საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებს დოკუმენტი გაუგზავნა, სადაც მომავალი სასწავლო წლისთვის გაკვეთილების ჩატარების სხვადასხვა ფორმატს სთავაზობს, სკოლები კი თავად გადაწყვეტენ, თუ რომელ ვარიანტს აირჩევენ.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თითოეულმა სკოლამ უნდა შეიმუშაოს მის შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებული საგაკვეთილო ცხრილი.
შესაძლოა, ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ 2 ცვლაზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით.
დოკუმენტის მიხედვით, სასწავლო წლის პირველი კვირა უნდა დაეთმოს ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების გაცნობას მოსწავლეებისა და მშობლებისთვის; წესები შეიძლება გააცნონ დამრიგებლებმა, მანდატურებმა და/ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირებმა.
ცვლილება იქნება მოსწავლეთა შეფასებაში, კერძოდ, უპირატესობა უნდა მიენიჭოს კომპლექსური დავალებების კეთებას, რაც იძლევა საშუალებას, გაკვეთილების ნაცვლად ზოგჯერ დაინიშნოს საკონსულტაციო საათები დისტანციურად;
ცვლილება უნდა შევიდეს ესგ-ს იმ ნაწილში, სადაც საუბარია შეფასების სავალდებულო კომპონენტებზე (საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი). სკოლას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მოსწავლეები შეაფასოს მხოლოდ შემაჯამებელი შეფასებით, საკლასო და საშინაო დავალების კომპონენტები იყოს სკოლის სურვილის მიხედვით (რომელიმე კლასში ან კლასებში, ერთ საგანში ან საგნებში).
,,აღნიშნული დოკუმენტი პირველადი ვარიანტია, რომელსაც კიდევ დაემატება ალტერნატივები დასაბოლოოდ, სკოლებიდან მიღებული უკუკავშირის შემდეგ, შეირჩევა საუკეთესო ვარიანტები სკოლების შესაძლებლობებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე,'' - აღნიშნავენ რესურსცენტრების წარმომადგენლები.
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
დღეიდან მანდატურის სამსახური რეგიონების კიდევ 10 საჯარო სკოლაში იქნება წარმოდგენილი
დღეიდან საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური რეგიონების კიდევ 10 საჯარო სკოლაში იქნება წარმოდგენილი.
მანდატურები ეყოლებათ: კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლების - ძველი სენაკის და ნოსირის, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების - ცაიშის, რიყის და ინგირის N1, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეს თემის N1 და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის საჯარო სკოლებს.
ახალმა მანდატურებმა შსს-ს აკადემიაში მოსამზადებელი კურსი წარმატებით დაასრულეს. კურსი დისტანციურად მიმდინარეობდა. მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, მანდატურობის კანდიდატებმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები, კონფლიქტების მართვა, მოზარდის განვითარების ფსიქოლოგიური ასპექტები და პირველადი სამედიცინო დახმარება შეისწავლეს.
„სულ მოსამზადებელი კურსი კონკურსის წესით შერჩეულმა 39 ახალმა მანდატურმა გაიარა. აქედან 20 მანდატური რეგიონების საჯარო სკოლებში, 19 მანდატური კი - თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლაში გადანაწილდება.
მანდატურის სამსახური, დღეის მონაცემებით, საქართველოს უკვე 607 საჯარო სკოლაშია წარმოდგენილი,“ - აღნიშნულია მანდატურის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.