საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებს დოკუმენტი გაუგზავნა, სადაც მომავალი სასწავლო წლისთვის გაკვეთილების ჩატარების სხვადასხვა ფორმატს სთავაზობს, სკოლები კი თავად გადაწყვეტენ, თუ რომელ ვარიანტს აირჩევენ.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თითოეულმა სკოლამ უნდა შეიმუშაოს მის შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებული საგაკვეთილო ცხრილი.
შესაძლოა, ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ 2 ცვლაზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით.
დოკუმენტის მიხედვით, სასწავლო წლის პირველი კვირა უნდა დაეთმოს ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების გაცნობას მოსწავლეებისა და მშობლებისთვის; წესები შეიძლება გააცნონ დამრიგებლებმა, მანდატურებმა და/ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირებმა.
ცვლილება იქნება მოსწავლეთა შეფასებაში, კერძოდ, უპირატესობა უნდა მიენიჭოს კომპლექსური დავალებების კეთებას, რაც იძლევა საშუალებას, გაკვეთილების ნაცვლად ზოგჯერ დაინიშნოს საკონსულტაციო საათები დისტანციურად;
ცვლილება უნდა შევიდეს ესგ-ს იმ ნაწილში, სადაც საუბარია შეფასების სავალდებულო კომპონენტებზე (საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი). სკოლას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მოსწავლეები შეაფასოს მხოლოდ შემაჯამებელი შეფასებით, საკლასო და საშინაო დავალების კომპონენტები იყოს სკოლის სურვილის მიხედვით (რომელიმე კლასში ან კლასებში, ერთ საგანში ან საგნებში).
,,აღნიშნული დოკუმენტი პირველადი ვარიანტია, რომელსაც კიდევ დაემატება ალტერნატივები დასაბოლოოდ, სკოლებიდან მიღებული უკუკავშირის შემდეგ, შეირჩევა საუკეთესო ვარიანტები სკოლების შესაძლებლობებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე,'' - აღნიშნავენ რესურსცენტრების წარმომადგენლები.
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
„ასეთი მშობლები სკოლას არ უყვარს, შეიძლება თქვან: მოვიდა ეს ინტრიგანი და დაიწყებს რაღაცებს,“ - ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე
ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ სკოლასთან დამოკიდებულების მიხედვით მშობლის სამი ტიპის შესახებ ისაუბრა და მათი მახასიათებლები აღწერა:
„პირველ რიგში, შევეხოთ მშობლის გარკვეულ ტიპებს. კონტროლის მიხედვით ასე იყოფა: პირველი, მშობელი სრულად აკონტროლებს სკოლას, არ აკონტროლებს შვილს. მეორე ვარიანტია, რომ სრულად აკონტროლებს შვილს, არ აკონტროლებს სკოლას. მესამე ვარიანტია, რომ არც შვილს არ აკონტროლებს და არც სკოლას. ასეთ მშობელს ეხვეწებიან ხოლმე, იქნებ ნიშანი მაინც გაიგო და ჟურნალში ჩაიხედო. მშობელს მიშვებული აქვს ეს პროცესი.“
ზურაბ მხეიძის თქმით, მშობელი, რომელიც სკოლას აკონტროლებს, სასწავლო დაწესებულებაში არ უყვართ:
„თუ არის მშობელი, რომელიც სულ სკოლას აკონტროლებს, ყველაფერზე პრეტენზია აქვს: აგურზე, საპირფარეშოს სუნზე, თუ მისი შვილი არ სწავლობს ან ვერ სწავლობს, მთლიან პასუხისმგებლობას აკისრებს სკოლის მხარეს. ასეთი მშობლები სკოლას თვითონ არ უყვარს ხოლმე. შეიძლება ხშირად ასეთ მშობელზე თქვან: მოვიდა ეს ინტრიგანი და დაიწყებს რაღაცებს...“
ზურაბ მხეიძემ აღნიშნა, რომ შვილის მუდმივი კონტროლი და სკოლის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება ბავშვს უსამართლობის განცდას უჩენს:
„მეორე მომენტი, როდესაც შვილს აკონტროლებს მუდმივად და სკოლა უკონტროლოდ რჩება მშობელს, შვილია დამნაშავე ყველაფერში. ასეთ შემთხვევაში ცუდ შედეგს ვღებულობთ ბავშვთან ურთიერთობაში, იმიტომ, რომ შეიძლება გავაჩინოთ არასამართლიანობის კომპონენტი. შეიძლება სკოლა იყოს არასწორი და მე მაინც ჩემს შვილთან ვარჩევდე ურთიერთობებს. ეს ბავშვზე იმოქმედებს.“
„კიდევ ერთი სიტუაციაა, რომლითაც სკოლა სარგებლობს. ბავშვები დღის დიდ ნაწილს ატარებენ სკოლაში. ზოგიერთ მშობელს განცდა რჩება, რომ ეს ბავშვები მძევლები არიან ვიღაცების ხელში. მშობლებმა იციან, რომ მათ მიერ სკოლის კრიტიკული შეფასება, შესაძლოა, აისახოს შემდეგ ომში ბავშვთან ურთიერთობაში. ამ მხრივ მე ვუფრთხილდები, რომ სკოლაში მასწავლებელი არ გაბრაზდეს, არ ეწყინოს, დირექტორს არ ეწყინოს,“ - აღნიშნა ზურაბ მხეიძემ.