ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილი პოსტი მოქალაქეთა შეშფოთების და სკოლის დისციპლინური კომიტეტის შეკრების მიზეზი გახდა. სწორედ ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს იმის შესახებ, რა სანქცია გატარდება მასწავლებლის მიმართ.
ფეისბუკპოსტში, რომელიც მასწავლებელმა 21 მაისს გამოაქვეყნა და მალევე წაშალა, ნათქვამი იყო, რომ ის სიხარულს განიცდის იმის გამო, რომ გარკვეული მოსწავლეების ნახვა აღარ მოუწევს და ამბობს, რომ ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც კი ზარავს:
,,ჩემთვის 26 გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არამხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს, პირიქით, ვფიქრობ და მიხარია რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა დიდ უმრავლესობას არ ეხება) ზოგიერთი მათგანის სახელის და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემს ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78 წლისას ივარგებ.თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები, თქვენ იცით პირველ რიგში ეს არის მთავარი და არა, ვთქვათ ქიმიამცოდნეობა. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ, სიკეთე და ბედნიერება მოუტანოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ!"- წერდა სოციალურ ქსელში პედაგოგი.
„ძალადობისგან თავისუფალი სკოლის მოდელი“ - პედაგოგებისთვის ვებინარი გაიმართება
შაბათს 9 მაისს, 12 საათზე შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის პედაგოგებისათვის ვებინარი გაიმართება თემაზე: „ძალადობისგან თავისუფალი სკოლის მოდელი“, - ინფორმაციას კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ ავრცელებს.
ფონდის ცნობით, ვებინარს მოწვეული ექსპერტები ჩაატარებენ:
მანანა ჯინჭარაძე - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კოორდინატორი
ვლადიმერ აფხაზავა - 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, მსოფლიოს პედაგოგთა საუკეთესო ათეულის წევრი
თეა გალახვარიძე - შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი
ვებინარზე განიხილავენ შემდეგ საკითხებს:
ბულინგი და ძალადობა სკოლაში
სტიგმები და სტერეოტიპები
ეფექტური კომუნიკაცია
ბულინგის პრევენციის ხელშეწყობა
უსაფრთხო სკოლის მონიტორინგი
ვებინარი ხორციელდება ფონდი Human Doc-ის მიერ პროექტის „საქართველოში ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მოძალადეთათვის თერაპიული დახმარების გაწევის“ ფარგლებში - პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების პოლონური თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.