Baby Bag

„სანამ სამოქალაქო განათლებას საათების შევსების როლი ექნება, არაფერი გვეშველება“

„სანამ სამოქალაქო განათლებას საათების შევსების როლი ექნება, არაფერი გვეშველება“

    აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში მასწავლებელი და ტრენერი მანანა ჯინჭარაძე წერს.

    „არ მინდა დაგამძიმოთ, მაგრამ ყველამ აუცილებლად უნდა შევახსენოთ თავს:

    - სანამ სამოქალაქო განათლებას უკან მიდევნებული ლამპარის როლი ექნება, - არაფერი გვეშველება;

    - სანამ სამოქალაქო განათლებას საათების შევსების როლი ექნება, - არაფერი გვეშველება;

    - სანამ სამოქალაქო განათლებას კომპეტენტური ადამიანები არ ასწავლიან, - არაფერი გვეშველება;

    - სანამ სამოქალაქო განათლება ყველაზე პირველი საგანი არ იქნება ესთეტიკური ჯგუფის საგნებთან ერთად, - არაფერი გვეშველება;

    - სანამ მე და საზოგადოებას, ხელოვნებას, მუსიკას და სპორტს თავის ადგილს არ მივუჩენთ, - არაფერი გვეშველება;

    - სანამ ხელოვნებას ისე ვასწავლით, რომ ტკბობის და კათარზისის შანსს არ ვტოვებთ მოსწავლეებში, - არაფერი გვეშველება;

    - სანამ სამოქალაქო განათლება გამჭოლი კომპეტენცია არ იქნება საგანთა შორის, - არაფერი გვეშველება;

    - სანამ ვთვლით, რომ მათემატიკა/სხვა საგანი აუცილებლად უნდა იცოდეს ბავშვმა და არა მოქალაქეობა, - არაფერი გვეშველება;

    - სანამ ვთვლით, რომ სამოქალაქო განათლება თამაშის გაკვეთილია და პროექტი არაფერს ასწავლის, - არაფერი გვეშველება;

    - სანამ თავად მასწავლებლები და მშობლები არ ვიქნებით კარგი მოქალაქეები, - არაფერი გვეშველება;

    - სანამ ფსევდოავტორიტეტები მოძღვრის მანტიას არ მოიშორებენ, - არაფერი გვეშველება;

    - სანამ გვგონია, რომ ის, კერძოდ იმ მასწავლებლის პერსონალური შეცდომა/დანაშაულია, არაფერი გვეშველება;

    - სანამ დეკლარატიული ცოდნა არ გადაგვაქვს პირობისეულში, - არაფერი გვეშველება;

    - სანამ სიტყვას საქმედ არ ვაქცევთ, - არაფერი გვეშველება.

    დავჯდეთ და ვიტრაბახოთ, რომ ცნობილებს ვზრდით.

    მე პირადად, და ალბათ ჩემნაირები, ერთ შეუმჩნეველ ოროსან მოსწავლეს, სამადლოდ დაწერილი ქულებით, 50 კაცში ტელეფონს რომ ამოიღებდა და პატრულში დარეკავდა, მთელ ქვეყანას ვამჯობინებდი.“

    შეიძლება დაინტერესდეთ

    „თავისუფლება თვითნებობაში გვერევა ჩვენ, როგორც წესი... ბავშვს სჭირდება ჩარჩო,“ - თამარ გაგოშიძე

    ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ სწავლის პროცესში ბავშვისადმი ძალადობრივი მეთოდების გამოყენების მანკიერ მხარეებზე ისაუბრა:

    „ვიღაც იტყვის, რომ მე-19 საუკუნეში ჯოხი იყო სწავლების ყველაზე გავრცელებული მეთოდი. მშვენივრად სწავლობდნენ ეს ბავშვები. კონტექსტს აქვს დიდი მნიშვნელობა, იმ გამღიზიანებლებსა და სტრესორების რაოდენობას, რომელსაც ჩვენი ტვინი განიცდის. XXI საუკუნეში მათი დათვლა არის შეუძლებელი. ჯოხი არაფერი არ არის ამათთან შედარებით, რა სტრესორებმაც შეიძლება ადამიანზე იმოქმედოს. ერთი მხრივ, ჩვენ არ ვმართავთ ჩვენი შვილების ქცევას ბავშვობაში. ვფიქრობთ, რომ ეს მისი თავისუფლების შეზღუდვაა. მეორე მხრივ, ჩვენ ვიჭრებით მის თავისუფალ სივრცეში, სადაც მან არჩევანი თვითონ უნდა გააკეთოს.

    ძალიან ხშირად მშობელი 6 წლის ბავშვს არ შეეკითხება და ისე შეიყვანს უცხოენოვან სკოლაში. მერე შეიძლება იყოს სერიოზული ტრაგედიები ამასთან დაკავშირებით. იმან მომავალი უკვე განუსაზღვრა შვილს. სწორიც არის, რომ ბავშვს ჰქონდეს საშუალება სხვა ენაზე რაღაცები გააკეთოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვუყურებთ ბავშვის შესაძლებლობებს, მის არჩევანს. მთავარი საზღვარი რა არის აქ? ვიღაც გეტყვის: ე.ი. ყველაფრის უფლება უნდა მივცე ბავშვს? საბოლოო ჯამში ასე ხდება. თავისუფლება თვითნებობაში გვერევა ჩვენ, როგორც წესი. თავისუფლება ნიშნავს თავისუფალ არჩევანს შეზღუდულ პირობებში. თუ ჩარჩო არ არსებობს, ვხედავთ რა ხდება საზოგადოებაში. ბავშვისთვის ჩარჩო არის ოჯახში დაწესებული წესები, ზნეობრივი კატეგორიები, რომელშიც ბავშვი იზრდება. ჩვენ ვცხოვრობთ უჩარჩოო ქვეყანაში. არც ჩვენ გვაქვს ჩარჩო, ამიტომ ერთმანეთის პერსონალურ სივრცეებში ვიჭრებით. არც დიდი ჩარჩო არ არსებობს. არჩევანის გაკეთება ხდება არა ზნეობრივი კატეგორიით, არამედ როგორც მაწყობს. ეს ბარბაროსულ საზოგადოებას ახასიათებს,“- აღნიშნულ საკითხზე თამარ გაგოშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

    წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

    წაიკითხეთ სრულად