Baby Bag

ლადო აფხაზავა „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდო 2019“-ის 10 ფინალისტს შორისაა

ლადო აფხაზავა „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდო 2019“-ის 10 ფინალისტს შორისაა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ლადო აფხაზავა მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაა.

„მასწავლებლის მსოფლიო ჯილდო 2019“-ის ფინალისტები ჰოლივუდელმა მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა გამოაცხადა.

2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალში ლადო აფხაზავასთან ერთად არიან: დებორა გურაფლო - ბრაზილია; დეიზი მერტენსი - ნიდერლანდები; ენდრიუ მოფეტი - დიდი ბრიტანეთი; სვარუპ რავა - ინდოეთი; მელისა სალგუერო - აშშ; მარტინ სალვეტი - არგენტინა; იასოდაი სელვაკუმარანი - ავსტრალია; ჰიდიკაზუ შოტო - იაპონია; პიტერ ტუბიში - კენია. ფინალისტები 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან შეირჩნენ.

„მასწავლებლის მსოფლიო ჯილდო 2019“-ის გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე 2019 წლის 24 მარტს გამოვლინდება და პრიზის სახით ერთ მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

იხილეთ ასევე ლადო აფხაზავას შესახებ მომზადებული სიუჟეტი.

შეიძლება დაინტერესდეთ

სკოლებში ახალი კადრები შედიან

სკოლებში ახალი კადრები შედიან

საქართველოს განათლების სისტემაში პირველად გაჩნდნენ სოციალური მუშაკები, რომლებიც სკოლებში ჯანსაღი, პოზიტიური საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფითა და სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის მხარდაჭერით მოსწავლეებს სხვადასხვა სოციალური ბარიერის დაძლევაში დაეხმარებიან.

მანდატურის სამსახურის მიერ კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეული 28 კვალიფიციური მუშაკი საქართველოს ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრებში, კერძოდ თბილისის, კახეთის, ქვემო ქართლის, აჭარა-გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის ოფისებში, აპრილიდან განაწილდება. კონკურსის გზით დამატებით კიდევ 22 აპლიკანტი შეირჩევა და საბოლოოდ, საქართველოს ყველა რეგიონის ცენტრს ეყოლება სოციალური მუშაკი, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შესაბამის სოციალურ მომსახურებას გაუწევს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ, მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო შატბერაშვილთან ერთად, განათლების სისტემაში დასაქმებულ სოციალურ მუშაკებთან შეხვედრა გამართა და მათთან სკოლებში სოციალური ზრუნვის კომპონენტის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, ზოგადი განათლების სისტემაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება შეამცირებს და აღმოფხვრის საგანმანათლებლო პროცესებში ბავშვების ეფექტიანი ჩართულობისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებს. ამასთან, ისინი აქტიურად ჩაერთვებიან მოზარდების მშობლებთან, მეურვეებთან ან კანონიერ წარმომადგენლებთან კომუნიკაციის პროცესში. კერძოდ, სოციალური მუშაკები საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ცნობიერების ასამაღლებლად, სკოლებსა და ოჯახებში, ბავშვებთან, მათ მშობლებთან, კანონიერ წარმომადგენლებთან, მასწავლებლებთან და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრებსაც გამართავენ.

წაიკითხეთ სრულად