Baby Bag

,,სკოლა ვალდებული იქნება, შექმნას სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობები''

,,სკოლა ვალდებული იქნება, შექმნას სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობები''

სკოლა ვალდებული იქნება, სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისათვის შექმნას სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობები. კანონში შესატანი ცვლილების ინიცირება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხორციელდა.

კომიტეტის თავმჯდომარის, გენადი მარგველაშვილის განცხადებით, კანონის 26-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატება ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი დაამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის სტანდარტს.

„კოვიდ19-მა დაგვანახა, რომ ეს აქტუალური საკითხია და სწორად, კომპლექსურად უნდა იყოს გადაჭრილი. აღსანიშნავია, რომ სამინისტროში უკვე მიმდინარეობს სამედიცინო პერსონალის სტანდარტის შემუშავების პროცესი“, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

ცვლილება შედის მოქმედი კანონის თვითონ 26-ე მუხლში, როლის მიხედვითაც, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად დაამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირების წესს.

„კანონპროექტით, 2023 წლის 1 იანვრამდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირება“, - აღნიშნა გენადი მარგველაშვილმა.

დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს. კომიტეტის გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება - მონაწილეთა საყურადღებოდ

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება - მონაწილეთა საყურადღებოდ

2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებულ ტესტირებაზე დარეგისტრირებული იმ პირებისათვის, რომელთაც შეეცვალათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი, გახანგრძლივდა რეგისტრაციის საფასურის გადახდის ვადები მიმდინარე წლის 22 ოქტომბრის 18:00 საათამდე, - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, თუ ამ ვადაში აღნიშნული პირები არ გადაიხდიან დაწესებულ თანხას, მათი რეგისტრაცია გაუქმდება.

გადახდის შესაძლო საშუალებები:

  • ცენტრის ვებგვერდიდან იხ.ბმული - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრებით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
  • ვებგვერდზე epay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
  • OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.
წაიკითხეთ სრულად