Baby Bag

განათლების სამინისტროს ინიციატივით პირველად აუდიო ფორმატის სახელმძღვანელოები შეიქმნა

განათლების სამინისტროს ინიციატივით პირველად აუდიო ფორმატის სახელმძღვანელოები შეიქმნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, უსინათლო და მცირემხედველ IV-VII კლასების მოსწავლეებს აუდიო ფორმატის სახელმძღვანელოებით სწავლის შესაძლებლობა ექნებათ, რაც პანდემიის პირობებში შესაძლებლობას მისცემთ, მიიღონ სრულფასოვანი განათლება. სამინისტროს მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს მათი მაქსიმალური დამოუკიდებლობა და სოციალური ინტეგრაცია.

სამინისტროს მხარდაჭერით აუდიო ფორმატში ინტეგრირდება IV-VII კლასების ყველა გრიფირებული სახელმძღვანელო. შედეგად, გახმოვანებული წიგნებით ისარგებლებენ არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ დაინტერესებული პირებიც, რადგან სახელმძღვანელოები სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეც განთავსდება.

სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის სრული მხარდაჭერით, გრიფირებული სახელმძღვანელოების აუდიო ფორმატში გადაყვანის შესყიდვას სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო განახორციელებს. შესაბამისად, ახლო მომავალში, უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეები უმნიშვნელოვანესი სასწავლო რესურსებით იქნებიან უზრუნველყოფილი.

განათლების ხარისხის ყველასათვის თანაბარი ხელმისაწვდომობა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მხრივ სამინისტროს უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, მოსწავლეთა საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფა, რათა მოხდეს ბავშვის რაც შეიძლება სრულად ჩაბმა სოციალურ ცხოვრებაში და მიღწეულ იქნეს მისი პიროვნების, მათ შორის კულტურული და სულიერი განვითარება.

სწორედ ამ მიზნით, უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეებს სამინისტრომ ბრაილის შრიფტით აწყობილი და რელიეფური ნახატებით დაბეჭდილი ახალი გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოები უკვე გადასცა. აღნიშნული რესურსებით მოსწავლეებს ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ როგორც ტექსტის სახით, ასევე, სახელმძღვანელოებში მოცემული ვიზუალური მასალების ტაქტილური შეხებითაც. სულ მალე კი მოსწავლეებს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების აუდიო ვერსიაც ექნებათ, რაც პანდემიის პირობებში, მათ სასწავლო პროცესში ეფექტურ ჩართულობას შეუწყობს ხელს. სამომავლოდ კი, სახელმძღვანელოების აუდიო ფორმატში გადაყვანა, ეტაპობრივად გაგრძელდება.

შეიძლება დაინტერესდეთ

სიახლე მასწავლებლებისთვის - განათლების სამინისტროს ახალი პროექტი

სიახლე მასწავლებლებისთვის - განათლების სამინისტროს ახალი პროექტი
დღეიდან „ტელესკოლის“ ეთერში გადაცემა „სამასწავლებლო” იწყება.

პროექტი, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პირველი არხისა და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა „კენწეროს“ თანამშრომლობის შედეგია, მიზნად მასწავლებლებისთვის, მშობლებისა და მოსწავლეებისთვის განათლების თანამედროვე გამოწვევებისა და ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარე სიახლეების უკეთ გაცნობას ისახავს.

რა თვისებები უნდა ჰქონდეს მასწავლებელს და როგორ ავუმაღლოთ მოტივაცია მოსწავლეს? რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის ჩართულობა ბავშვის განათლებაში? როგორია შეფასების თანამედროვე სტანდარტების სისტემა და დისტანციური სწავლების საუკეთესო პრაქტიკა?

15 ნოემბრიდან ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, 15:30 საათზე, ამ და სხვა საკითხებზე „სამასწავლებლოში“ განათლების ექსპერტები და მასწავლებლები ისაუბრებენ.
წაიკითხეთ სრულად