Baby Bag

განათლების სამინისტრო სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის ემზადება

განათლების სამინისტრო სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის ემზადება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით რესურსცენტრების წარმომადგენლებთან და სკოლის დირექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ეკატერინე დგებუაძემ აღნიშნა, რომ სამინისტრო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებთან და ეპიდემიოლოგებთან ერთად აქტიურად მუშაობს სკოლებისთვის განკუთვნილ უსაფრთხოების წესებსა და რეკომენდაციებზე, რომელთა შემუშავებისას მნიშვნელოვანია სკოლებისა და რესურსცენტრების ჩართულობა, რათა სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეთა უსაფრთხოება და ინტერესი მაქსიმალურად იყოს დაცული.

ეკატერინე დგებუაძის თქმით, უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვისა და სასწავლო პროცესის რეგულირების შესახებ დოკუმენტი, რომლის შემუშავებაში სამინისტროსთან ერთად მონაწილეობენ როგორც სკოლის დირექტორები, რესურსცენტრის ხელმძღვანელები და განათლების ექსპერტები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზანიზაციების წარმომადგენლებიც, ითვალისწინებს ყველა იმ საჭიროებას, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციასა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის აუცილებლობას უკავშირდება.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მხარეებს ზოგადი განათლების მიმართულებით კონკრეტულ გამოწვევებზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე საუბრის საშუალებაც მიეცათ.

ახალი სასწავლო წლის დაწყების მოახლოებასთან ერთად სამინისტრო გააგრძელებს მხარეებს შორის თანამშრომლობას.

შეიძლება დაინტერესდეთ

„სასწავლო წელი არ დაიწყება ისე, თუ 15 სექტემბრამდე ინსპექტირების სამსახური არ შეამოწმებს, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებს“ - ეკატერინე დგებუაძე

„სასწავლო წელი არ დაიწყება ისე, თუ 15 სექტემბრამდე ჯანდაცვის სამინისტროში არსებული ინსპექტირების სამსახური არ შეამოწმებს, როგორც ყველა საჯარო სკოლას, ასევე კერძო სკოლას,“ - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სასწავლო პროცესის დაწყების გადადება არ იგეგმება.

„დღეს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განხილული იყო ახალი სასწავლო წლის დაწყების საკითხი. ასევე, განხილული იყო ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ყოველივე აღნიშნულიდან მიღებულ იქნა კიდევ ერთხელ გადაწყვეტილება, რომ 15 სექტემბერს დაიწყება სასწავლო წელი. სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, განათლების სამინისტრომ გააკეთა განცხადება - შემუშავებულია სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაციები, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მიერ არის დამტკიცებული და შესაბამისი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით საჯარო და კერძო სკოლებს დაწყებული აქვთ სასწავლო პროცესის ორგანიზება,“ - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

მისივე თქმით, 10 სექტემბრისთვის ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება საჭირო ნივთებით: 

არსებული რეკომენდაციების ფარგლებში განსაზღვრულია, ასევე ეპიდ-მდგომარეობიდან გამომდინარე ყველა სავალდებულო აღჭურვა სკოლებისთვის, რომელიც დღეს სახელმწიფომ უკვე უზრუნველყო, რომლის შესყიდვაც უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს სკოლებში სავალდებულოდ საჭირო ნივთების და აღჭურვილობის უზრუნველყოფა. 10 სექტემბრისთვის ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება პირბადეებით, დეზობარიერით, შესაბამისი სითხეებით, ასევე თერმოსკრინინგის აპარატებით და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო წელი არ დაიწყება ისე, თუ 15 სექტემბრამდე ჯანდაცვის სამინისტროში არსებული ინსპექტირების სამსახური არ შეამოწმებს, როგორც ყველა საჯარო სკოლას, ასევე კერძო სკოლას და მხოლოდ მათი დასკვნის შემდეგ მოხდება სასწავლო პროცესის კონკრეტულ სკოლაში დაწყება“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

წაიკითხეთ სრულად