Baby Bag

ისტორია სკოლის დირექტორზე, რომელიც მოსწავლისთვის ჭკუის სწავლების შესანიშნავი მაგალითია

ისტორია სკოლის დირექტორზე, რომელიც მოსწავლისთვის ჭკუის სწავლების შესანიშნავი მაგალითია
,,სკოლის დირექტორი!

(მოქმედება ხდება 90-იანი წლების ქუთაისში)

მე-9 კლასში ვიყავით. კვირა დღეს ბიჭებმა კლასელთან დავლიეთ. იქედან წამოსული, გავიარეთ პირველ სკოლასთან და დირექტორის კაბინეტის ფანჯრები ჩავამსხვრიეთ უდიდესი ქვებით. ერთი ქვა კაბინეტში შევარდა და დირექტორის მაგიდაზე დადებული მინაც ჩაამსხვრია. სკოლის დირექტორი ალეკო ბელთაძე იყო. შური ვიძიეთ უმკაცრეს დირექტორზე, რომელსაც სასწაული დისციპლინა ჰქონდა, ვერაფერს გამოაპარებდი. ავდექით და „გავამწარეთ“!

იმ ღამეს მშვიდად მეძინა. რაღაცნაირად პროტესტი სისრულეში მოვიყვანეთ და მეორე დღეს სასიამოვნო მოლოდინში ვიყავით, როცა სკოლის დირექტორი გაცოფებული იქნებოდა. თან დანაშაულის ყველა კვალი წაშლილი გვქონდა. კამერები მაშინ არ არსებობდა და ჩაბნელებული ქალაქიც ჩვენს სასარგებლოდ მუშაობდა.

მეორე დღეს ალეკო ბელთაძე დილის 9 საათზე ჩვენს კლასში შემოვიდა და ზუსტად ის სამი ბიჭი გამოგვიძახა, რომლებმაც წინა ღამით მინები ჩავამსხვრიეთ. ვერ წარმოიდგენთ რა ბაგა-ბუგი გაჰქონდა გულს, როცა პირველი სკოლის უზარმაზარ დერეფნებში მივაბიჯებდით და სამასწავლებლოს გავლით დირექტორის კაბინეტში აღმოვჩნდით. მინები უკვე ჩასმული იყო.

დირექტორი - აბა როგორ ხართ?

- კარგად ბატონო ალეკო (ყველანი ვითომ გაოცებული ვართ)

- ბიჭებო, ცოტა დიდები რომ იყოთ, სიამოვნებით დავლევდი თქვენთან ერთად

- რაშია საქმე ბატონო ალეკო? (კიდევ ვიოცებ და მხრებს ვიჩეჩ)

- არაფერი... ძმაკაცობა მინდა თქვენთან. იცით როგორი თამადა ვარ?

- ვიცით, ბატონო ალეკო, ისიც ვიცით გალაკტიონის 300 ლექსი იცით ზეპირად

- ჰოდა ყოველ დღე, დილაობით შემოხვალთ ჩემთან და ლექსებს წაგიკითხავთ...

და ასე დავდიოდით მის კაბინეტში ერთი კვირა...ყოველ დღე. და თან გალაკტიონს გვიკითხავდა ყოველ დღე ზეპირად. ბოლოს გვეტყოდა - „ბიჭებო რაიმე ხო არ გაქვთ ჩემთან სათქმელიო?“, ჩვენ ცივ უარზე ვიყავით. არა არაფერი-თქო....

ბოლოს, როგორც იქნა, გამოვუტყდით და ბოდიში მოვუხადეთ....

მერე მასთან დავძმაკაცდით და დირექტორზე ვინმეს ცუდი რომ ეთქვა, სასწაულს მოვწევდით.
დღესაც ასე ვარ. ჩემს დირექტორზე ცუდს ვერავის ვათქმევინებ!

პ.ს. ისე სამივე ბიჭი ვინც ინციდენტში ვმონაწილეობდით, ყველანი წარმატებული გამოვედით. არ დავიღუპეთ 90-იანელებში, გადავრჩით კარგი დირექტორის წყალობით.''

ავტორი: დათო ლიკლიკაძე

შეიძლება დაინტერესდეთ

„სკოლამ სული გაუშვა ხელიდან. სამწუხაროდ, მშობლებიც ამ დონეზე გაჩერდით...“

„სკოლამ სული გაუშვა ხელიდან. სამწუხაროდ, მშობლებიც ამ დონეზე გაჩერდით...“
 „სკოლამ სული გაუშვა ხელიდან. სამწუხაროდ, მშობლებიც ამ დონეზე გაჩერდით. ღმერთს სანთელს დაუნთებთ, სულიერებაზე ილაპარაკებთ, სკოლაში მიხვალთ და იკითხავთ - „ჩემს შვილს რა ნიშნები აქვს?“ - რა მნიშვნელობა აქვს, რა ნიშნები აქვს? ორიანი აქვს ან ხუთიანი, ერთმა გაგაუბედურათ ან მეორემ გაგაბედნიერათ? ორიანებით ვიყავი გაჭედილი მეექვსე კლასამდე, სულ ორიანები მყავდა. პირობითად ვიყავი გადასული კლასიდან - კლასში, მაგრამ აი, ახლა თქვენ წინაშე ვდგავარ...

ორიანები და ხუთიანები არაფერს ნიშნავს. ნიშნები არ ქმნიან ადამიანს. პირიქით, აუბედურებენ კიდეც - თუ ბავშვი ხუთიანებზეა შეყვარებული და მერე მამის ხუთ ლარზე, რომელსაც მამა აჩუქებს თუ კი ხუთიანს მიიღებს, - რა ბავშვი გაგვეზრდება ჩვენ? რისკენ მისწრაფული?

ჩვენ იმდენად ვართ ადამიანები, რამდენადაც მაღალი მისწრაფებები გვაქვს. თუ ეს მისწრაფებები მაღალია, სხვანაირია თვალები, მეტყველება, ურთიერთობა და თუ მიზნები დაბალი გაქვს ისეთივეა - ჩვენში და ჩვენ გარშემო ყველაფერი.

ბავშვი მოვლენაა და მას მოაქვს თავისი მისია, თქვენს ბავშვებს თავისი მისიები აქვთ. ამიტომ დედა რომ ხარ ჩააწვეთე შენს შვილს წვეთ-წვეთად: „შვილო, შენ არც კი იცი, რითი მოხვედი, რაღაცა დიდი გაქვს შენს გულში. მე არ ვიცი და ვერავინ გვეტყვის, მაგრამ თუ შენ ხანდახან ჩაიხედავ შენს გულში და იტყვი, რატომ დავიბადე? რა უნდა გავაკეთო? ვის რა უნდა მოვუტანო და სხვა ამგვარი, შენ იპოვი ამას“. თუ ჩვენ ამას ვასწავლით ბავშვს და ამაში მასწავლებელი და სკოლაც დაგვეხმარება, მაშინ ბავშვები გაბედნიერდებიან.

ვინც თავის ბილიკს დაადგება - იქ იწყება ბედნიერება და ეს არასოდეს გვიანი არ არის! თუნდაც ჩემს ასაკში. კაცმა რომ იპოვოს ეს ბილიკი, თუნდაც იმ ერთწლიან, ხუთწლიან ცხოვრებას მაინც ხომ გაივლის ამ მისიაში, ბედნიერებას გემოს გაუგებს და სულის რაღაც ნაწილსაც სრულყოფს...


აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი

წაიკითხეთ სრულად