ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილი პოსტი მოქალაქეთა შეშფოთების და სკოლის დისციპლინური კომიტეტის შეკრების მიზეზი გახდა. სწორედ ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს იმის შესახებ, რა სანქცია გატარდება მასწავლებლის მიმართ.
ფეისბუკპოსტში, რომელიც მასწავლებელმა 21 მაისს გამოაქვეყნა და მალევე წაშალა, ნათქვამი იყო, რომ ის სიხარულს განიცდის იმის გამო, რომ გარკვეული მოსწავლეების ნახვა აღარ მოუწევს და ამბობს, რომ ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც კი ზარავს:
,,ჩემთვის 26 გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არამხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს, პირიქით, ვფიქრობ და მიხარია რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა დიდ უმრავლესობას არ ეხება) ზოგიერთი მათგანის სახელის და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემს ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78 წლისას ივარგებ.თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები, თქვენ იცით პირველ რიგში ეს არის მთავარი და არა, ვთქვათ ქიმიამცოდნეობა. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ, სიკეთე და ბედნიერება მოუტანოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ!"- წერდა სოციალურ ქსელში პედაგოგი.
„ეს უკვე სეზონური გრიპივით არის: სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში იწყება ხოლმე აჟიოტაჟი,“ - საბავშვო მწერალი ვასილ გულეური
საბავშო ლექსების ავტორი ვასილ გულეური სოციალურ ქსელში მისი ლექსების აგრესიულ კრიტიკას გამოეხმაურა:
„ეს ყველაფერი დაიწყო 2018 წლიდან. რეალურად ეს იყო სახელმძღვანელოს წინააღმდეგ აგორებული კამპანია. ამისთვის მათ სჭრიდებოდათ რაღაც საბაბის პოვნა. ვიცი, რომ ჩემი ლექსები ბავშვებს ძალიან უყვართ და მოსწონთ. ჩემი ლექსიდან იყო ორი სტროფი ამოღებული, ატრიალებდნენ ფრაზას, სადაც გამოვიყენე სიტყვა „დღემურა.“ ეს მოგონილი სიტყვაა. ამაზე იყო კომენტარები: „რა არის ეს დღემურა? რას ასწავლიან ბავშვებს? სად არის გოგებაშვილის „დედა ენა?“ ისიც არ იციან, თავად გოგებაშვილი რამდენჯერ ამუშავებდა სახელმძღვანელოს, 33-ჯერ გამოიცა მის სიცოცხლეში. დღეს თვითონ ბევრ რამეს შეცვლიდა იმ „დედა ენაშიც.“ ამან ჩემზე ძალიან იმოქმება პირველ წელს.“
ვასილ გულეურის თქმით, კრიტიკამ სეზონური გრიპის სახე მიიღო და სკოლის დაწყებისას აქტიურდება:
„ეს უკვე სეზონური გრიპივით არის. სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში იწყება ხოლმე ეს აჟიოტაჟი. როდესაც ბავშვები სწავლობენ ამ ლექსს, ეტყობა, მშობლები მაშინ უგდებენ ყურს. ის კატეგორია, ვფიქრობ, საერთოდ არ კითხულობს მანამდე წიგნს. წელს შემაშფოთა არა იმან, რომ ჩემს მიმართ ლანძღვაა, არამედ იმან, რომ ამ ადამიანების უმეტესობა ზრდის ბავშვებს. გამოდის, რომ ისინი ბავშვებს ასწავლიან აგრესიას ყველაფრის მიმართ.“
„თუ ცუდი ლექსია და არ მოგწონს, გამოხატე აზრი, გააკრიტიკე, ეს აბსოლუტურად მისაღებია. ეს აგრესია და ლანძღვა არის ერთ-ერთი მაჩვენებელი იმისა, რაც ხდება ქვეყანაში. ვიღაცას სცემენ იმის გამო, რომ გრძელი თმა აქვს, ვიღაცას სცემენ იმის გამო, რომ ფერადი ტანსაცმელი აცვია. ეს ადამიანები ასე უყურებენ ყველაფერს განსხვავებულს. ეს არის საშიში,“ - აღნიშნულ საკითხზე ვასილ გულეურმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.