Baby Bag

ისტორია სკოლის დირექტორზე, რომელიც მოსწავლისთვის ჭკუის სწავლების შესანიშნავი მაგალითია

ისტორია სკოლის დირექტორზე, რომელიც მოსწავლისთვის ჭკუის სწავლების შესანიშნავი მაგალითია
,,სკოლის დირექტორი!

(მოქმედება ხდება 90-იანი წლების ქუთაისში)

მე-9 კლასში ვიყავით. კვირა დღეს ბიჭებმა კლასელთან დავლიეთ. იქედან წამოსული, გავიარეთ პირველ სკოლასთან და დირექტორის კაბინეტის ფანჯრები ჩავამსხვრიეთ უდიდესი ქვებით. ერთი ქვა კაბინეტში შევარდა და დირექტორის მაგიდაზე დადებული მინაც ჩაამსხვრია. სკოლის დირექტორი ალეკო ბელთაძე იყო. შური ვიძიეთ უმკაცრეს დირექტორზე, რომელსაც სასწაული დისციპლინა ჰქონდა, ვერაფერს გამოაპარებდი. ავდექით და „გავამწარეთ“!

იმ ღამეს მშვიდად მეძინა. რაღაცნაირად პროტესტი სისრულეში მოვიყვანეთ და მეორე დღეს სასიამოვნო მოლოდინში ვიყავით, როცა სკოლის დირექტორი გაცოფებული იქნებოდა. თან დანაშაულის ყველა კვალი წაშლილი გვქონდა. კამერები მაშინ არ არსებობდა და ჩაბნელებული ქალაქიც ჩვენს სასარგებლოდ მუშაობდა.

მეორე დღეს ალეკო ბელთაძე დილის 9 საათზე ჩვენს კლასში შემოვიდა და ზუსტად ის სამი ბიჭი გამოგვიძახა, რომლებმაც წინა ღამით მინები ჩავამსხვრიეთ. ვერ წარმოიდგენთ რა ბაგა-ბუგი გაჰქონდა გულს, როცა პირველი სკოლის უზარმაზარ დერეფნებში მივაბიჯებდით და სამასწავლებლოს გავლით დირექტორის კაბინეტში აღმოვჩნდით. მინები უკვე ჩასმული იყო.

დირექტორი - აბა როგორ ხართ?

- კარგად ბატონო ალეკო (ყველანი ვითომ გაოცებული ვართ)

- ბიჭებო, ცოტა დიდები რომ იყოთ, სიამოვნებით დავლევდი თქვენთან ერთად

- რაშია საქმე ბატონო ალეკო? (კიდევ ვიოცებ და მხრებს ვიჩეჩ)

- არაფერი... ძმაკაცობა მინდა თქვენთან. იცით როგორი თამადა ვარ?

- ვიცით, ბატონო ალეკო, ისიც ვიცით გალაკტიონის 300 ლექსი იცით ზეპირად

- ჰოდა ყოველ დღე, დილაობით შემოხვალთ ჩემთან და ლექსებს წაგიკითხავთ...

და ასე დავდიოდით მის კაბინეტში ერთი კვირა...ყოველ დღე. და თან გალაკტიონს გვიკითხავდა ყოველ დღე ზეპირად. ბოლოს გვეტყოდა - „ბიჭებო რაიმე ხო არ გაქვთ ჩემთან სათქმელიო?“, ჩვენ ცივ უარზე ვიყავით. არა არაფერი-თქო....

ბოლოს, როგორც იქნა, გამოვუტყდით და ბოდიში მოვუხადეთ....

მერე მასთან დავძმაკაცდით და დირექტორზე ვინმეს ცუდი რომ ეთქვა, სასწაულს მოვწევდით.
დღესაც ასე ვარ. ჩემს დირექტორზე ცუდს ვერავის ვათქმევინებ!

პ.ს. ისე სამივე ბიჭი ვინც ინციდენტში ვმონაწილეობდით, ყველანი წარმატებული გამოვედით. არ დავიღუპეთ 90-იანელებში, გადავრჩით კარგი დირექტორის წყალობით.''

ავტორი: დათო ლიკლიკაძე

შეიძლება დაინტერესდეთ

„​8 მარტი მოდის... ქართველ კაცებს გვაქვს უფლება, ეს დღე ქალებს მივულოცოთ?!“

„​8 მარტი მოდის... ქართველ კაცებს გვაქვს უფლება, ეს დღე ქალებს მივულოცოთ?!“

​„8 მარტი მოდის...

ქართველ კაცებს გვაქვს უფლება, ეს დღე ქალებს მივულოცოთ?!

უფლებას რომ შევეშვათ, რა მივულოცოთ? ქუჩაში, ქმრების მიერ დაჭრილ-დაჩეხილი ქალები?!მერე ამაზე მოღლიცინე „ღირსი იქნებოდა“ საზოგადოება? თუ ისევ მტვერსასრუტითა და სარეცხის მანქანით მივულოცოთ, რომ კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი მათ „როლს“ ოჯახში? თუ სადღეგრძელოთი მივულოცოთ, მერე გავაბათ ხვრინვა და ათობით ადამიანის ნასუფრალი ერთმა ქალმა რომ უნდა ალაგოს, ისევ თავის გაშლილ-გამზადებულები ეგ? თამარის მეფობის იქით სათქმელი რომ არ გვაქვს ქალებთან, მარტო მე მგონია ასე?

თუ ვცდები სიამოვნებით მოვისმენ არგუმენტებს.

P.S. მსგავსი კაი ტიპა, ტოლერანტა, ჭკუის სწავლება პოსტები ყველაზე მეტად არ მიყვარს, მაგრამ საზღვარი არ აქვს არაფერს ფაქტობრივად. სახლში პრევენციაზე არაა საუბარი, ქუჩაში გადმოინაცვლა ფემიციდმა და რეალური პრობლემაა ქვეყანაში რაც არ უნდა დემაგოგიურად და პოპულისტურად ჟღერდეს ჩემი ეს პოსტი.“

აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში მუსიკალური კონკურის, „ახალი თაობის“ წამყვანი კახი გიგაური წერს.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

წაიკითხეთ სრულად