Baby Bag

განათლების სამინისტრო სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის ემზადება

განათლების სამინისტრო სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის ემზადება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით რესურსცენტრების წარმომადგენლებთან და სკოლის დირექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, რომ სამინისტრო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებთან და ეპიდემიოლოგებთან ერთად აქტიურად მუშაობს სკოლებისთვის განკუთვნილ უსაფრთხოების წესებსა და რეკომენდაციებზე, რომელთა შემუშავებისას მნიშვნელოვანია სკოლებისა და რესურსცენტრების ჩართულობა, რათა სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეთა უსაფრთხოება და ინტერესი მაქსიმალურად იყოს დაცული.

ეკატერინე დგებუაძის თქმით, უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვისა და სასწავლო პროცესის რეგულირების შესახებ დოკუმენტი, რომლის შემუშავებაში სამინისტროსთან ერთად მონაწილეობენ როგორც სკოლის დირექტორები, რესურსცენტრის ხელმძღვანელები და განათლების ექსპერტები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზანიზაციების წარმომადგენლებიც, ითვალისწინებს ყველა იმ საჭიროებას, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციასა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის აუცილებლობას უკავშირდება.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მხარეებს ზოგადი განათლების მიმართულებით კონკრეტულ გამოწვევებზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე საუბრის საშუალებაც მიეცათ.

ახალი სასწავლო წლის დაწყების მოახლოებასთან ერთად სამინისტრო გააგრძელებს მხარეებს შორის თანამშრომლობას.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბატონო მიხეილ, მინდა, ამას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ“ - პერმიერ-მინისტრის დავალება განათლების ახალ მინისტრს

„ბატონო მიხეილ, მინდა, ამას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ“ - პერმიერ-მინისტრის დავალება განათლების ახალ მინისტრს

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და დავავალო ბატონ მიხეილს, რომ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ პროფესიულ განათლებას. პროფესიული განათლება დღეს ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომ ჩვენ შევძლოთ უახლოესი წლების განმალობაში აღმოვფხვრათ ის დისბალანსი, რაც გვაქვს შრომის ბაზარზე. ბატონო მიხეილ, მინდა ამას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ“, - ეს არის პირველი დავალება, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განათლების ახალ მინისტრს მიხეილ ჩხენკელს მისცა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიხეილ ჩხენკელი შეძლებს სწრაფად, დროის დაკარგვის გარეშე განაგრძოს ის რეფორმები, რომლებიც წარმატებით მიმდინარეობს განათლების სამინისტროში:

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი მიხეილი განათლების სისტემური რეფორმის თვალსაზრისით, ჩართული იყო როგორც ამ რეფორმის მომზადების, შემდგომ ამ რეფორმის განხორციელების ყველა ეტაპზე და შესაბამისად, მან ზედმიწევნით ზუსტად იცის, რა ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში განათლების სამინისტროში, როგორ მზადდებდა ეს რეფორმა და როგორ ხდებოდა მისი აღსრულება. ეს არის ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და სწორედ ამიტომ, რა თქმა უნდა, სხვა ღირსებებთან ერთად ბატონი მიხეილი შეძლებს სწრაფად, დროის დაკარგვის გარეშე განაგრძოს ის რეფორმები, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს განათლების სამინისტროში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

წაიკითხეთ სრულად