Baby Bag

რა პროექტები განხორციელდა ზოგადი განათლების მიმართულებით 2020 წელს? - მიხეილ ჩხენკელის ანგარიში

რა პროექტები განხორციელდა ზოგადი განათლების მიმართულებით 2020 წელს? - მიხეილ ჩხენკელის ანგარიში

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ ფარგლებში, სამინისტროს მიერ 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობასა და სკოლებში დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვაზე, რისთვისაც ამ პროცესში ჩართულ სახელმწიფო უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

მიხეილ ჩხენკელი: „ჩვენ შევინარჩუნეთ განათლების უწყვეტობა, ხარისხი და ხელმისაწვდომობა და, პანდემიის მიუხედავად, შეუფერხებლად გავაგრძელეთ სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო კოლეგა უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ გამოწვევებით აღსავსე პერიოდში თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის.

ჩვენ სკოლებში წარმატებით დავნერგეთ დისტანციური სწავლება: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დისტანციური სწავლების სხვადასხვა პლატფორმა შევთავაზეთ და ავამოქმედეთ მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული მოდელი – განმავითარებელი შეფასება. ამასთან, განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით, პირველ არხთან თანამშრომლობით დავიწყეთ „ტელესკოლა“, რომელიც უნიკალური საგანმანათლებლო პროექტია.“

დისტანციური სწავლების პროცესის სრულყოფის კუთხით მიხეილ ჩხენკელმა სამინისტროს მიერ საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონმა დისტანციური სწავლება განათლების ერთ-ერთ ფორმად აღიარა. მისი თქმით, სამინისტროს ინიციატივით, დამტკიცდა დისტანციური სწავლების წესი და პირველი სემესტრის სასწავლო ფორმატი ეპიდვითარების შესაბამისად, რეგიონების მიხედვით, განისაზღვრა. გარდა ამისა, მოსწავლეების მშობლებს დისტანციური სწავლების ფორმატის არჩევის შესაძლებლობა მიეცათ, ხოლო მასწავლებლებისთვის, რომელთაც მოუწიათ ორმაგი დატვირთვით მუშაობა, სამინისტრომ დამატებითი ანაზღაურება უზრუნველყო.

მინისტრმა გამოყო სკოლებში ჰიგიენურ-სანიტარული პირობების გაუმჯობესების საკითხი და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით სწავლის დაწყებამდე ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მონიტორინგი განხორციელდა, შეფასდა მათი მზაობა, რეაბილიტირდა 800-მდე საჯარო სკოლის სველი წერტილი და სკოლები აღიჭურვა საჭირო ჰიგიენური საშუალებებით.

მიხეილ ჩხენკელმა განსაკუთრებით აღნიშნა მასწავლებლების როლი პანდემიის დროს განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების დაძლევისა და განათლების უწყვეტობის შენარჩუნების პროცესში და კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა მათ თავდაუზოგავი შრომისთვის.

პრეზენტაციის ფარგლებში, განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით, მინისტრმა პენიტენციურ დაწესებულებაში ბენეფიციარებისთვის საგანმანათლებლო მომსახურების დისტანციური ფორმით მიწოდებაზე, დისტანციური სწავლების არაერთი მხარდამჭერი პროგრამის განვითარებასა („iსკოლა“ და „ვებსკოლა“) და მასწავლებლებისთვის ჩატარებულ ვებინარებზე ისაუბრა. მისი თქმით, ყველა ის პროექტი, რომელიც პანდემიის პერიოდში შეიქმნა, იქნება გრძელვადიანი და აუცილებლად დარჩება საგანმანათლებლო სისტემაში.

რაც შეეხება განათლების სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებას, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს სკოლებში დაიწყო უაღრესად მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პლატფორმის “Minecraft Education Edition”-ის დანერგვა, რაც თამაშზე დაფუძნებულ სწავლებას გულისხმობს და სასწავლო პროცესს უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის. Minecraft-ის საპილოტე პროექტში საქართველოს მასშტაბით 100-მდე მასწავლებელი და 1500-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის პირობებში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად მაღალი შეფასება მისცა კორპორაცია Microsoft-მა და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ხოლო ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OECD) განათლების დირექტორატის ხელმძღვანელმა, COVID-19-ის კრიზისის პირობებში განათლების სისტემის ადაპტაციისა და დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის თვალსაზრისით, საქართველო და ფინეთი ლიდერ ქვეყნებად დაასახელა.

თუ გინდათ, რო განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წ​ყარო“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვს თუ შეეშალა, შენ არ უნდა აგეშალოს ნერვები... რა მოხდა მერე?! უნდა გჯეროდეს, რომ ის გააკეთებს,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

„ბავშვს თუ შეეშალა, შენ არ უნდა აგეშალოს ნერვები... რა მოხდა მერე?! უნდა გჯეროდეს, რომ ის გააკეთებს,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვებთან შემეცნებით და სწავლების სფეროში ზედმეტი სიმკაცრის გამოჩენის მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა:

„ჩვენ ვართ ძალიან მკაცრები და შეუბრალებლები შემეცნებით და სწავლების სფეროში და სრულიად პლასტელინივით უფორმოები ქცევით-ემოციურ სფეროში. ბავშვს რომ მუქარის ტონით ვესაუბრებით, მას ვაგრძნობინებთ, რომ შენ არ ხარ კომპეტენტური, შენ არაფერი არ შეგიძლია. შენ ვერაფერს ვერ გააკეთებ, მე შენ ასეთს არ გიღებ. შენ, მშობელი ხარ ავტორიტეტი მისთვის. შენ ხარ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელსაც იმედს გიცრუებს. კიდევ უფრო შფოთვა აქვს მას ამ დროს და კიდევ უფრო ვერ გააკეთებს რაღაცას.

მუქარები და მსგავსი ტექსტები სწავლების პროცესში არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ ვცდილობთ, რომ ბავშვები წავახალისოთ. არ ვეუბნებით მას, რომ ყველაფერი შეგიძლია, შენ ყველაზე მაგარი ხარ. ამას არ ვეუბნებით. ჩვენ მას ვეუბნებით, რომ შენ შეგეშალა. რა მოხდა მერე?! შენ უნდა გჯეროდეს ამის. შენ არ უნდა აგეშალოს ნერვები. შენც უნდა გჯეროდეს ამის, მაგრამ არ გჯერა, იმიტომ, რომ შენც ნერვები გეშლება, რომ შეეშალა. რა მოხდა მერე?! შენ ხომ ისწავლე ველოსიპედის ტარება. ხომ არ იცოდი და ხომ იცი ახლა?! ისიც ასეა. მოდი, აბა კიდევ ვცადოთ. ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ ბავშვს შეეშალა, მაგრამ გვჯერა, რომ გააკეთებს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. საერთოდ პედაგოგიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი არის ის, რომ ჩვენ გვჯერა,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო:​ „დიალოგოსი“ 

წაიკითხეთ სრულად