ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილი პოსტი მოქალაქეთა შეშფოთების და სკოლის დისციპლინური კომიტეტის შეკრების მიზეზი გახდა. სწორედ ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს იმის შესახებ, რა სანქცია გატარდება მასწავლებლის მიმართ.
ფეისბუკპოსტში, რომელიც მასწავლებელმა 21 მაისს გამოაქვეყნა და მალევე წაშალა, ნათქვამი იყო, რომ ის სიხარულს განიცდის იმის გამო, რომ გარკვეული მოსწავლეების ნახვა აღარ მოუწევს და ამბობს, რომ ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც კი ზარავს:
,,ჩემთვის 26 გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არამხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს, პირიქით, ვფიქრობ და მიხარია რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა დიდ უმრავლესობას არ ეხება) ზოგიერთი მათგანის სახელის და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემს ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78 წლისას ივარგებ.თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები, თქვენ იცით პირველ რიგში ეს არის მთავარი და არა, ვთქვათ ქიმიამცოდნეობა. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ, სიკეთე და ბედნიერება მოუტანოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ!"- წერდა სოციალურ ქსელში პედაგოგი.
97 წლის ვენერა ცარციძე ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ბიოლოგიის მასწავლებელია
97 წლის ვენერა ცარციძე ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ბიოლოგიის მასწავლებელია. ის, ქალაქ საჩხერეში 1922 წელს დაიბადა, 1942 წელს დაამთავრა თბილისის ალ. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქიმია - ბიოლოგიის ფაკულტეტი და იმავე წელს დაიწყო მასწავლებლად მუშაობა. სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის N2 საჯარო სკოლაში ის 1946 წლიდან 2011 წლამდე მუშაობდა.
„ჩემი უმთავრესი მიზანი იყო ბიოლოგიის სწავლება სახალისო და საინტერესო გამეხადა. ამისთვის, სასწავლო პროცესში აქტიურად ვიყენებდი ფილმებს, მოსწავლეებთან ერთად ვამუშავებდი სათბურს, სადაც მათ ნერგების გამოყვანა შევასწავლე და მათ საშუალება ჰქონდათ, თეორიული ცოდნა პრაქტიკულად გამოეყენებინათ; მსგავსი მეთოდი გამოვიყენეთ ცოცხალ ორგანიზმებთან მიმართებაშიც და სკოლის აუზში მოვაშენეთ სხვადასხვა ჯიშის თევზები, რაც განსაკუთრებით დაეხმარა მოსწავლეებს ბიოლოგიის სრულფასოვნად შესწავლაში,“ - იხსენებს ვენერა ცარციძე.
როგორც სკოლის დირექტორი, ლია გომართელი აღნიშნავს, ქალბატონი ვენერა ყოველთვის გამოირჩეოდა სწავლების განსაკუთრებული მიდგომებით.
„ის მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას; ბიოლოგიის კაბინეტი აღჭურვილი ჰქონდა მრავალფეროვანი რესურსებით. გარდა სასკოლო მეცადნიეობებისა, უძღვებოდა ბიოლოგიის წრესაც. ამ ყვეაფრის შედეგად, მისი მოსწავლეები ყოველთვის წარმატებით მონაწილეობდნენ ეროვნულ და რაიონულ კონფერენციებში,“- ამბობს დირექტორი.
ქალბატონ ვენერა ცარციძე პედაგოგიურ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის 2003 წელს დაჯილდოვდა პრეზიდენტის „ღირსების ორდენით“. 1984 და 1989 წლებში ქალბატონ ვენერა ცარციძეს საქართველოს სსრ განათლების მინისტრის მიერ უფროსი მასწავლებლის წოდება მიენიჭა.
30 აპრილს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბერიკა შუკაკიძის გადაწყვეტილებით ვენერა ცარციძეს მიენიჭა „დამსახურებული მასწავლებლის“ წოდება.