Baby Bag

,,განათლების სამინისტრო ციფრულ სწავლებას რეალობად აქცევს'' - კორპორაცია მაიკროსოფტი

,,განათლების სამინისტრო ციფრულ სწავლებას რეალობად აქცევს'' - კორპორაცია მაიკროსოფტი

კორპორაცია Microsoft-ი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების წარმატებით დანერგვასა და უწყებასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას დადებით შეფასებას აძლევს.

კომპანიამ დეტალურად შეისწავლა სამინისტროს მიერ პანდემიისა და პოსტ-პანდემიის პერიოდში, დისტანციური სწავლებისას, მაიკროსოფტის საგანმანათლებლო პროდუქტების დანერგვის პროცესი, უწყების მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები წარმატებულ ნიმუშად აღიარა და ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელი ანალიზი გამოაქვეყნა (Case Study).

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო განათლების სისტემაში მუდმივად ნერგავს ინოვაციას - ვირტუალურ კლასებს, ჩეთბოტებსა და თამაშზე დაფუძნებულ სწავლებას, რათა ქვეყნის მასშტაბით მოხდეს ჰიბრიდული ტექნოლოგიებით გაჯერებული განათლების მიწოდება. ახალი რეფორმის გასააქტიურებლად სამინისტრომ სკოლებისთვის Microsoft 365 და Microsoft Teams პროგრამები შეარჩია,“ - ნათქვამია Microsoft-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.

პუბლიკაციაში მოყვანილია ნაწყვეტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინტერვიუდან, სადაც ის დეტალურად საუბრობს Microsoft-სა და სამინისტროს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ და ხაზს უსვამს სწავლა-სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირების მნიშვნელობას.

მიხეილ ჩხენკელი: „21-ე საუკუნეში ადამიანის საქმიანობაში ციფრულ ტექნოლოგიებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. იმისათვის, რომ მოსწავლეებმა მიიღონ ყოვლისმომცველი განათლება და ამავდროულად იყვნენ კონკურენტუნარიანები სწავლის დამთავრებისთანავე, მათ სჭირდებათ ელექტრონულ რესურსებთან წვდომა. ინტერაქტიული ონლაინ მასალები, ონლაინ კურსები, ერთობლივი სასწავლო ჯგუფები, ციფრული ბიბლიოთეკა, თამაშებზე დაფუძნებული გაკვეთილები - ეს ყველაფერი თანამედროვე სასწავლო გამოცდილების უმთავრესი კომპონენტებია.“

ინტერვიუს დროს, მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე.

„რეფორმამ უნდა შეცვალოს საგნების სწავლების ფილოსოფია. აუცილებელია, რომ სწავლება ყოველთვის იწვევდეს ცნობისმოყვარეობას. ფსიქოლოგები და მასწავლებლები თანხმდებიან, რომ ახალგაზრდები გართობის დროს უკეთესად აღიქვამენ ნებისმიერი სახის მასალას,“- ამბობს მინისტრი Microsoft-ის წარმომადგენლებთან ინტერვიუში.

მაიკროსოფტის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ასევე საუბარია იმ ნაბიჯებზე, რაც უწყებამ მოსწავლეებისთვის ონლაინ-სასწავლო რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით გადადგა, განსაკუთრებით ხაზგასმულია სკოლებში Minecraft Education Edition-ის პროგრამის დანერგვის პროექტი.

„მეტიც, მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესისადმი ინტერესის გაზრდის მიზნით, საქართველოს დაახლოებით 150 სკოლაში, საპილოტე რეჟიმში ჩაშვებულია Minecraft Education Edition პროგრამა, რაც გულისხმობს თამაშზე დაფუძნებულ გაკვეთილებს, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდებს უფრო შემოქმედებითად ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესში.

მიხეილ ჩხენკელი: Minecraft Education Edition განათლებასთან ერთად მოიცავს თამაშს. მისი გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ვირტუალური მუზეუმები, ციხესიმაგრეები, ისტორიული ძეგლები, რაც იწვევს ახალგაზრდის ინტერესს, არა მხოლოდ საკუთარი კულტურის მიმართ, არამედ სხვა კულტურების მიმართაც. სამინისტრო ცდილობს, რომ 2020 წლის სექტემბრამდე, Minecraft პროგრამა საქართველოს საჯარო სკოლების უმეტეს ნაწილში დანერგოს.

კომპიუტერის ცოდნა გახდა სასიცოცხლო უნარი. ჩვენი ციფრული ტრანსფორმაცია გამიზნულია სპეციალურად ახალი თაობის მოსამზადებლად, რომლებიც იცხოვრებენ და იმუშავებენ კიდევ უფრო მეტად ტექნოლოგიურად განვითარებულ სამყაროში," - ნათქვამია მაიკროსოფტის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.

პუბლიკაცია დაფუძნებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლებთან და პროცესში ჩართულ მხარეებთან ჩაღრმავებული ინტერვიუებსა და სტატისტიკური მონაცემების ანალიზზე.

სრული მასალა იხილეთ ​აქ.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწა​ვლებლების სანდო წყარო“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვს თუ შეეშალა, შენ არ უნდა აგეშალოს ნერვები... რა მოხდა მერე?! უნდა გჯეროდეს, რომ ის გააკეთებს,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

„ბავშვს თუ შეეშალა, შენ არ უნდა აგეშალოს ნერვები... რა მოხდა მერე?! უნდა გჯეროდეს, რომ ის გააკეთებს,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვებთან შემეცნებით და სწავლების სფეროში ზედმეტი სიმკაცრის გამოჩენის მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა:

„ჩვენ ვართ ძალიან მკაცრები და შეუბრალებლები შემეცნებით და სწავლების სფეროში და სრულიად პლასტელინივით უფორმოები ქცევით-ემოციურ სფეროში. ბავშვს რომ მუქარის ტონით ვესაუბრებით, მას ვაგრძნობინებთ, რომ შენ არ ხარ კომპეტენტური, შენ არაფერი არ შეგიძლია. შენ ვერაფერს ვერ გააკეთებ, მე შენ ასეთს არ გიღებ. შენ, მშობელი ხარ ავტორიტეტი მისთვის. შენ ხარ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელსაც იმედს გიცრუებს. კიდევ უფრო შფოთვა აქვს მას ამ დროს და კიდევ უფრო ვერ გააკეთებს რაღაცას.

მუქარები და მსგავსი ტექსტები სწავლების პროცესში არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ ვცდილობთ, რომ ბავშვები წავახალისოთ. არ ვეუბნებით მას, რომ ყველაფერი შეგიძლია, შენ ყველაზე მაგარი ხარ. ამას არ ვეუბნებით. ჩვენ მას ვეუბნებით, რომ შენ შეგეშალა. რა მოხდა მერე?! შენ უნდა გჯეროდეს ამის. შენ არ უნდა აგეშალოს ნერვები. შენც უნდა გჯეროდეს ამის, მაგრამ არ გჯერა, იმიტომ, რომ შენც ნერვები გეშლება, რომ შეეშალა. რა მოხდა მერე?! შენ ხომ ისწავლე ველოსიპედის ტარება. ხომ არ იცოდი და ხომ იცი ახლა?! ისიც ასეა. მოდი, აბა კიდევ ვცადოთ. ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ ბავშვს შეეშალა, მაგრამ გვჯერა, რომ გააკეთებს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. საერთოდ პედაგოგიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი არის ის, რომ ჩვენ გვჯერა,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო:​ „დიალოგოსი“ 

წაიკითხეთ სრულად