Baby Bag

განათლების სამინისტრო სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის ემზადება

განათლების სამინისტრო სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის ემზადება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით რესურსცენტრების წარმომადგენლებთან და სკოლის დირექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, რომ სამინისტრო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებთან და ეპიდემიოლოგებთან ერთად აქტიურად მუშაობს სკოლებისთვის განკუთვნილ უსაფრთხოების წესებსა და რეკომენდაციებზე, რომელთა შემუშავებისას მნიშვნელოვანია სკოლებისა და რესურსცენტრების ჩართულობა, რათა სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეთა უსაფრთხოება და ინტერესი მაქსიმალურად იყოს დაცული.

ეკატერინე დგებუაძის თქმით, უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვისა და სასწავლო პროცესის რეგულირების შესახებ დოკუმენტი, რომლის შემუშავებაში სამინისტროსთან ერთად მონაწილეობენ როგორც სკოლის დირექტორები, რესურსცენტრის ხელმძღვანელები და განათლების ექსპერტები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზანიზაციების წარმომადგენლებიც, ითვალისწინებს ყველა იმ საჭიროებას, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციასა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის აუცილებლობას უკავშირდება.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მხარეებს ზოგადი განათლების მიმართულებით კონკრეტულ გამოწვევებზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე საუბრის საშუალებაც მიეცათ.

ახალი სასწავლო წლის დაწყების მოახლოებასთან ერთად სამინისტრო გააგრძელებს მხარეებს შორის თანამშრომლობას.

შეიძლება დაინტერესდეთ

ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით, სსსმ მოსწავლეებისათვის ალტერნატიული სასწავლო გეგმა შეიქმნა

ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით, სსსმ მოსწავლეებისათვის ალტერნატიული სასწავლო გეგმა შეიქმნა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროს წარმომადგენლებთან და განათლების ექსპერტებთან ერთად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ალტერნატიული სასწავლო გეგმების პრეზენტაცია გამართა, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველა მოსწავლის საჭიროებაზე მორგებული სასწავლო პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით, მძიმე და ღრმა ინტელექტუალური პრობლემის მქონე მოსწავლეებისთვის ალტერნატიული სასწავლო გეგმა შეიქმნა. 

„გეგმის ფარგლებში შემუშავებული სასწავლო და საათობრივი ბადე სსსმ მოსწავლეს საშუალებას მისცემს გამოიმუშაოს კოგნიტურ, სოციალური, მოტორული, ვიზუალურ-სმენითი, ტაქტილური, კინესტეთიკური და სხვა განვითარებისთვის აუცილებელი უნარები, რაც მოსწავლეთა სასწავლო პროცესში, სოციალურ ურთიერთობებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მაქსიმალური ჩართულობის საშუალებას იძლევა,“ - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამინისტრომ სსსმ მოსწავლეთა განათლების ხელშეწყობის მიზნით შეიმუშავა:

  • ალტერნატიული სასწავლო გეგმა მძიმე და მრავლობითი გონებრივი დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის;
  • სენსორული სასწავლო გეგმა გონებრივი და ფიზიკური განვითარების უმძიმესი და მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის;
  • ჟესტური ენის სტანდარტი ყრუ და სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის;
  • გაფართოებული სასწავლო გეგმა სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის.
წაიკითხეთ სრულად