Baby Bag

ისტორია სკოლის დირექტორზე, რომელიც მოსწავლისთვის ჭკუის სწავლების შესანიშნავი მაგალითია

ისტორია სკოლის დირექტორზე, რომელიც მოსწავლისთვის ჭკუის სწავლების შესანიშნავი მაგალითია
,,სკოლის დირექტორი!

(მოქმედება ხდება 90-იანი წლების ქუთაისში)

მე-9 კლასში ვიყავით. კვირა დღეს ბიჭებმა კლასელთან დავლიეთ. იქედან წამოსული, გავიარეთ პირველ სკოლასთან და დირექტორის კაბინეტის ფანჯრები ჩავამსხვრიეთ უდიდესი ქვებით. ერთი ქვა კაბინეტში შევარდა და დირექტორის მაგიდაზე დადებული მინაც ჩაამსხვრია. სკოლის დირექტორი ალეკო ბელთაძე იყო. შური ვიძიეთ უმკაცრეს დირექტორზე, რომელსაც სასწაული დისციპლინა ჰქონდა, ვერაფერს გამოაპარებდი. ავდექით და „გავამწარეთ“!

იმ ღამეს მშვიდად მეძინა. რაღაცნაირად პროტესტი სისრულეში მოვიყვანეთ და მეორე დღეს სასიამოვნო მოლოდინში ვიყავით, როცა სკოლის დირექტორი გაცოფებული იქნებოდა. თან დანაშაულის ყველა კვალი წაშლილი გვქონდა. კამერები მაშინ არ არსებობდა და ჩაბნელებული ქალაქიც ჩვენს სასარგებლოდ მუშაობდა.

მეორე დღეს ალეკო ბელთაძე დილის 9 საათზე ჩვენს კლასში შემოვიდა და ზუსტად ის სამი ბიჭი გამოგვიძახა, რომლებმაც წინა ღამით მინები ჩავამსხვრიეთ. ვერ წარმოიდგენთ რა ბაგა-ბუგი გაჰქონდა გულს, როცა პირველი სკოლის უზარმაზარ დერეფნებში მივაბიჯებდით და სამასწავლებლოს გავლით დირექტორის კაბინეტში აღმოვჩნდით. მინები უკვე ჩასმული იყო.

დირექტორი - აბა როგორ ხართ?

- კარგად ბატონო ალეკო (ყველანი ვითომ გაოცებული ვართ)

- ბიჭებო, ცოტა დიდები რომ იყოთ, სიამოვნებით დავლევდი თქვენთან ერთად

- რაშია საქმე ბატონო ალეკო? (კიდევ ვიოცებ და მხრებს ვიჩეჩ)

- არაფერი... ძმაკაცობა მინდა თქვენთან. იცით როგორი თამადა ვარ?

- ვიცით, ბატონო ალეკო, ისიც ვიცით გალაკტიონის 300 ლექსი იცით ზეპირად

- ჰოდა ყოველ დღე, დილაობით შემოხვალთ ჩემთან და ლექსებს წაგიკითხავთ...

და ასე დავდიოდით მის კაბინეტში ერთი კვირა...ყოველ დღე. და თან გალაკტიონს გვიკითხავდა ყოველ დღე ზეპირად. ბოლოს გვეტყოდა - „ბიჭებო რაიმე ხო არ გაქვთ ჩემთან სათქმელიო?“, ჩვენ ცივ უარზე ვიყავით. არა არაფერი-თქო....

ბოლოს, როგორც იქნა, გამოვუტყდით და ბოდიში მოვუხადეთ....

მერე მასთან დავძმაკაცდით და დირექტორზე ვინმეს ცუდი რომ ეთქვა, სასწაულს მოვწევდით.
დღესაც ასე ვარ. ჩემს დირექტორზე ცუდს ვერავის ვათქმევინებ!

პ.ს. ისე სამივე ბიჭი ვინც ინციდენტში ვმონაწილეობდით, ყველანი წარმატებული გამოვედით. არ დავიღუპეთ 90-იანელებში, გადავრჩით კარგი დირექტორის წყალობით.''

ავტორი: დათო ლიკლიკაძე

შეიძლება დაინტერესდეთ

„თავი მომჭერი. რაის ფიზიკოსი გამუა აწი შენგან, არადა ბაბუშენი იძახოდა პროფესორი გამუაო“ - გიორგი კეკელიძე დედის წერილს აქვეყნებს

„თავი მომჭერი. რაის ფიზიკოსი გამუა აწი შენგან, არადა ბაბუშენი იძახოდა პროფესორი გამუაო“ - გიორგი კეკელიძე დედის წერილს აქვეყნებს

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს დედამისის წერილს, რომელიც 2001 წელს მისწერა გიორგის. როგორც მწერალი აღნიშნავს, ყველა ასეთი წერილი შენახული აქვს. 

„ვკითხულობ და ვხვდები: რა არის, რაც არ უნდა გავიმეორო, რა არ არის, რაც უნდა გადავლახო, რა არის, რასაც უნდა მივაღწიო,“ - წერს გიორგი კეკელიძე.

გთავაზობთ გიორგი კეკელიძის დედის წერილს:

„ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ, პლეტაზე ვათბობთ დასაბან წყალს და საჭმელის გათბობის დროზე შეიძლება დენი წევიდეს. მე ვერ გადამიყლაპია ზონდი და ნაწლავები ვერ გამომიკვლევია. არ არსებობს ჩემი გადარჩენა, არგადარჩენიზა ვარ გაწირული, მარა. იფრიალე შენ ტაქსებით მაქანე, სამძიმარზე არ მიდი ნანულის დედასთან, ფული არ მქონდა ვარკეთილში გასვლისო და ტაქსებით ფრიალობ. ყოველდილა მოსატანია წყალი ჭიდან, რომელსაც შენი ოჯახის გარდა აღარვინ ათრევს, ვიფიქრეთ მატორს ვიყიდით, ჭაში ჩავდობთ და კიდო ფულს გვთხოვ. ყველა შენი კლასელი რაფერ გამოდგა, იმ დღეს რეზიკო ვნახე, ეკლესიაში იდგა, იმფერი გაკეთებულია, მოსუქებულია, ჩამოსული იყო ბებიამისის სანახავად. თავი მომჭერი. რაის ფიზიკოსი გამუა აწი შენგან, არადა ბაბუშენი იძახოდა პროფესორი გამუაო. საავადმყოფოსთან, იმ გენოიეს ქარხანაში ცხობა პური და საწყალი მამაშენი იქამდე კილომეტრებს დათრაქუნობს, რომ პირში ლუკმა ჩევიდვათ. მეორე კურსზე ხარ უკვე. მაგი იმიზა ხდება, რომ ღვთის მცნებებით მცხოვრებლებს დასცინი. ვიხჩობი ხველით ამას რო გწერ, აგი ბოლოა იცოდე. ლელას გამუატანე და მადლობა უთხარი რო ჩამუა. თბილად ჩეიცვი აწი, ჟილეტს ვატან შიგნით ჩასაცმელს და წინდებს. ფულიზა აღარ დარეკო.“

წაიკითხეთ სრულად