საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებს დოკუმენტი გაუგზავნა, სადაც მომავალი სასწავლო წლისთვის გაკვეთილების ჩატარების სხვადასხვა ფორმატს სთავაზობს, სკოლები კი თავად გადაწყვეტენ, თუ რომელ ვარიანტს აირჩევენ.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თითოეულმა სკოლამ უნდა შეიმუშაოს მის შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე მორგებული საგაკვეთილო ცხრილი.
შესაძლოა, ერთცვლიანი სკოლები გადავიდნენ 2 ცვლაზე და სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეებმა იარონ ცვლების მიხედვით.
დოკუმენტის მიხედვით, სასწავლო წლის პირველი კვირა უნდა დაეთმოს ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების გაცნობას მოსწავლეებისა და მშობლებისთვის; წესები შეიძლება გააცნონ დამრიგებლებმა, მანდატურებმა და/ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პირებმა.
ცვლილება იქნება მოსწავლეთა შეფასებაში, კერძოდ, უპირატესობა უნდა მიენიჭოს კომპლექსური დავალებების კეთებას, რაც იძლევა საშუალებას, გაკვეთილების ნაცვლად ზოგჯერ დაინიშნოს საკონსულტაციო საათები დისტანციურად;
ცვლილება უნდა შევიდეს ესგ-ს იმ ნაწილში, სადაც საუბარია შეფასების სავალდებულო კომპონენტებზე (საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი). სკოლას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მოსწავლეები შეაფასოს მხოლოდ შემაჯამებელი შეფასებით, საკლასო და საშინაო დავალების კომპონენტები იყოს სკოლის სურვილის მიხედვით (რომელიმე კლასში ან კლასებში, ერთ საგანში ან საგნებში).
,,აღნიშნული დოკუმენტი პირველადი ვარიანტია, რომელსაც კიდევ დაემატება ალტერნატივები დასაბოლოოდ, სკოლებიდან მიღებული უკუკავშირის შემდეგ, შეირჩევა საუკეთესო ვარიანტები სკოლების შესაძლებლობებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე,'' - აღნიშნავენ რესურსცენტრების წარმომადგენლები.
გააზიარეთ პოსტი
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“
„თუ ადამიანი 20 წუთზე მეტხანს მოიხმარს ტელეფონს, ეს ნებისმიერ შემთხვევაში დაუშვებელია,“ - ოფთალმოლოგი ეკატერინე ხომერიკი
ოფთალმოლოგი ეკატერინე ხომერიკი ტელეფონის ან კომპიუტერის ეკრანთან ხანგრძლივად ყოფნის ნეგატიურ მხარეებზე საუბრობს. მისი თქმით, ხშირი სქროლვა მხედველობის ხარისხს აქვეითებს:
„ლურჯ ნათებას აქვს მაღალი სიხშირე და მოკლე ტალღა. როდესაც დიდხანს ვუყურებთ ტელეფონს, ეს იწვევს ბადურა გარსზე სინათლის გამოსახულებად გარდაქმნის პროცესის დათრგუნვას. ხდება ის, რომ ქვეითდება მხედველობის ხარისხი. არ არის დადასტურებული, რომ სქროლვა სიბრმავეს იწვევს. ძილის წინ სქროლვა რამოდენიმე ფაქტორისგან შედგება. ჩვენ როდესაც გვიჭირავს მობილური ტელეფონი, ის გვაქვს თვალიდან დაახლოებით 20-30 სანტიმეტრზე. ზოგიერთ ადამიანს ახლოსაც მიაქვს. სიბნელეში თუ უყურებს ადამიანი ეკრანს, უნდა, რომ უკეთესი ფოკუსირება გააკეთოს. თვალი ამ დროს ფოკუსირებას აკეთებს იმაზე მეტხანს, ვიდრე კუნთს შეუძლია ბუნებრივად. წარმოვიდგინოთ, ხელი რომ გვქონდეს აწეული მაღლა დიდი ხნის განმავლობაში.“
ეკატერინე ხომერიკის თქმით, პანდემიის გამო მშობლების ოფთალმოლოგებთან მიმართვიანობა გაიზარდა, რადგან ბავშვებს ეკრანთან ყოფნა უფრო ხშირად უწევთ:
„მშობლები რეკავენ და ამბობენ, რომ ტელეფონების დიდი ხნის მოხმარების შემდეგ ბავშვებს აქვთ პრობლემები. როდესაც ონლაინ ტარდება გაკვეთილი, შესვენების დროს ბავშვი ფიზიკური აქტივობით კი არ არის დაკავებული, სხვა გვერდზე გადადის და სქროლავს. მისი თვალი არის მუდმივად დაჭიმულ-დაძაბულ მდგომარეობაში. ამ ფოკუსირების მერე ადამიანის მხედველობა თითქოს გაიდღაბნა, ბუნდოვანი გახდა. საკმარისია მოვასვენოთ თვალი, რომ ეს აღდგება.“
„გაჯეტები ძალიან აქტუალურია. მშობელი ამბობს, რომ ბავშვი სხვანაირად ვერ ერთობა. კატეგორიულად მიუღებელია და არ მიმაჩნია სწორად ორ წლამდე ბავშვის ციფრულ ტექნოლოგიებთან შეხება. ზოგჯერ შეიძლება 5-10 წუთი, მაგრამ არ არის რეკომენდებული. მობილურ ტელეფონს მშობლისთვის უფრო სხვა დანიშნულება აქვს. მას უნდა, რომ აკონტროლოს სად არის ბავშვი, როგორ არის. თუ ადამიანი 20 წუთზე მეტხანს მოიხმარს ტელეფონს, ეს ნებისმიერ შემთხვევაში დაუშვებელია, ბავშვისთვისაც და ზრდასრულისთვისაც. ყოველ 20 წუთში 20 წამით გავიხედოთ შორს, მოვაშოროთ თვალი ეკრანს,“ - აღნიშნულ საკითხე ეკატერინე ხომერიკი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ საუბრობს.