Baby Bag

განათლების სამინისტრო სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის ემზადება

განათლების სამინისტრო სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის ემზადება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით რესურსცენტრების წარმომადგენლებთან და სკოლის დირექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, რომ სამინისტრო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებთან და ეპიდემიოლოგებთან ერთად აქტიურად მუშაობს სკოლებისთვის განკუთვნილ უსაფრთხოების წესებსა და რეკომენდაციებზე, რომელთა შემუშავებისას მნიშვნელოვანია სკოლებისა და რესურსცენტრების ჩართულობა, რათა სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეთა უსაფრთხოება და ინტერესი მაქსიმალურად იყოს დაცული.

ეკატერინე დგებუაძის თქმით, უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვისა და სასწავლო პროცესის რეგულირების შესახებ დოკუმენტი, რომლის შემუშავებაში სამინისტროსთან ერთად მონაწილეობენ როგორც სკოლის დირექტორები, რესურსცენტრის ხელმძღვანელები და განათლების ექსპერტები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზანიზაციების წარმომადგენლებიც, ითვალისწინებს ყველა იმ საჭიროებას, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციასა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის აუცილებლობას უკავშირდება.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მხარეებს ზოგადი განათლების მიმართულებით კონკრეტულ გამოწვევებზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე საუბრის საშუალებაც მიეცათ.

ახალი სასწავლო წლის დაწყების მოახლოებასთან ერთად სამინისტრო გააგრძელებს მხარეებს შორის თანამშრომლობას.

შეიძლება დაინტერესდეთ

სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები ცნობილია

სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები ცნობილია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგებს აქვეყნებს. 
ცენტრის ცნობით, საკუთარი შედეგის გასაგებად სტუდენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე ​online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო ბარათზე დატანილი ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი.

​შედეგების გაგება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც. ამისათვის გამოსაცდელმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას). ტესტის მაქსიმალური ქულაა 42.

​სახელმწიფო ასიგნებებიდან ამ კონკურსისთვის გამოყოფილი თანხა, რეიტინგული მაჩვენებლის მიხედვით, გადანაწილდება საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტებზე.
წაიკითხეთ სრულად