ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილი პოსტი მოქალაქეთა შეშფოთების და სკოლის დისციპლინური კომიტეტის შეკრების მიზეზი გახდა. სწორედ ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს იმის შესახებ, რა სანქცია გატარდება მასწავლებლის მიმართ.
ფეისბუკპოსტში, რომელიც მასწავლებელმა 21 მაისს გამოაქვეყნა და მალევე წაშალა, ნათქვამი იყო, რომ ის სიხარულს განიცდის იმის გამო, რომ გარკვეული მოსწავლეების ნახვა აღარ მოუწევს და ამბობს, რომ ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც კი ზარავს:
,,ჩემთვის 26 გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არამხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს, პირიქით, ვფიქრობ და მიხარია რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა დიდ უმრავლესობას არ ეხება) ზოგიერთი მათგანის სახელის და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემს ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78 წლისას ივარგებ.თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები, თქვენ იცით პირველ რიგში ეს არის მთავარი და არა, ვთქვათ ქიმიამცოდნეობა. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ, სიკეთე და ბედნიერება მოუტანოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ!"- წერდა სოციალურ ქსელში პედაგოგი.
მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსის მქონე პირთა შეფასებისა და წინადადებების წარდგენის ვადა განისაზღვრა
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსის მქონე პირთა შეფასებისა და წინადადებების წარდგენის ვადა განისაზღვრა. შესაბამის ბრძანებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე აწერს ხელს.
დოკუმენტის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსის მქონე პირთა შეფასებისა და წინადადებების წარდგენის ვადად განისაზღვრა 2020 წლის 14 დეკემბრიდან 2020 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორებმა აღნიშნულ პერიოდში უნდა შეაფასონ და წარადგინონ მხოლოდ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 16 აგვისტოს N169/ნ ბრძანების მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირები, კერძოდ: ის მასწავლებლობის მაძიებლები, რომლებმაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს მასწავლებლობის მაძიებლობის ინტენსიური მოკლევადიანი პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და უფლება მიეცათ აღნიშნული ვალდებულებები შეესრულებინათ მიმდინარე სასწავლო წლის პირველ სემესტრში.