Baby Bag

ისტორია სკოლის დირექტორზე, რომელიც მოსწავლისთვის ჭკუის სწავლების შესანიშნავი მაგალითია

ისტორია სკოლის დირექტორზე, რომელიც მოსწავლისთვის ჭკუის სწავლების შესანიშნავი მაგალითია
,,სკოლის დირექტორი!

(მოქმედება ხდება 90-იანი წლების ქუთაისში)

მე-9 კლასში ვიყავით. კვირა დღეს ბიჭებმა კლასელთან დავლიეთ. იქედან წამოსული, გავიარეთ პირველ სკოლასთან და დირექტორის კაბინეტის ფანჯრები ჩავამსხვრიეთ უდიდესი ქვებით. ერთი ქვა კაბინეტში შევარდა და დირექტორის მაგიდაზე დადებული მინაც ჩაამსხვრია. სკოლის დირექტორი ალეკო ბელთაძე იყო. შური ვიძიეთ უმკაცრეს დირექტორზე, რომელსაც სასწაული დისციპლინა ჰქონდა, ვერაფერს გამოაპარებდი. ავდექით და „გავამწარეთ“!

იმ ღამეს მშვიდად მეძინა. რაღაცნაირად პროტესტი სისრულეში მოვიყვანეთ და მეორე დღეს სასიამოვნო მოლოდინში ვიყავით, როცა სკოლის დირექტორი გაცოფებული იქნებოდა. თან დანაშაულის ყველა კვალი წაშლილი გვქონდა. კამერები მაშინ არ არსებობდა და ჩაბნელებული ქალაქიც ჩვენს სასარგებლოდ მუშაობდა.

მეორე დღეს ალეკო ბელთაძე დილის 9 საათზე ჩვენს კლასში შემოვიდა და ზუსტად ის სამი ბიჭი გამოგვიძახა, რომლებმაც წინა ღამით მინები ჩავამსხვრიეთ. ვერ წარმოიდგენთ რა ბაგა-ბუგი გაჰქონდა გულს, როცა პირველი სკოლის უზარმაზარ დერეფნებში მივაბიჯებდით და სამასწავლებლოს გავლით დირექტორის კაბინეტში აღმოვჩნდით. მინები უკვე ჩასმული იყო.

დირექტორი - აბა როგორ ხართ?

- კარგად ბატონო ალეკო (ყველანი ვითომ გაოცებული ვართ)

- ბიჭებო, ცოტა დიდები რომ იყოთ, სიამოვნებით დავლევდი თქვენთან ერთად

- რაშია საქმე ბატონო ალეკო? (კიდევ ვიოცებ და მხრებს ვიჩეჩ)

- არაფერი... ძმაკაცობა მინდა თქვენთან. იცით როგორი თამადა ვარ?

- ვიცით, ბატონო ალეკო, ისიც ვიცით გალაკტიონის 300 ლექსი იცით ზეპირად

- ჰოდა ყოველ დღე, დილაობით შემოხვალთ ჩემთან და ლექსებს წაგიკითხავთ...

და ასე დავდიოდით მის კაბინეტში ერთი კვირა...ყოველ დღე. და თან გალაკტიონს გვიკითხავდა ყოველ დღე ზეპირად. ბოლოს გვეტყოდა - „ბიჭებო რაიმე ხო არ გაქვთ ჩემთან სათქმელიო?“, ჩვენ ცივ უარზე ვიყავით. არა არაფერი-თქო....

ბოლოს, როგორც იქნა, გამოვუტყდით და ბოდიში მოვუხადეთ....

მერე მასთან დავძმაკაცდით და დირექტორზე ვინმეს ცუდი რომ ეთქვა, სასწაულს მოვწევდით.
დღესაც ასე ვარ. ჩემს დირექტორზე ცუდს ვერავის ვათქმევინებ!

პ.ს. ისე სამივე ბიჭი ვინც ინციდენტში ვმონაწილეობდით, ყველანი წარმატებული გამოვედით. არ დავიღუპეთ 90-იანელებში, გადავრჩით კარგი დირექტორის წყალობით.''

ავტორი: დათო ლიკლიკაძე

შეიძლება დაინტერესდეთ

2020 წლისთვის სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად აგრძელებს...

2020 წლისთვის სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად აგრძელებს...

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ირინა აბულაძემ ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ფინეთის საელჩოს საქართველოში და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ერთობლივი თანამშრომლობით ორგანიზებული სემინარი - „ინკლუზიური განათლება, სოციალური მეწარმეობა და დასაქმება“ გახსნა, სადაც ყველა ის გამოწვევა განიხილეს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებებს, მათ განათლებასა და დასაქმება-რეალიზაციას უკავშირდება.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების განათლების და დასაქმების უფლების უზრუნველყოფის მიზნით, ერთობლივ სემინარზე, მონაწილეებმა ერთმანეთს ორი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარეს და მათი განათლებისა და დასაქმების საუკეთესო ფინურ მოდელებს გაეცნენ. ამასთან, გაიმართა დისკუსია ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან.

სემინარზე მოწვეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ მოისმინონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების და დასაქმების მიმართულებით საქართველოში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია, ისაუბრონ სისტემებში არსებულ გამოწვევებზე.

ღონისძიებაში, რომელიც ინკლუზიური განათლების თითქმის ყველა მიმართულებას მოიცავდა, მონაწილეობდა როგორც თავად ფინეთის ელჩი საქართველოში ქალბატონი არია ინკერი მაკონენი - ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

ფინეთის საელჩოს საქართველოში მოწვევით ფინეთში არსებული განათლების სისტემის შესახებ პრეზენტაციას გააკეთებს საერთაშორისო ფინური სკოლის დირექტორი საქართველოში ბატონი იარკო ნირანენი, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პროფესიულ განათლებაზე და დასაქმებაში ფინური მოდელი გააცნო ბატონი ტომას ტური - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დამცველი (Advocacy Coordinator, Abilis Foundation).

ინკლუზიური განათლება სამინისტროსთვის ინკლუზიური განათლება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, 2019 წელს ინკლუზიური განათლების მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელდა. 2019-2020 სასწავლო წელს პირველად, მინისტრის ბრძანებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, 2019-2020 სასწავლო წლისათვის, პირველკლასელთა რეგისტრაციაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად, რეგისტრაციის პირველ ეტაპზე უპირატესობა სწორედ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს მიენიჭა. შემუშავდა და დაინერგა ინკლუზიური განათლების საინფორმაციო სისტემა და პროექტი - InclusiveEdu; ჩატარდა 500 - მდე საჯარო სკოლის ინდივიდუალური მონიტორინგი; მიმდინარეობს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაზე აქტიური მუშაობა; განახლდა სკოლის ფსიქოლოგის, სპეციალური მასწავლებლისა და ინდივიდუალური ასისტენტის სტანდარტი; 2 წლიდან 6 წლის ჩათვლით, შემუშავდა ბავშვის ინტელექტის შეფასების ტესტი; დაინერგა ალტერნატიული და სენსორული კურიკულუმი. განხორციელდა პირველიდან-მეექვსე კლასის ჩათვლით ახალი სახელმძღვანელოების ანალიზი და არ არსებული ახალი ქართული ჟესტების შექმნა. მნიშვნელოვანია, რომ ახალი სკოლის მოდელში განხორციელდება ინკლუზიური განათლების ინტეგრაცია.

2020 წლისთვის, სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობას აქტიურად აგრძელებს და არაერთი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.

წაიკითხეთ სრულად