„ახალი სქემა ორიენტირებულია მასწავლებლის დასჯის და სამსახურიდან დათხოვნის პირობების განმარტებაზე“ - საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს
საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს. წერილში ასოციაცია მთავრობის მეთაურს ახალი სქემის გაუქმებას სთხოვს. MomsEdu.ge გთავაზობთ წერილს, რომელიც საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაციამ ახლახან გამოაქვეყნა ოფიციალურ გვერდზე.
საქართველოს ზოგადი განათლების სფეროში დასაქმებულთა და სფეროს განვითარებით დაინტერესებულ პირთა ღია წერილი პრემიერ მინისტრს
07 ივლისი, 2020წ
საქართველოს პრემიერ მინისტრს
ბატონ გიორგი გახარიას
ბატონო გიორგი,
უპირველეს ყოვლისა მოგმართავთ თხოვნით და იმედი გვაქვს თქვენი გულისხმიერების, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ირღვევა მასწავლებელთა უფლებები და, თუ თქვენ არ მოახდენთ ჩვენს მიერ წამოჭრილ პრობლემაზე რეაგირებას, ვფიქრობთ, რომ ზოგადსაგანმანათლო დაწესებულებები დარჩება პროფესიონალი კადრის გარეშე და არც ახალგაზრდებს ექნებათ სურვილი, რომ მომავალში დაეუფლონ მასწავლებლის პროფესიას, ვინაიდან "მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა", რომელიც დამტკიცდა 2020 წლის 26 ივნისს, საქართველოს მთავრობის N390 დადგენილებით არ ითვალისწინებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და არ არის ორიენტირებული უკვე არსებული, თუ პროფესიაში შემსვლელი კადრის მოზიდვასა და შენარჩუნებაზე.
ბატონო პრემიერო, მოგმართავთ თხოვნით, გაუქმდეს "მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა" რომელიც მიღებულია 2020 წლის 26 ივნისს საქართველოს მთავრობის N390 დადგენილებით.
დადგენილების გაუქმების მოთხოვნის საფუძველი:
საქართველოს მთავრობის დადგენილება N390 - ით (2020 წლის 26 ივნისი) მიღებული "მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა" არ პასუხობს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნებს, კონკრეტულად, დარღვეულია მითითებული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი, ვინაიდან N390-ე (2020 წლის 26 ივნისი) დადგენილებაში არ იკითხება ცვლილებები საქართველოს მთავრობის N241-ე (2019წლის 23 მაისი) დადგენილებებაში არსებული თავებისა და მუხლების შესაბამისად. საქართველოს მთავრობის დადგენილება N390-ე (2020 წლის 26 ივნისი) წარმოადგენს არსებითად ახალ დოკუმენტს, რომელიც არ ითვალისწინებს მასწავლებლის ინტერესებს. აგრეთვე, საქართველოს მთავრობის დადგენილებაში N390 (2020 წლის 26 ივნისი) არ იძებნება საქართველოს მთვრობის დადგენილების N241 (2019წლის 23 მაისი)
თავი II „ზოგადი დებულება“ და მასში არსებული ჩანაწერი, კონკრეტულად:
თავი II. ზოგადი დებულებები
სქემის მიზანი და ამოცანა:
სქემის უმთავრესი მიზანია მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება მასწავლებლის სისტემური პროფესიული განვითარების გზით. სქემის ამოცანაა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ერთიანი სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიის პრესტიჟის ზრდას, საუკეთესო ახალი კადრების მოზიდვას, არსებული პედაგოგების კვალიფიკაციისა და მოტივაციის ამაღლებას. სქემის დანიშნულებაა:
• მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და შეფასების სისტემის ჰარმონიზაცია;
• მასწავლებლის პროფესიული განვითარების სისტემის გამართვა და დაკავშირება პროფესიულ საქმიანობასთან;
• მასწავლებლის შეფასების კომპლექსური და ეფექტიანი სისტემის შემუშავება, რომელიც დაკავშირებულია კარიერულ ზრდასა და ანაზღაურებასთან;
• ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე პასუხისმგებლობის გადანაწილება და მათი აქტიური ჩართვა მასწავლებელთა პროფესიული
განვითარებისა და შეფასების პროცესში. [საქართველოს მთავრობის N241 დადგენილება (2019წლის 23 მაისი)] დადგენილების გაუქმებაზე უარის შემთხვევაში:
გთხოვთ, განგვიმარტოთ რა მიზანს ემსახურება საქართველოს მთავრობის დადგენილებოთ N390 (2020 წლის 26 ივნისი) დამტკიცებული დოკუმენტის გამოცემა, ვინაიდან მას არ გააჩნია შესავალი (პრემბულა) და არ არის განმარტებული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ მიზანი, ამოცანები და სქემის დანიშნულება. ჩვენი შეფასებით კი, ის წარმოადგენს მხოლოდ მასწავლებლის შეფასების წესს, კრიტერიუმებსა და ინდიკატორებს, შესაბამისად დოკუმენტის შინაარსი არ არის მისი სათაურის რელევანტური. იგი ორიენტირებულია მასწავლებლის დასჯის და სამსახურიდან დათხოვნის პირობების განმარტებაზე. ასევე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით N390 (2020 წლის 26 ივნისი) საქართველოს მთავრობის დადგენილების N241 (2019წლის 23 მაისი), რომელ მუხლებშია შეტანილი ცვლილება და აღნიშნული დადგენილების რა ნაწილშია მოცემული მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს მასწავლებელს "მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის" ფარგლებში? აგრეთვე, გთხოვთ გაგვაცნოთ საქართველოს მთავრობის დადგენილების N241 (2019 წლის 23 მაისი) შესრულების მონიტორინგის შედეგები და განხორციელების პროცესში გამოვლენილი ხარვეზები, რის გამოც დადგა დღის წესრიგში "მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ ახლით ჩანაცვლების აუცილებლობა? საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები: საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი:
ელზა ბადაშვილი (განათლების მეცნიერებათა დოქტორი)
ზოგადი განათლების სფეროს სპეციალისტი: ქეთევან აბესაძე (სტუ-ს სოციალურ მეცნირებათა დოქტორანტი)
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
ირინა აბულაძემ განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა
ირინა აბულაძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:
„მეგობრებო, შემიძლია გაგიზიაროთ ახალი ამბავი. მივიღე გადაწყვეტილება, არსებული პოსტი დავტოვო და ცხადია, გავაგრძელო ამ საქმის და გუნდის ერთგულება რეფორმის დანერგვის შემდეგ ეტაპზე. ჩემს გეგმებზე ოდნავ მოგვიანებით.
ძალიან მოკლედ გავიხსენებ ამ პერიოდის ჩემთვის ერთ-ორ მნიშვნელოვან განვითარებას, და აქვე, პირველ რიგში, დიდ მადლობას გადავუხდი ყოფილ მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს, ჩვენს გუნდს სამინისტროში, ჩემს კოლეგა მინისტრის მოადგილეებს ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და სხვა სამინისტროებიდან, ასეთი აქტიური და ნამდვილად შესაშური (7/24) თანამშრომლობისთვის!
პირველი ოფიციალური შეხვედრა, დანიშვნიდან პირველივე შაბათს ფინანსთა სამინისტროში გვქონდა, სადაც ითქვა, რომ უნდა დაიდოს განათლების რეფორმის სისტემური ხედვა ყველა დონეზე, არა ცალკეულად აღებული ზოგადი ან რომელიმე საფეხურის. რა თქმა უნდა აქ მნიშვნელოვანი მათ შორის კავშირების დანახვა იყო,თუ როგორ უწყობს თითოეული საფეხურის განვითარება, შემდეგის განვითარებას ხელს. იმ და შემდეგ ბევრ შეხვედრაზე, მათშორის საერთაშორისო და საფინანსო ორგანიზაციებთან ვმსჯელობდით განათლების სისტემის განვითარებაზე, კვლევებზე და საქართველოს სპეციფიკაზე, ესგ ჯგუფის მიერ მომზადებულ კონცეფციაზე, რომელიც რეფორმის დაწყებას სწორედ საკლასო ოთახიდან გულისხმობდა... მიღწევებზე და იმ ფუნდამენტზე, რაზეც აუცილებლად უნდა დაშენებულიყო ეს ხედვა. ამ ყველაფერთან სინქრონში დავიწყეთ მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება, საპენსიო ასაკს მიღწეულ მასწავლებლებს შევთავაზეთ არჩევანი - სურვილის შემთხვევაში მათი ღირსეული გაცილების გზით.
წახალისებაზე ორიენტირებული სისტემა, სკოლების მართვის სისტემის ეფექტიანობის გაზრდა, ამისათვის სკოლების "დარუქების" პროექტის დაწყება (რომლის სოფტი MCC/MCA შეგვიძინა), - სადაც EMIS ბაზაზე ამ ეტაპისთვის სისტემაში ჩაშენდა უამრავი მონაცემი და დაიხაზა საფეხმავლო გზებიც კი, უბნის დონეზეა შესული მონაცემები მოსწავლების შესახებ და განათლებაზე ხელმისაწვდომობის სრული ანალიზია შესაძლებელი. შემდგომ კი მოსწავლეთა შედეგების და სკოლების თვით/შეფასების ინტეგრირების შესაძლებლობას იძლევა.. ეს ყველაფერი კი მიმართულია სკოლების გაძლიერებისკენ გადაიქცნენ სოციალურ-კულტურულ, მულტიფუნქციურ განათლებისა და აღზრდის კერებად, რაც ასე მნიშვნელოვანია ქვეყნის, რეგიონის და სოფლის გასაძლიერებლად. ამ ხედვის შეთავაზებით, წელიწადნახევარში 300 მლნ ზე მეტი აშშ დოლარის საინვესტიციო პროექტების მოძიება გახდა შესაძლებელი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან და ყოველწოიურად მნიშვნელოვნად მზარდი სახელმწიფო ბიუჯეტის დადასტურება! დიდი მადლობა თითოეულ მასწავლებელს, განათლების მუშაკებს, ჩვენს ყველა დარგობრივ, ფინანასურ და ადმინისტრაციულ დეპარტამენტს, ჩვენს სსიპ-ებს, საერთაშორისო პარტნიორებს, და პოლიტიკურ გუნდს!
“რეფორმა”- პროცესია, მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარება და მდგრადობა, მონაცემებზე დაფუძნებით მუდმივი დახვეწა. ყველაფერი გრძელდება და კიდევ უამრავ და მასშტაბურ სიახლეს შემოგვთავაზებს, რაშიც დიდ წარმატებას ვუსურვებ სამინისტროში ჩემს კოლეგებს! და რა თქმა უნდა, მადლობა მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს, მისი ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, ჩვენი თანამშრომლობის ყველა ეტაპზე!“ - წერს ირინა აბულაძე.