საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებს დოკუმენტი გაუგზავნა, სადაც მომავალი სასწავლო წლისთვის გაკვეთილების ჩატარების სხვადასხვა ფორმატს სთავაზობს, სკოლები კი თავად გადაწყვეტენ, თუ რომელ ვარიანტს აირჩევენ.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თითოეულმა სკოლამ უნდა შეიმუშაოს მის შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებული საგაკვეთილო ცხრილი.
შესაძლოა, ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ 2 ცვლაზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით.
დოკუმენტის მიხედვით, სასწავლო წლის პირველი კვირა უნდა დაეთმოს ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების გაცნობას მოსწავლეებისა და მშობლებისთვის; წესები შეიძლება გააცნონ დამრიგებლებმა, მანდატურებმა და/ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირებმა.
ცვლილება იქნება მოსწავლეთა შეფასებაში, კერძოდ, უპირატესობა უნდა მიენიჭოს კომპლექსური დავალებების კეთებას, რაც იძლევა საშუალებას, გაკვეთილების ნაცვლად ზოგჯერ დაინიშნოს საკონსულტაციო საათები დისტანციურად;
ცვლილება უნდა შევიდეს ესგ-ს იმ ნაწილში, სადაც საუბარია შეფასების სავალდებულო კომპონენტებზე (საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი). სკოლას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მოსწავლეები შეაფასოს მხოლოდ შემაჯამებელი შეფასებით, საკლასო და საშინაო დავალების კომპონენტები იყოს სკოლის სურვილის მიხედვით (რომელიმე კლასში ან კლასებში, ერთ საგანში ან საგნებში).
,,აღნიშნული დოკუმენტი პირველადი ვარიანტია, რომელსაც კიდევ დაემატება ალტერნატივები დასაბოლოოდ, სკოლებიდან მიღებული უკუკავშირის შემდეგ, შეირჩევა საუკეთესო ვარიანტები სკოლების შესაძლებლობებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე,'' - აღნიშნავენ რესურსცენტრების წარმომადგენლები.
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლას 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის სახელი მიენიჭა
წყალტუბოს სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლას 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მამია ფანცულაიას სახელი მიენიჭა.
მამია ფანცულაია ამავე, სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის ყოველმხრივ გამორჩეული მოსწავლე იყო. სკოლის დასრულების შემდეგ ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა ერაყშიც. ხოლო 2008 წლის აგვისტოში მამია ფანცულაია საქართველო-რუსეთის ომში მონაწილეობდა, სადაც გმირულად დაიღუპა. გარდაცვლილ ჯარისკაცს დარჩა მეუღლე და შვილი, რომლის დაბადებასაც ვერ მოესწრო თუმცა, ის ამჟამად ასევე ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეა.
სამშობლოს დაცვის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული მასშტაბით აღიარებული გარდაცვლილი საერო პირის, მამია ფანცულაიას სახელი ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის N160/ნ ბრძანებით მიენიჭა.