Baby Bag

ლადო აფხაზავა „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდო 2019“-ის 10 ფინალისტს შორისაა

ლადო აფხაზავა „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდო 2019“-ის 10 ფინალისტს შორისაა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ლადო აფხაზავა მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაა.

„მასწავლებლის მსოფლიო ჯილდო 2019“-ის ფინალისტები ჰოლივუდელმა მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა გამოაცხადა.

2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალში ლადო აფხაზავასთან ერთად არიან: დებორა გურაფლო - ბრაზილია; დეიზი მერტენსი - ნიდერლანდები; ენდრიუ მოფეტი - დიდი ბრიტანეთი; სვარუპ რავა - ინდოეთი; მელისა სალგუერო - აშშ; მარტინ სალვეტი - არგენტინა; იასოდაი სელვაკუმარანი - ავსტრალია; ჰიდიკაზუ შოტო - იაპონია; პიტერ ტუბიში - კენია. ფინალისტები 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან შეირჩნენ.

„მასწავლებლის მსოფლიო ჯილდო 2019“-ის გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე 2019 წლის 24 მარტს გამოვლინდება და პრიზის სახით ერთ მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

იხილეთ ასევე ლადო აფხაზავას შესახებ მომზადებული სიუჟეტი.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლებისთვის კონკურსი გამოცხადდა

მასწავლებლებისთვის კონკურსი გამოცხადდა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის, პრესტიჟის ზრდის, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და საზოგადოებისათვის საუკეთესო მასწავლებელთა წარდგენის მიზნით ატარებს ყოველწლიურ კონკურსებს:

2019 წლის საუკეთესო მასწავლებელის გამოსავლენად ცხადდება კონკურსები:

  • 2019 წლის მუსიკის საუკეთესო მასწავლებელი;
  • 2019 წლის სპორტის საუკეთესო მასწავლებელი;
  • 2019 წლის ხელოვნების საუკეთესო მასწავლებელი;

თითოეული კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მუსიკის, სპორტის და ხელოვნების უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს ასაკისა და პედაგოგიური სტაჟის მიუხედავად.

კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და პედაგოგი თვითონ წარადგენს საკუთარ თავს კანდიდატად.

რეგისტრაციის ვადა: 6 ნოემბერი 2019 –20 ნოემბერი 2019

კონკურსში გამარჯვებული უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:


ა) საგნის და მისი სწავლების ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა - რაც გამოვლინდება წერილობით (მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შემოწმება) და ზეპირად (ვიდეოჩანაწერი) წარმოდგენილი „ჩემი პედაგოგიური კრედოს“ საშუალებით ასევე, მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებზე დასწრებით;


ბ) შემოქმედებითი უნარების დემონსტრირება - რაც გამოვლინდება მასწავლებლის მიერ გამოქვეყნებული მასალებით (წერილები, მეთოდური და სასწავლო ლიტერატურა, ბლოგი);


გ) მოსწავლეების სწავლის შედეგების დინამიკა - რაც დადასტურდება მოსწავლეების ქცევის, აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების ამსახველი მასალით;


დ) სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება - რაც დადასტურდება გაკვეთილზე დასწრებით და სხვა გაკვეთილების გეგმების გაცნობით;


ე) ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების სწავლება - რაც გამოვლინდება ეთნიკური, კულტურული, რელიგიური განსხვავებულობის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულებით;


ვ) საზოგადოებრივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა - რაც გამოვლინდება მასწავლებლის მონაწილეობით სასკოლო თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მისი რეპუტაციით და აღიარებით თემის, ადგილობრივი მოსახლეობის, კოლეგების, სკოლის ადმინისტრაციისა და ფართო საზოგადოების მიერ.


ზ) პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება - რაც დადასტურდება მასწავლებლის მუდმივი ზრუნვით როგორც საკუთარ, ისე კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე (ჩართულობა პროფესიული განვითარების სხვადასხვა აქტივობაში; პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა; დამწყები და მომავალი მასწავლებლების მხარდაჭერა კონსულტაციის, მენტორინგის ან სხვა საშუალებებით; სხვა სახის საქმიანობა პროფესიის პოპულარიზაციის მიმართულებით).


თ) სამომავლო განვითარების გეგმები - რაც გამოვლინდება სამომავლო გეგმების შეფასებით, თანმიმდევრულობისა და მრავალფეროვნების მიხედვით.

რეგისატრაციისათვის, ეწვიეთ ბმულს - ​რეგისტრაცია

აპლიკაციებში ყველა ველის შევსება სავალდებულოა. წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილე გამოეთიშება კონკურსს.

საკონკურსო ვიდეოები (მაქსიმუმ 5წთ.) გთხოვთ, გადმოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: sauketesomastsavlebeli@gmail.com

წაიკითხეთ სრულად