Baby Bag

ისტორია სკოლის დირექტორზე, რომელიც მოსწავლისთვის ჭკუის სწავლების შესანიშნავი მაგალითია

ისტორია სკოლის დირექტორზე, რომელიც მოსწავლისთვის ჭკუის სწავლების შესანიშნავი მაგალითია
,,სკოლის დირექტორი!

(მოქმედება ხდება 90-იანი წლების ქუთაისში)

მე-9 კლასში ვიყავით. კვირა დღეს ბიჭებმა კლასელთან დავლიეთ. იქედან წამოსული, გავიარეთ პირველ სკოლასთან და დირექტორის კაბინეტის ფანჯრები ჩავამსხვრიეთ უდიდესი ქვებით. ერთი ქვა კაბინეტში შევარდა და დირექტორის მაგიდაზე დადებული მინაც ჩაამსხვრია. სკოლის დირექტორი ალეკო ბელთაძე იყო. შური ვიძიეთ უმკაცრეს დირექტორზე, რომელსაც სასწაული დისციპლინა ჰქონდა, ვერაფერს გამოაპარებდი. ავდექით და „გავამწარეთ“!

იმ ღამეს მშვიდად მეძინა. რაღაცნაირად პროტესტი სისრულეში მოვიყვანეთ და მეორე დღეს სასიამოვნო მოლოდინში ვიყავით, როცა სკოლის დირექტორი გაცოფებული იქნებოდა. თან დანაშაულის ყველა კვალი წაშლილი გვქონდა. კამერები მაშინ არ არსებობდა და ჩაბნელებული ქალაქიც ჩვენს სასარგებლოდ მუშაობდა.

მეორე დღეს ალეკო ბელთაძე დილის 9 საათზე ჩვენს კლასში შემოვიდა და ზუსტად ის სამი ბიჭი გამოგვიძახა, რომლებმაც წინა ღამით მინები ჩავამსხვრიეთ. ვერ წარმოიდგენთ რა ბაგა-ბუგი გაჰქონდა გულს, როცა პირველი სკოლის უზარმაზარ დერეფნებში მივაბიჯებდით და სამასწავლებლოს გავლით დირექტორის კაბინეტში აღმოვჩნდით. მინები უკვე ჩასმული იყო.

დირექტორი - აბა როგორ ხართ?

- კარგად ბატონო ალეკო (ყველანი ვითომ გაოცებული ვართ)

- ბიჭებო, ცოტა დიდები რომ იყოთ, სიამოვნებით დავლევდი თქვენთან ერთად

- რაშია საქმე ბატონო ალეკო? (კიდევ ვიოცებ და მხრებს ვიჩეჩ)

- არაფერი... ძმაკაცობა მინდა თქვენთან. იცით როგორი თამადა ვარ?

- ვიცით, ბატონო ალეკო, ისიც ვიცით გალაკტიონის 300 ლექსი იცით ზეპირად

- ჰოდა ყოველ დღე, დილაობით შემოხვალთ ჩემთან და ლექსებს წაგიკითხავთ...

და ასე დავდიოდით მის კაბინეტში ერთი კვირა...ყოველ დღე. და თან გალაკტიონს გვიკითხავდა ყოველ დღე ზეპირად. ბოლოს გვეტყოდა - „ბიჭებო რაიმე ხო არ გაქვთ ჩემთან სათქმელიო?“, ჩვენ ცივ უარზე ვიყავით. არა არაფერი-თქო....

ბოლოს, როგორც იქნა, გამოვუტყდით და ბოდიში მოვუხადეთ....

მერე მასთან დავძმაკაცდით და დირექტორზე ვინმეს ცუდი რომ ეთქვა, სასწაულს მოვწევდით.
დღესაც ასე ვარ. ჩემს დირექტორზე ცუდს ვერავის ვათქმევინებ!

პ.ს. ისე სამივე ბიჭი ვინც ინციდენტში ვმონაწილეობდით, ყველანი წარმატებული გამოვედით. არ დავიღუპეთ 90-იანელებში, გადავრჩით კარგი დირექტორის წყალობით.''

ავტორი: დათო ლიკლიკაძე

შეიძლება დაინტერესდეთ

მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ ბრძანებაში ცვლილება შევიდა

მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ ბრძანებაში ცვლილება შევიდა

„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილება შევიდა. შესაბამისი ​დოკუმენტი, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა.

„ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი 1-ით („ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა I-IV კლასებისთვის“) გათვალისწინებულჟურნალის წარმოების წესს“დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:

„8. 2020-2021 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც აწარმოებდნენ მხოლოდ ელექტრონულ ჟურნალს, ხელმძღვანელობენ მოსწავლეთა დასწრების შესახებ სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდებული ელექტრონულ ჟურნალში არსებული და მასწავლებლის მიერ დაწერილი ელექტრონულ ჟურნალში აღურიცხავი გაცდენების შესახებ გაერთიანებული ინფორმაციით.

9. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში აწარმოებდნენ როგორც ჟურნალს, ასევე - ელექტრონულ ჟურნალს, ხელმძღვანელობენ მოსწავლეთა დასწრების შესახებ ჟურნალში არსებული ინფორმაციით.“

2. „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი 2-ით (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა V-XII კლასებისათვის) გათვალისწინებულჟურნალის წარმოების წესს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 – მე-10 პუნქტები:

„8. 2020-2021 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც აწარმოებდნენ მხოლოდ ელექტრონულ ჟურნალს, ხელმძღვანელობენ მოსწავლეთა დასწრების/აკადემიური მოსწრების შესახებ სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდებული ელექტრონულ ჟურნალში არსებული და მასწავლებლის მიერ ელექტრონულ ჟურნალში აღურიცხავი ან შეცდომით შეტანილი დაკორექტირებული შეფასებებისა და გაცდენების შესახებ გაერთიანებული ინფორმაციით.

9. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ ამ ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი 2-ით გათვალისწინებული „ჟურნალის წარმოების წესის“ მე-8 პუნქტის შესაბამისად გამოთვლილი გაცდენებისა და სემესტრული და წლიური შეფასებების შესახებ ინფორმაციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება.

10. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში აწარმოებდნენ როგორც ჟურნალს, ასევე - ელექტრონულ ჟურნალს, დასწრებისა და სემესტრული და წლიური შეფასებების გამოთვლას განახორციელებენ ჟურნალის მიხედვით.“

წაიკითხეთ სრულად