Baby Bag

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ოქროსა და ვერცხლის მედლის კანდიდატები

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ოქროსა და ვერცხლის მედლის კანდიდატები

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დღეს ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეებისთვის გადასაცემი სერტიფიკატების ფორმები ​გამოაქვეყნა.

რაც შეეხება ​კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ მედალოსანი მოსწავლეები, შემდეგია:

ოქროს მედლის მისაღებად საჭირო კრიტერიუმები

მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 10 დამრგვალების გარეშე და სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე მიიღებს დადებით შეფასებას, იღებს ოქროს მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს.

ვერცხლი მედლის მისაღებად საჭირო კრიტერიუმები: 

მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 ან მეტი და სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე მიიღებს დადებით შეფასებას, იღებს ვერცხლის მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს.

პირზე, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კლასის/კლასების, ან საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები წარჩინებით დაძლია ექსტერნატის ფორმით, ოქროსა და ვერცხლის მედალი და შესაბამისი სერტიფიკატები არ გაიცემა.

მედლებს იღებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლის მოსწავლეები. გადაწყვეტილებას მედლის გაცემის შესახებ კი სკოლა იღებს.

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ დააბეზღოთ ბავშვი მშობელთან, არ უთხრათ, რომ ბავშვი ცუდად იქცევა! ეს ენის მიტანაა,“- შალვა ამონაშვილის მიმართვა მასწავლებლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მასწავლებლებს მიმართა და ურჩია, რომ ბავშვი მშობელთან არასდროს დააბეზღონ:

„როდესაც ბავშვი თქვენთან არის თითქმის მთელი დღე, ოთხი-ხუთი-ექვსი საათი, მერე თქვენგან წაღებული დავალებები სახლში უნდა შეასრულოს, ჩვენ სკოლა შეგვაქვს სახლში. როდესაც ბავშვი თქვენთან ამდენ დროს ატარებს, არ უნდა იწუწუნოთ, რომ ცუდი ნიშანი მიიღო, ცუდად მოიქცა, სიტყვა შემოგიბრუნათ, დაიგვიანდა და სხვა ამგვარი. ესენი თქვენი მოსაგვარებელია. პედაგოგიკა თქვენს ხელთ არის. როდესაც მშობელს შეუთვლით, რომ მისმა შვილმა საკონტროლო ჩაგიშალათ, გადაირევა მშობელი, ყურს აუწევს. ისეთი რამ არ უნდა შეუთვალო მშობელს, რომ მშობელი გაამწარო ბავშვის მიმართ. შენ მიერ დაბეზღებული ბავშვი კლასში გიბოროტდება, შენ გიპირისპირდება.

დაიცავი ბავშვი საკუთარი მშობლისგანაც კი. ზოგიერთი მშობელი ბავშვს თავს ესხმის. მისგანაც უნდა დაიცვა ბავშვი, რომ ბავშვმა შენში თავშესაფარი დაინახოს, როგორიც არ უნდა იყოს ის. თუ გაუჭირდა ბავშვს, გამოდი მის ერთადერთ დამცველად. ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ. დანარჩენი ყველაფერი, რასაც მშობელს ეტყვი აუგად ბავშვზე, ეს დასმენაა. „ცუდი ხელი აქვს, ცუდად წერს...“ რა ქნას ბავშვმა, რა გააკეთოს დედამ, ბავშვი რომ ცუდად წერს?! თქვენ იცით მეთოდიკა, დედამ არ იცის. რა ქნას დედამ ამ დროს?! ეს მასწავლებლის გასაკეთებელია. რატომ ხართ კლასის ხელმძღვანელები? რატომ გეხვეწებით, რომ ბავშვების მეგობრები გახდეთ? ბავშვს თქვენი თავი სჭირდება ჯერ და მერე მხოლოდ ქიმია და ფიზიკა. ჯერ მან თქვენი სიყვარული უნდა დაინახოს და თვინიერი გაგიხდებათ მაშინ. არ დააბეზღოთ ბავშვი მშობელთან. არ უთხრათ, რომ ბავშვი ცუდად იქცევა. ეს ენის მიტანაა. არ დააბეზღოთ ბავშვები!“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

წაიკითხეთ სრულად