ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილი პოსტი მოქალაქეთა შეშფოთების და სკოლის დისციპლინური კომიტეტის შეკრების მიზეზი გახდა. სწორედ ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს იმის შესახებ, რა სანქცია გატარდება მასწავლებლის მიმართ.
ფეისბუკპოსტში, რომელიც მასწავლებელმა 21 მაისს გამოაქვეყნა და მალევე წაშალა, ნათქვამი იყო, რომ ის სიხარულს განიცდის იმის გამო, რომ გარკვეული მოსწავლეების ნახვა აღარ მოუწევს და ამბობს, რომ ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც კი ზარავს:
,,ჩემთვის 26 გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არამხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერთ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს, პირიქით, ვფიქრობ და მიხარია რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა დიდ უმრავლესობას არ ეხება) ზოგიერთი მათგანის სახელის და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემს ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78 წლისას ივარგებ.თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები, თქვენ იცით პირველ რიგში ეს არის მთავარი და არა, ვთქვათ ქიმიამცოდნეობა. თქვენ შეგიძლიათ თავაწეულებმა იაროთ, სიკეთე და ბედნიერება მოუტანოთ თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს, იარეთ, იარეთ, იარეთ, ამინ!"- წერდა სოციალურ ქსელში პედაგოგი.
„საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება“ - ჯანდაცვის მინისტრი
„კორონავირუსის გამო საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება, ვინაიდან არ არსებობს ეპიდემიის საფრთხე,“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იმ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა ამ დროისთვის არ არსებობს.
შეგახსენებთ, საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დღეს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ვირუსი დაუდგინა 50 წლის საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ შემოვიდააზერბაიჯანის გავლით ირანიდან. მამაკაცი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპისთვის მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.