Baby Bag

,,სასწავლო წელი დაიწყოს 1-ლ სექტემბერს, სწავლების ფორმის შესახებ გადაწყვეტილება კი სკოლებმა ინდივიდუალურად მიიღონ'' - საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია

,,სასწავლო წელი დაიწყოს 1-ლ სექტემბერს, სწავლების ფორმის შესახებ გადაწყვეტილება კი სკოლებმა ინდივიდუალურად მიიღონ'' - საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია

საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია საქართველოს მთავრობას და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თხოვნით მიმართავს, რომ სასწავლო წელი დაიწყოს 1-ლ სექტემბერს, სწავლების ფორმის შესახებ გადაწყვეტილება კი სკოლებმა ინდივიდუალურად მიიღონ:

,,​მივმართავთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს!

1. 2020-2021 სასწავლო წელი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში დაიწყოს 2020 წლის 1-ელ სექტემბერს;

2. თუ მოხდა კოვიდ ვირუსის გავრცელება, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებმა, მათი შესაძლებლობიდან გამომდინარე, თავად მიიღონ გადაწყვეტილება რა ფორმით გააგრძელებენ სწავლას:

ა) სრულად დისტანციურ რეჟიმში;

ბ) შერეულ რეჟიმში: ნაწილი დისციპლინები დისტანციურად და ნაწილი ჩვეულებრივ. ამ გეგმის ეფექტურად განსახორციელებლად შესაძლებელია კლასების გაყოფა და მოსწავლეების დღეგამოშვებით დაბარება, სმენებში გადანაწილება და ა.შ. სკოლებს ინდივიდუალურად შეუძლიათ მათთვის კომფორტული სქემის შედგენა.

გ) გააგრძელებენ სწავლას ჩვეულებრივ რეჟიმში, სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით,'' - აღნიშნულია საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაციის მიმართვაში. 

აღნიშული მოთხოვნით ​​ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყო. 

შეიძლება დაინტერესდეთ

საქართველოში ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

საქართველოში ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF), განათლების კოალიციასა და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს ორგანიზაციებს შორის მჭიდრო კოორდინაციითა და თანამშრომლობით, ასევე, დიდი ბრიტანეთის მთავრობის, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-სა და „პირველი არხი – განათლების“ მხარდაჭერით, ახალი საგანმანათლებლო პროექტის ამოქმედებასა და ტექნიკურ უზრუნველყოფას.

პროექტის მიზანია სკოლამდელი და ზოგადი განათლების სფეროში განათლების უფლების დაცვისა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა. ამ მიზნით საგანმანათლებლო რესურსები ორი მიმართულებით შეიქმნება.

ზოგადი განათლების – „iსკოლის“ ფარგლებში, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის ორგანიზებულ სასწავლო პროცესში ჩართვისათვის შეიქმნება კომპლექსური საშინაო დავალებების კრებულები სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით, რომლებიც განთავსდება ვებგვერდზე https://www.el.ge/. მოსწავლეებს დისტანციურად შეეძლებათ საჭირო მასალის გაცნობა და დავალებების შესრულება. ონლაინ პლატფორმაზე დავალებების პირველი კრებული ყოველი საგნის/საგნობრივ ჯგუფისათვის ხელმისაწვდომი იქნება მაისის პირველ კვირაში, ხოლო ყოველ მომდევნო კვირას მოსწავლეები მიიღებენ დავალების ახალ კრებულს. აღნიშნული სასწავლო მასალები ხელმისაწვდომი იქნება მასწავლებლებისთვისაც.

რაც შეეხება პროექტის მეორე – სკოლამდელი განათლების კომპონენტს, ის გულისხმობს რეკომენდაციებისა და მრავალფეროვანი აქტივობების სატელევიზიო ფორმატში შეთავაზებას სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელების მშობლებისთვის, რათა მათ ოჯახურ გარემოში განაგრძონ პატარების აღზრდა-განათლება. ასევე, დისტანციური სწავლების პროცესის მართვის მხარდაჭერის მიზნით სკოლების, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის შეიქმნება დისტანციური სწავლების გზამკვლევები.

მემორანდუმს ხელი მინისტრის მოადგილემ ეკა დგებუაძემ, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა, განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარემ ირინა ხანთაძემ და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელმა დიმიტრი ბერიძემ მოაწერეს.

წაიკითხეთ სრულად