრიდან დავიწყე მუშაობა შავი ზღვის უნივერსიტეტში ასისტენტად და პარალელურად ვსწავლობდი სამაგისტრო პროგრამაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტერდისციპლინურ ფაკულტეტზე საჯარო მმართველობის მიმართულებით.

იმ ორი წლის განმავლობაში როცა ვსწავლობდი მაგისტრატურაზე და პარალელურად ვმუშაობდი, საშუალება მომეცა განათლება დამენახა ორი მინართულებით, როგორც ადმინისტრატორს და როგორც სტუდენტს. ოქსფორდი არ მქონდა გეგმაში. თუმცა აღმოვაჩინე, რომ ოქსფორდს ჰქონდა ძალიან კარგი კვლევითი ცენტრი. 2012 წელს გამოცხადდა საგრანტო კონკურსი და მიმიღო ოქსფორდმა. შეიძლება არავინ დამიჯეროს, მაგრამ იღბალს ვახსენებ ძალიან ხშირად და სწორედ იღბლის დამსახურება მგონია, რომ ფონდ „ღია საზოგადოებას“ მანამდე დაფინანსება არ გაუცია.

ჩემი მოტივაცია სწავლის დროს იყო, მესწავლებინა სხვებისთვის, როგორ უნდა დაეცვათ საკუთარი უფლებები. ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი, რომ მაისის ბოლოს მივიღე შეტყობინება რომ სრული დაფინანსებით შევძლებდი სწავლას. 1 წლიანი სამართლის მაგისტრატურა 2013-2014 სასწავლო წელი, მაშინდელი კურსით 18 000 გირვანქა დამიფინანსეს და ცხოვრების ხარჯი 10 000 გირვანქა. ასევე, წინასწარი მოსამზადებელი 1 თვიანი პროგრამა იყო სტამბოლში, რომელიც სრულად დაფინანსდა“.

როგორც ლიანა ამბობს, ეს იყო ყველაზე ცუდი და ყველაზე კარგი გამოცდილება, რაც ოქსფორდში მიიღო. ორმაგი ცხოვრება, ტირილი მასალების გამო, რომელიც არ ესმოდა და მეორე - ყველანაირად დამოუკიდებელი ცხოვრების მიჩვევა, ძალიან საინტერესო მეგობრების გაჩენა, ცეკვის კლუბებში მონაწილეობა, საერთო სადილები, მოგზაურობა ლონდონში.

„ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სწავლის გამო ვიტირე. საქართველოში მეტნაკლებად ყველაფერი კარგად გამომდიოდა და ვფიქრობდი, რომ არაფერი იყო ისეთი, რაც არ გამომივიდოდა. ოქსფორდში ჩასვლიდან პირველი ორი კვირა გვქონდა შესავალი კურსები და გაგვაფრთხილეს - „თქვენ მოხვდით იქ, სადაც გგონიათ, რომ მაგრები ხართ, მაგრამ არ ხართ!“ პირველივე ლექციაზე, სადაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სამართალს გავდიოდით, ლექტრომა რატომღაც ჩათვალა, რომ ყველას გვქონდა გარკვეული ცოდნა ამ საგანში, არადა სწორედ იმიტომ ავირჩიე, რომ არაფერი ვიცოდი ამ საგნის შესახებ. მახსოვს, პირველი ლექციის მერე მივედი და ვუთხარი, ძალიან რთულია, მასალას ვერ ვძლევ და იქნებ რაიმე უფრო მარტივი სახელმძღვანელო მირჩიოთ-მეთქი. არ დამავიწყდება მისი შემოხედვა, რადგან, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, თავდაპირველად შემოთავაზებული ყოფილა ყველაზე მარტივი სახელმძღვანელო. მართალია, ფრიადზე დავხურე ეს საგანი, თუმცა თავიდან წიგნში რა ეწერა, ვერ ვიგებდი.

ოქსფორდის მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ 2014 წელს დავბრუნდი საქართველოში და მომდევნო 3 წელი აქ დავრჩი. სამუშაოს ძებნა აღარ იყო რთული, ოქსფორდის მაგისტრატურამ თავისი შედეგი გამოიღო. წელიწად-ნახევარი ვიმუშავე იუსტიციის სამინისტროში, სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტი, რადგან ასოცირების ხელშეკრულება ახალი ხელმოწერილი იყო და სწორედ ამ დეპარტამენტში ხდებოდა კანონებზე მუშაობა. ეს იყო სასწაული მუშაობა, კანონშემოქმედებითობა უმაღლეს დონეზე. შეგვკრიბეს ახალკურსდამთავრებული, ნაკლები სამუშაო გამოცდილების მქონე ხალხი. ყოველდღიურად ვსხდებოდით, ვიკვლევდით ქართულ კანონმდებლობას, ვადარებდით ევროპულს. ერთ-ერთი ყველაზე კარგი გამოცდილება ამ სამსახურიდან იყო ის, რომ ურთიერთობა გვქონდა ამ სფეროს სპეციალისტებთან, რომლებმაც ძალიან კარგად იცოდნენ საქართველოში არსებული სიტუაცია, უბრალოდ არ ჰქონდათ ვეროპული განათლება მიღებული. ეს იყო ყველაზე შემოქმედებითი საქმიანობა, რაც მანამდე შემისრულებია. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კმაყოფილი ვიყავი მუშაობით, კონკურენციის სამართალს ვწყდებოდი და ეს ძალიან მწყვეტდა გულს. არჩევანის წინაშე დავდექი, იყო დეპატრამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა, ან ჩვეულებრივი მრჩევლის ვაკანსია კონკურენციის სააგენტოში. არჩევანი გავაკეთე და შემდეგი წელიწად-ნახევარი ვიყავი კონკურენციის სააგენტოში იურიდიული დეპარტამენტის მრჩევლად. პარალელურად ორჯერ ვცადე ოქსფორდში ჩაბარება. მათ ჩათვალეს, რომ ადრე იყო დოქტორანტურაზე ჩაბარება, ვინაიდან დიდი ყურადღება ექცევა სამუშაო გამოცდილებას და სწავლის შედეგად საკუთარი ქვეყნისათვის მოსატან სავარაუდო სარგებელს. გარდა ამისა, უნდა იყოს დასაბუთებული მიღებული ცოდნა და გამოცდილება რამდენად არის გამოსადეგი რეალურ ცხოვრებაში.

2017 წელს დავიწყე დოქტორანტურაზე სწავლა. ჩემთან ერთად დააფინანსეს ერთი ქართველი დოქტორანტი პოლიტიკის ფაკულტეტზე. ძალიან გამიმართლა, რომ დაფინანსების კუთხით საქართველოში გაჩნდა ახალი პროგრამები და მიდგომა საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებასა და შემდგომ დასაქმებას შორის. 2015 წლიდან დაინერგა ახალი მიდგომა, განათლების სამინისტრომ განსაზღვრა სფეროები, რომლებიც აინტერესებდა და სურდათ, რომ განათლება მიეღოთ ქართველ სტუდენტებს. დაადგინეს ვალდებულება, რომ სტუდენტებს აფინანსებენ სრულად, ან ნაწილობრივ და სწავლის დასრულების შემდგომ სავალდებულოა დაბრუნება და მინიმუმ 3 წელი საქართველოში მუშაობა.

ჩემი დღევანდელი სადოქტორო თემაა „ქართული კონკურენციის სამართლის ჩარჩოს გაუმჯობესება ევროკავშირის გამოცდილების მაგალითზე” - სამეცნიერო დონეზე ვამტკიცებ, როგორ უნდა შეიცვალოს არსებული კანონმდებლობა ისე, რომ უკეთესი იყოს ქვეყნის განვითარებისთვის. სწორედ ასეთ თემებზე მუშაობენ ოქსფორდში და არ ენანებათ ფინანსების ჩადება, წელიწადში 20 დოქტორანტს იღებენ. თემაზე მუშაობის მთავარი პრინციპია, რომ ამ თემამ ვიღაცის ცხოვრება უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს.

საზღვარგარეთ დოქტორანტურაში 3 წლიან სწავლას განათლების საერთაშორისო ცენტრი აფინანსებს, წელიწადში 38 000 გირვანქით, თუმცა დოქტორანტურა შესაძლოა უფრო დიდ ხანს გაგრძელდეს. 3 წლის განმავლობაში სამართლის ფაკულტეტზე სწავლა თითოეული წელი 20 000 გირვანქის ფარგლებში მერყეობს, ხოლო ცხოვრების ხარჯები 18 000 გირვანქა“.

ლიანასთვის პრიორიტეტი საკუთარ სამშობლოში მუშაობაა. მიუხედავად ძალიან დიდი შესაძლებლობისა, იმუშაოს ბრიტანეთში დოქტორანტურის დასრულების შემდეგ, ჰქონდეს მაღალი შემოსავალი და ცხოვრების უკეთესი დონე, საქართველოში დარჩენას ამჯობინებს.

„დღესდღეობით ბრიტანეთის სამართლებრივ სისტემაში კერძო იურისტად მუშაობას თუ მოვინდომებ, უნდა დავიწყო ყველაზე დაბალი საფეხურიდან - ანაზღაურებადი სტაჟიორიდან, პირველი 2 წლის განმავლობაში წლიური ხელფასი იქნება საშუალოდ 60 000 გირვანქა. 2 წლის მერე, ფირმის უმცროსი თანამშრომლის ხელფასი ავტომატურად ორმაგდება. საქართველოში ყველაზე კარგ შემთხვევაში ანაზღაურება შეიძლება იყოს 5 000 ლარი, სტანდარტულ შემთხვევებში 2500-3000 ლარი.

ჩემი მოტივაცია სამშობლოში მუშაობისა არის ის, რომ ეს არის ჩემი ქვეყანა და არც მინდა, რომ სხვა ქვეყანა მქონდეს. ერთი მომენატია, როდესაც ადამიანი თანხის გამო მიდის საზღვარგარეთ, მაგრამ ვინც არ ყოფილა საზღვარგარეთ და ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ უცხოვრია განსხვავებულ კულტურაში, მათთვის ძნელია იმის წარმოდგენა, თუ რამდენად ძვირფასი და ახლობელია ის გარემო, სადაც იზრდები და ადამიანად ყალიბდები. რამდენად რთული და ფსიქოლოგიურად დამთრგუნველია, როდესაც ახალ გარემოში გადასვლას ცდილობ. ეს არ არის მხოლოდ ენის ფაქტორი, სამეგობროს წრის ფაქტორი. ფაქტობრივად შეუძლებელია ახალ კულტურაში ინტეგრირება, საკუთარი თვითმყოფადობა რომ არ დაკარგო. მე ასეთი მიდგომა მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა გვაქვს, რაც გვაქვს ჩვენია.

17 წლიდან ვმოგზაურობ, სამ კონტინენტზე და დაახლოებით 10 ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მიუხედავად იმისა, როგორ განსხვავდება ეკონომიკის დონე, ვფიქრობ, ადამიანური ურთიერთობები დონე და ეკონომიკის დონე პარალელურად არ არის. შეიძლება ვცხოვრობდეთ ღარიბ და განვითარებად ქვეყანაში, მაგრამ გაცილებით უკეთესი ადამიანური ურთიერთობები, გარემო და პოზიტიური დამოკიდებულება გქვონდეს ცხოვრებისადმი, ვიდრე გვაქვს განვითარებულ ქვეყნებში. მიმაჩნია, რომ შესაძლებელია ვაკეთოთ საყვარელი საქმე გაცილებით ნაკლები ანაზრაურების ფასად, ისე რომ სარგებელი მოვუტანოთ საკუთარ ქვეყანას. განათლება არ იკარგება, შეუძლებელია ადამიანმა განათლება მიიღოს და ეს სადღაც არ გამოადგეს. ყოველთვის მოხერხდება ის, რომ საკუთარი განათლებით ადამიანმა ღირსეული ცხოვრებისთვის საკმარისი ფინანსური შემოსავალი მიიღოს. არის ფინანსების გარკვეული რაოდენობა, რომლის შემდეგაც ადამიანს რაც არ უნდა დიდი თანხა ჰქონდეს, ამ თანხის გამომუშავება ვერ ანიჭებს სიამოვნებას.

სხვათაშორის, ეს ლონდონში რამდენიმე ძალიან წარმატებული ქალისგან მომისმენია, ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ დაიწყეს მუშაობა იურიდიულ ფირმებში, არიან ძალიან წარმატებულები და ლამაზები, უბრალოდ 10 წლის გასვლის შემდეგ მათ დაკარგეს ინტერესო საკუთარი პროფესიის მიმართ. მთელი მათი ცხოვრება პროფესიაზეა აწყობილი, ანაზღაურება კი მოითხოვს გარკვეულ მსხვერპლს, რაც გულისხმობს, რომ მათ პირადი ცხოვრება არ აქვთ. გარკვეული პერიოდის შემდეგ დგებიან არჩევანის წინაშე, ან შექმნან ოჯახი და აწყობილი კარიერას თავი დაანებონ, ან უნდა გააგრძელონ ცხოვრება ისე, რომ არ ჰქონდეთ დრო პირადი ბედნიერებისთვის. ბრიტანეთში ფულზე ორიენტირებული საზოგადოებაა, თუმცა დიდი ნაწილი ირჩევს, რომ ჰქონდეთ შედარებით ნაკლები შემოსავალი, მაგრამ კარგად აწყობილი პირადი ცხოვრება“.

საინტერესო საუბრის დასასრულს ლიანას ვთხოვე რჩევა მიეცა მოსწავლეებისათვის, რომლებიც ახლა იწყებენ ფიქრს საკუთარ მომავალ პროფესიაზე და ოცნებების რეალობად ქცევას გეგმავენ:

„რადგან მეც კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ვიყავი, ვუსურვებ, რომ იოცნებონ, ვინაიდან ყველაფერი ოცნებიდან იწყება. ოცნება ცოტა შემაშინებელი რამ არის და ხშირად ფიქრობენ რომ არ ახდება, რაც არასწორია. ბავშვებს ვუსურვებ, რომ არ შეეშინდეთ ამ ოცნებების რეალობაში განხორციელება. საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია, ბევრი იმედგაცრუებაც შეიძლება იყოს, ბევრი გადასალახი მომენტიც, თუმცა რაც არ უნდა მოხდეს, ვუსურვებ, რომ არ შეეშვან ოცნებას და იმუშაონ მიზნის მისაღწევად პატარ-პატარა ნაბიჯებით. ამის გაკეთება არ ხდება ერთბაშად და ერთი ამოსუნთქვით, ეს ხდება ყოველდღიური, მცირე მუშაობით. ყოველი დღის ნაბიჯები რომ შეიკრიბება, რასაც ყოველდღიურად გადადგამენ, რამდენიმე წლის მერე ახდენს ხოლმე სწორედ იმ მთავარ სასწაულს. არ არის მიუღწევადი და ამის უნდა სჯეროდეთ. ის, რომ პატარა დაბიდან თუ სოფლიდან არიან, არანაირ წინაღობას არ წარმოადგენს. მთავარია მოტივაცია, მცდელობა და იმის რწმენა, რომ ყველაფერი კარგად იქნება მათ ცხოვრებაში და მიუხედავად პატარ-პატარა წარუმატებლობებისა ყველაფერი მათ სასიკეთოდ ხდება“.

ავტორი: მარიამ ბერია 

შეიძლება დაინტერესდეთ

დისტანციური სწავლება - მრავალფეროვანი მიდგომების შესაძლებლობა საჯარო სკოლებში

დისტანციური სწავლება - მრავალფეროვანი მიდგომების შესაძლებლობა საჯარო სკოლებში

დღეისათვის ინფორმატიზაცია არსებით გავლენას ახდენს ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროზე, განათლების სფეროს ჩათვლით. ეს განპირობებულია საზოგადოების ინფორმატიზაციის მიზნით, სადაც მართვის მთავარი ობიექტი ხდება არა მატერიალური ობიექტები, არამედ სიმბოლოები, იდეები, წარმოსახვები, ინტელექტი, ცოდნა, ანუ, ინფორმაციული პროდუქტის წარმოება ხდება საზოგადოების სწავლებისა და განვითარების მამოძრავებელ ძალად. 

საქართველოში განათლების რეფორმირების ერთ-ერთ ყველაზე საგულისხმო შემადგენელს წარმოადგენს სკოლების საგანმანათლებლო სივრცის ინფორმატიზაცია. იცვლება ცოდნის მიღების ფორმები, მეთოდები, ტექნოლოგიები და საშუალებები. მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დისტანციური განათლების სფეროში. უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ხდება დისტანციური სწავლების დადებითი შედეგების შესწავლა, სწავლების განსხვავებული ტექნოლოგიების თანდათანობითი დანერგვა სამეცადინო მანძილზე, რაც მასწავლებლებს აიძულებს სკოლებში მოსწავლეებთან მუშაობის მეთოდების შეცვლასა და ახალი მიდგომების დანერგვას.

დისტანციური განათლების სისტემის აქტუალურობა მდგომარეობს ზოგადად ტექნოლოგიური სფეროდან ინფორმაციულში საზოგადოების პროგრესის გადაადგილებაში. ინფორმაციის სფერო წარმოადგენს მუდმივად განახლებადი და ცვალებადი საბაზისო ცოდნისა და საინიციატივო ინფორმაციის კონგლომერატს. აუცილებელია, ასევე, პროფესიული ცოდნის მოძველების ფაქტის გათვალისწინებაც. საჭიროა მათი განუწყვეტელი განახლება. დისტანციურმა განათლებამ საგანმანათლებლო სკოლის თავისებურებებისა და პრობლემების გათვალისწინებით, შესაძლოა, მოგვცეს უწყვეტი სწავლებისა და ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა აქტუალურობისა და სიახლის დაკარგვის გარეშე. ამასთან, მოცემული სისტემის საყურადღებო უპირატესობას შეადგენს ინფორმაციისა და ცოდნის მიღების შესაძლებლობა, რეალური დროის პრაქტიკულად უდანაკარგოდ და რეალური ადგილმდებარეობისგან დამოუკიდებლად. სწორედ დისტანციურ განათლებას შეუძლია გარშემო ვითარების ნებისმიერ ცვლილებასა და მოთხოვნას უპასუხოს ადეკვატურად და მოქნილად და განახორციელოს აუცილებელი ცვლილებები და დამატებები. დისტანციური განათლების ყველა პრობლემის გადაჭრის გათვალისწინებით განათლების ეს სისტემა შეიძლება გახდეს სწავლების ყველაზე ეფექტურ ფორმად, როგორც ფუნდამენტალურ განათლებასთან შერწყმულად, ასევე, როგორც დამოუკიდებელი ერთეული. თეორიული თვალსაზრისით დისტანციურ განათლებას გააჩნია მთელი რიგი ღირსებებისა და თვით ღირებულებების გაგრძელებად მიჩნეული ზოგი ნაკლოვანება.

დისტანციური სწავლების ფორმა დღეს საშუალებას გვაძლევს, შეიქმნას მასობრივი უწყვეტი თვითშეგნების სისტემები, ინფორმაციის უნივერსალური გაცვლა. გარდა ამისა, დისტანციური სწავლების სისტემები უზრუნველყოფენ თანაბარ შესაძლებლობებს ქვეყნის სოციალურ სტატუსზე (მოსწავლეები, მოსწავლეები, სამოქალაქო და სამხედრო, უმუშევრები და ა.შ.) ქვეყნისა და საზღვარგარეთ, განათლების მიღების უფლების გააზრებისა და ინფორმაციის მიღებას. ეს სისტემაა, რომელსაც შეუძლია მაქსიმალურად ადეკვატური და მოქნილი რეაგირება საზოგადოების საჭიროებებზე და უზრუნველყოს ქვეყნის თითოეული მოქალაქის განათლების კონსტიტუციური უფლების განხორციელება.

ამრიგად, იმისათვის, რომ აღმოიფხვრას აქ აღნიშნული და სხვა ბევრი პრობლემა აუცილებელია განათლების სამინისტროს, საზოგადოების, სკოლისა და მშობლების აქტიური, პასუხისმგებლობითი და არა მოვალეობის მოხდის მცდელობითი კონსოლიდირება, ერთიანად ქმედითი ღონისძიებების დასახვა-გატარება, თანამშრომლობა. აუცილებელია მნიშვნელოვანი და ძირეული ღონისძიებების გატარება, რათა ახლაგაზრდებს ჰქონდეთ სათანადო განათლების მიღებისა და მიღებული ცოდნის შემდგომი რეალიზაციის შესაძლებლობა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისათვის.

სწავლების ამ სისტემას გარკვეული დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს.

დისტანციური სწავლების დადებითი და უარყოფითი მხარე არის საკამათო საკითხი. საჭიროა ყველა ნიუანსის შესწავლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეგიძლიათ გააკეთოთ არასწორი დასკვნები. აქედან გამომდინარე, უპირატესობებთან ერთად შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლეები სწავლის მანძილზე სწავლის საშუალებას აძლევდნენ, რომ არ გამოტოვონ კლასები ერთი მიზეზით ან სხვა. მაგალითად, თუ მოსწავლე ავად არის, უბრალოდ ჩართეთ კომპიუტერი, შეიყვანეთ ვირტუალური კონფერენცია - და შეძლებთ გაკვეთილის დასწრებას. და ეს არ არის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება. ინტერნეტით ზოგჯერ ჩნდება მრავალფეროვნება. მაგრამ ისინი უბრალოდ შეამოწმებენ. ხშირად ის არის დისტანციური სწავლება, რომელიც ხელს უწყობს ხანგრძლივი ავადმყოფობის დროს ან სკოლაში სწავლის შეუძლებლობას ზოგადი ნაკადიდან და სხვა მოსწავლეებთან ერთად.

დისტანციური სწავლების დანერგვის საკითხი განხილულ უნდა იქნას სამი მხრიდან:
  • სოციალური. აქ ყველაფერი მარტივადაა, მოსწავლეები დღეს აქტიურად გამოიყენებენ სოციალურ ქსელებს, ფორუმებსა და ჩატებს, ამიტომაც ინფორმაციის მიწოდების ხერხი დისტანციური სწავლების პირობებში მათთვის ნაცნობი და კომფორტული იქნება.
  • ტექნიკური. ტექნიკური აღჭურვილობის თვალსაზრისით სკოლებში ამ მხრივ ყველაფერი კარგად როდია, არც კომპიუტერებია საკმარისი და არც ინტერნეტთან წვდომაც. კომპიუტერი სახლში ყველა მოსწავლეს არ აქვს. კიდევ ერთი პრობლემა – მასწავლებლებს ყოველთვის დამოუკიდებლად როდი შეუძლიათ, მაგალითად, ვიდეოკონფერენციის ორგანიზება.
  • მეთოდური. მთავარი წინააღმდეგობა ის არის, რომ დისტანციური სწავლების გამოყენებას მაშინ აქვს აზრი, როცა იგი ზრდის განათლების ხარისხს, ზოგადად. თუმცა ამის მიღწევა რთულია უმეტესობისთვის შესაბამისი გამოცდილებისა და გარკვეული უნარების გარეშე.

სკოლაში დისტანციური სწავლების ორგანიზების დროს არსებობს ყველა სახის სასწავლო დაწესებულებებისათვის დამახასიათებელი ტიპობრივი პრობლემები. ბევრ პედაგოგს წარმოექმნება სირთულეები სასწავლო მასალის სტრუქტურირებისა და ადაპტირების პროცესში. ბევრ მასწავლებელს ახასიათებს კონსერვატიზმი და ისინი ყოველმხრივ შეეწინააღმდეგებიან ისეთ სიახლეს, როგორიცაა დისტანციური სწავლება. ისინი მძაფრად დაიცავენ საკუთარ შეხედულებებს და სწავლების ტრადიციულ მეთოდებს.

დისტანციური სწავლების სირთულეებს განეკუთვნება საგანთშორისი კავშირების ფართო გამოყენება და თეორიული დებულებების დიდი მოცულობა. მულტიმედიური ტექნოლოგიები უზრუნველყოფს სიცხადეს მასალის სტრუქტურირებაში სქემების, შედარებითი ცხრილებისა და დიაგრამების სახით, სწავლების მაღალ ესთეტიკურ და ემოციურ დონეს დიდი რაოდენობის დიდაქტიკური მასალის გამოყენებით.

მოსწავლის დისტანციური სწავლება, ან დისტანციური სწავლების ელემენტების გამოყენება წარმოშობს მოსწავლისადმი ინდივიდუალიზებული მიდგომის პირობებს. მოსწავლე დამოუკიდებლად ან მშობლებთან ერთად ირჩევს შემოთავაზებულ დავალებებს შორის სირთულის შესაფერის დონეს, მეცადინეობის დროს, კონტროლის ფორმასა და ა.შ.

ამრიგად, დისტანციური სწავლების ეფექტურობა მიიღწევა საგანმანათლებლო სტანდარტების მოთხოვნებისა და მოსწავლის შესაძლებლობების ყველაზე უფრო სრული და ზუსტი შეთანხმებით. ხდება ყველა ტერიტორიული და დროებრივი შეზღუდვების გათვალისწინება, რომლებსაც აწყდება მოსწავლე და მასწავლებელი. იმასთან, რომ დისტანციური სწავლება შეიძლება ითვალისწინებდეს მოსწავლეების განთავსებას სხვადასხვა ტერიტორიებზე, ბევრი ადასტურებს, რომ ღებულობს ბევრად უფრო მეტ ინდივიდუალურ ყურადღებასა და მასწავლებელთან და მოსწავლეებთან ურთიერთობების შესაძლებლობას, ვიდრე ეს შესაძლებელი იყო ჩვეულებრივი პირობების შემთხვევაში. ხარისხიანი დისტანციური პროგრამა იწვევს მოსწავლეების ჩაბმას ჯგუფური პროექტებისა და ონლაინ დისკუსიების მეშვეობით. ამასთან, მასწავლებლები დროულად პასუხობენ შეკითხვებზე და რეგულარულად აფასებენ მოსწავლეების მუშაობას, ხოლო მოსწავლეებს აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობის უამრავი შესაძლებლობა.

აქედან გამომდინარე, სკოლის გაკვეთილებზე დისტანციური განათლების ეფექტური რეალიზაციის პირობებს განეკუთვნება:
  • მოსწავლეებისათვის დისტანციური განათლება წარმოდგენილი უნდა იყოს სისტემაში;
  • უნდა შეიქმნას ერთიანი ელექტრონული საგანმანათლებლო გარემო, რომელიც უზრუნველყოფს:

1. ყველა მომხმარებლის ურთიერთქმედებას;
2. სასწავლო-მეთოდური რესურსების სისტემატიზებას, რეგულარულ განახლებასა და შენახვას;
3. სასწავლო საქმიანობის მონაწილეთა მხარდაჭერას დისტანციური ტექნოლოგიების მეშვეობით;
4. დისტანციური სასწავლო პროცესისა და მისი ეფექტურობის მონიტორინგს.
5. სასწავლო პროცესის რეალიზება უნდა მოხდეს საათების რაოდენობისა და სწავლების ორგანიზების სპეციფიკის გათვალისწინებით ადაპტირებული სასწავლო გეგმების საფუძველზე;
  • სწავლება უნდა ახდენდეს აუდიტორული და დისტანციური მეცადინეობის, მოსწავლეების დამოუკიდებელი მუშაობის შეთავსებას, ასევე, მოიცავდეს ტრადიციულ სასწავლო-მეთოდურ მასალას;
  • აუცილებელია თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინება;
  • სასწავლო პროცესის რეალიზება უნდა მოხდეს განსხვავებულ რეჟიმებზე (როგორც ონლინე რეჟიმში, როცა სასწავლო ღონისძიებები და პედაგოგთან ურთიერთქმედება ხორციელდება დროის რეალურ რეჟიმში, ასევე, დროის გადადებულ რეჟიმში, რომელიც აძლევს ბავშვს მისთვის მოხერხებულ ნებისმიერ დროს სასწავლო მასალის ათვისების შესაძლებლობას);
  • სასწავლო პროცესს დისტანციური სწავლების ტექნოლოგიების გამოყენებით უნდა უზრუნველყოფდეს მაღალკვალიფიციური პედაგოგიური კოლექტივი, რომელიც მუდმივად ზრუნავს საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

ავტორი: სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ქიარიმ გუმბათოვი 
წაიკითხეთ სრულად